Showing posts with label რითმები. Show all posts
Showing posts with label რითმები. Show all posts

October 21, 2010

გზები


ადამიანებს საზღვრებს იშვიათად ვუშენებ
უფრო სწორად, არასოდეს.
მე გზები გამყავს
და
ვხერგავ
როგორც მთებში
სამუდამოდ მიაქვს გზა მეწყერს.

ცხოვრება კოსმოსია
ჩვენ, ცივილიზებული ჰომოსაპიენსები
უთვალავი სინათლის წლებით დაშორებულები

უბრალოდ, ხანდახან ჩნდებიან ადამიანები
რომლებიც აჩენენ სურვილს,
და
სურვილთან ერთად
ჩნდება გზები
თავისთავადი.

გზები მზისკენ
მზეში
მზე თვალებში
და ეშმაკები
ცხოველური სუნი და ენერგეტიკა

ვუმღერი იავნანას საკუთარ ეკლებს...

October 10, 2010

წვეტები


წაკითხვისთანავე დამწვით
არასაიდუმლო ინფორმაციებით
თარგების გარეშე შეკერილი აზრებით
და
მეამბოხე კედებით.

ვერ მივეჩვიე, რომ სხეული მეჩხუბება
როცა არ ვუჯერებ.

მენანება დრო
დახარჯული ცერემონიებში

არ მენანება არც ერთი წვეთი ენერგია
რაც ოდესმე
ემოციების მოპოვებაში,
გამოწვევაში
და
მოგროვებაში დამიხარჯავს.

ან რატომ ვზივარ და აქ რატომ ვპოსტავ
თითები მექავება უბრალოდ

და

აზრებს ვანაწილებ:

შენ დაიპოსტები

შენ არა

შენ იქით წადი

შენ აქეთ

შენ საერთოდ თავი დამანებე, არ მევასები

შენ მიგჯღაპნი, გაგათავისუფლებ და დაგივიწყებ


შენი კი... ახლა შენი დრო არ მაქვს, შესაფერის სიტუაციაში მობრძანდი
ოღონდ დაკაკუნება არ დაგავიწყდეს
აქსონები ფრთხილად გამოიარე
ნატრიუმკალიუმის ბალანსიც გაითვალისწინე
(ძალიანაც ნუ აურევ)
და
შენი ჭიქაც მოაყოლე
ოღონდ მე სიგარეტს ვეწევი და
როჟები არ დამანახო

დღეს მზეა
და
მიხარია
:)

September 10, 2010

ბზ

წარმოიდგინე ჯადოსნური რვაფეხა
ცისარტყელასფერი საცეცებით
და
ზღვა
ლურჯი, როგორც დედამიწის ოკეანეთი
კოსმოსიდან.
და მე
ვარსკვლავეთში მოლივლივე უსკაფანდრო ნაწილაკი

September 05, 2010

Like a Bird


ცეცხლისფერი თავისუფლება
კოცონი, როგორც თანაავტორი
და
თანამ-ზრახვ-ველი

ჩიტებისთვის სულერთია, საითაა ცა
ტოტს იქით თუ აქეთ
ისინი ყველგან ფრთოსნები არიან
ფრენენ ნება-ზე

ელფებისთვის სულერთია დრო
ისინი მარადიულები არიან
ზუსტად ისევე, როგორც ემოციები
შენახული ჩემი გონების კიდო-ბანებში.

იაპონიაში კი საკურას დღესასწაული აქვთ.

August 20, 2010

იმ ადამიანებს


დედამიწისთვის სულერთია
რამდენი ჭიანჭველა იცხოვრებს ხევებში
რომ ფოთლები უსირცხვილოდ იბადებიან
ხეებში

მე ისევ ისე დავდივარ ჯუნგლებში
და
ემოციაშეკავებული მზერით ვიგერიებ
მდედრ შიმპანზეებს


დალაგებული ოთახები
გალოკილი იატაკები
ჭკვიანური პეროები
შინაგანი უშინაარსობის, უ-აზრ-ობის
და
უწესრიგობის დასაფარად.


გადაუარე პატარა ადამიანს
იქნებ ასე მაინც შეიგრძნო
უსუსურობის და ჩმოროზავრობის მიერ
მიკრომბძანებლობის როლში შესულის
ორწამიანი ორგაზმი
რომელიც გაგაძლებინებს იქ სადაც
თავდახრილი დადიხარ მთელი ცხოვრება
და ქვასანაყს ეძებ
თავმოყვარეობის დასანაყად

არაფერია შენი ცხოვრება
სტატუსების გარეშე
რომელსაც შენვე მიანიჭე უდიდესი მნიშვნელობა
(არარაობას რაობა სახელმა მაინც ხომ უნდა შესძინოს)
მიკროსამყაროს ჩამონგრევის შიში გაიძულებს
ყოველდრე უკმიო გუნდრუკი იმას
რისიც დაიჯერე და მისი სახელით იტანჯები
კიარადა
გამარჯობა
აჰაშენ
ექსტაზი
ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი კმაყოფილი და ბედნიერი.

May 24, 2010

მზე და დედამიწა




როცა დედამიწა მოკვდება
ადამიანები რობოტებად იქცევიან
და
პილატეს საგალობლებს უმღერებენ.
ვულკანებიდან სიცოცხლე ამოჩქეფავს,
სიკვდილს ჩამორეცხავს
დედამიწის გაყინული ქანებიდან,
რომ გაათბოს და
თავიდან შთაბეროს ნაყოფიერება და სიყვარულის უნარი.

ჩემი მუცელი წვეტიანია
ვულკანური კრატერები ფეხს იდგამენ
და
ცვივდებიან პანტაპუნტით
გასრიალებული ციდან.
ჯორდანო ბრუნოსაც სჯეროდა, რომ დედამიწა ბრუნავს
და მეც მჯერა.
ოღონდ
იმას დედამიწა ეგონა და
მე
ჩემივე თავი მგონია.
მზისფერის და მწვანის ჰარმონია
შიგადაშიგ შავი ფერებით.
ასეთია
მზის და დედამიწის
სიყვარულის და სიცოცხლის ისტორია


(C) პერწკლი

February 23, 2010

ემოცია

აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

October 01, 2009

წვიმა მთებში




აბლაბუდებად დახვეული
ნისლები ჩამოწვა მთებში
ხეები იბერტყავს წვიმის წვეთებს.
წვიმით გალუმპული ძაღლი
წკავწკავით იყუჟება ზღუბლთან დაფენილ ძველისძველ,
დაგლეჯილ ტილოზე,
ფეხისსაწმენდად რომ უგულისხმებია თადარიგიან დიასახლისს.
ბუხარში ნაკვერჩხლებად იფერფლება
სურნელოვანი ხეების მონაჭერი
ათასგზის ნაწამები და დაჩეხილი
შეშას რომ ეძახიან.
საკმევლის სუნად იწვის და ცრემლებად ჩამოსდის
წლობით გაგროვები, რუდუნებით დაფერილი
ქარვისფერი დარდები.
ლამპის ალი პარპალებს და ტკაცუნობს
(ისევ წყალი გაურიეს ნავთში ამ წუწურაქმა ვაჭრებმა).
ძაღლი წკავწკავებს
შეშა ტკაცუნობს
გარეთ მთები ტირიან.

(C)პერწკლი

May 29, 2009

ჩემი ხეები


ხეებმა ყველაფერი იციან.
ხეებს ყველაფერი ახსოვთ.
წლობით გვადევნებენ თვალყურს და
ჩუმად ჩაიცინშრიალებენ ხოლმე
ნიავის დაბერვაზე.
აბა ისე მივხვდებით რომ დაგვცინიან
და
დავკომპლექსდებით.

May 02, 2009


მოვა თოვლი და სხვაგან წაიღებს
ამ მიწის დარდს და მიწის საფიქრალს,
რისთვის მოვედით? ე, რას გაიგებ _
მოვა თოვლი და სხვაგან წაგვიყვანს
გოდერძი ჩოხელი.
არ ვიცი რატომ ან საიდან, მაგრამ კი არ ვკითხულობ, "მესმის" კითხვისას, თითქოს ვიღაც ავტორისეული განწყობით კითხულობდეს.
თბილი, სევდიანი და იმედიანი ერთდროულად.

April 23, 2009

როგორც შოთა იათაშვილი იტყოდა

არიან ქალები - უდაბნოები,
ისინი უნდა გადალახო და დატბორო.
არიან ქალები - ჭაობები,
ისინი უნდა ამოაშრო.
არიან ქალები - ლარნაკები,
ისინი წინ უნდა დაიდგა და ათვალიერო,
ხოლო შიგ ჩააწყო შენგან დაკრეფილი ყვავილები,
რომლებიც მალე გაგიხმება და გადაყრი მერე!
არიან ქალები - ტოლჩები,
რომლებიდანაც ვნების წყალი უნდა დალიო,
არიან ქალები - ყრუ კედლები,
მათ უნდა გვერდი აუქციო.
არიან ქალები ხელსახოცები,
ისინი თუკი ერთხელ მაინც გამოიყენეს,
მერე არავის არაფერში არ სჭირდება.
არიან ქალები - გუშინდელი გაზეთები,
მათ არავინ აღარ კითხულობს.
არიან ქალები - ფორმულები,
მათ ძუძუებს დაავიწყდათ
მამაკაცის ტუჩების ელდა.
არიან ქალები - მყუდრო ოთახები,
შეგიძლია შიგ შეხვიდე და მოისვენო,
არიან ქალები - ნიაღვრები,
რომლებიც აქეთ წალეკვას გვიქადიან,
არიან ქალები,
მათ სიყვარულზე ლაპარაკით ვუჭედავთ ყურებს.
არიან ქალები,
რომელთაც სწორედ ამ სიტყვით უნდათ რომ დაგვამარცხონ;
არიან ქალები,
მუდამ ჩვენთან არიან ქალები,
არიან ქალები - რომელთაც გვშობეს,
არიან ქალები - დაგვიტირებენ რომელნიც ბოლოს,
არიან ქალები - ჩვენი შვილები,
ჩვენ მიერვე ჩვენივე ჟინისგან გამოჩორკნილნი,
არიან ქალები . . .
და არიან კიდევ ქალები - პოეტები,
დაღლილნი და ღამეების მარტოობას შეფარებულნი,
ქალები - ტკივილები''თვალების რაფებზე ჩამოწყობილი ცრემლებით,''
ქალები, რომელთაც შეუძლიათ
მამაკაცების ბინძური გულები - ავგიას თვალები
გააღონ ხანდახან, გაანიავონ და გამოწმინდონ,
ქალები, რომელთაც ბაგეებზე პომადის ნაცვლად სცხიათ ლექსები,
ქალები, რომელთა სხეულზეც სუნამოს სურნელი
სურნელია ბალახების, მზის და გვირილის,
ქალები, რომლებიც ყველაზე მეტად და
ყველაზე ნაკლებად არიან ქალები,
ქალები, რომლებიც ვერ გახდებიან ვერც ჩვენი დედები,
ვერც ჩვენი დები, ვერც ჩვენი ცოლები,
რამეთუ ისინი ეკუთვნიან ყველას და არავის,
რამეთუ მათ სუსტ მხრებს აჰკიდეს
ჩვენი ცოდვები და ტკივილები,
რადგან მათ უთხრეს: თქვენ უნდა იყოთ
უდაბნოები - ქალები და კიდევ ქალები ჭაობები და ლარნაკები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - ტოლჩები, ქალები - კედლები,
ხელსახოცები, გუშინდელი გაზეთები და ნიაღვრები,
თქვენ უნდა იყოთ ქალები - მყუდრო ოთახები
და ის ქალები სუყველანი,
რომლებიც ''უბრალო'' ქალები არიან და
ზურგზე მოგდებულ თავიანთ პატარ-პატარა
ტკივილისა და სიხარულის გუდით დადიან,
დადიან და ვერც გუმანობენ, რომ თქვენც არსებობთ,
ტუჩებზელექსებწაყრილი ქალები,
ძალინ დიდხანს ნამალავი და
უნებურად მაინც აშკარად გაცხადებული
პირღია ჭრილობებით,
ქალები - პოეტები,
ლურჯი ზმანებებით
და ''ყელზე გამობმული ღუზით,
რომელიც ზღვაში გახრჩობთ,''
ქალები - პოეტები, რომელთაც ასე ძალიან
მინდა გითხრათ:
დიდი მადლობა და ბოდიში ყველაფრისთვის!

http://pataputina.blogspot.com/ ამ ბლოგიდან მოვიპარე

March 20, 2009

მზეში






მზე რომ დადიოდა
იმ თვალებში
ახლა მხოლოდ დაღლილობაა
და ფიქრები, ბევრი.
მზეს დავაბრუნებდი
რომ შემეძლოს
მაგრამ
ისღა დამრჩენია
ნაპირამდე მივაცილო
და ხელი დავუქნიო
სანამ ნავი
ჰორიზონტს მიეფარება
მზის შესახვედრად.




(c) პერწკლი

February 13, 2009

პარასკევი,13




მეორე კატეგორიის აზრები.
ძილისწინ გაფიქრებული ფიქრები
სიბნელეში ადვილია
საკუთარი თავისთვის თვალის გასწორება
სიბნელეში ხომ არაფერი არ ჩანს.
მე ვარ მზე
მზის დაბნელების ჟამს.
სხეულიდან ამოგლეჯილი ნერვები
და სისხლძარღვები
სურვილებთან გადაწნული კიდია სარკეზე
და ყოველი თვალის შევლებისას
ქირქილით მახსენებენ
თაგვისფერი თმების პატრონი რომ ვარ.
მე ვარ კატა
რომელსაც წყალი უყვარდა...

ბევრი ემოცია უნდა მოვაგროვო,
ცხრა სიცოცხლის მოგონებულ ნივთებს რომ ეყოს.

(c) პერწკლი

February 10, 2009

დახეული ფეხსაცმელი







მე დახეული ფეხსაცმელი მაქვს. ჩემი მეგობარიც, ვისთან ერთადაც მე ეხლა ვცხოვრობ, დახეულ ფეხსაცმელს ატარებს. ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ხოლმე ფეხსაცმელზე, და თუკი მას ვესაუბრები იმ დროზე, როდესაც ცნობილი მოხუცი მწერალი ვიქნები, ის მაშინვე მეკითხება: “და როგორი ფეხსაცმელი გექნება? ” მე ვპასუხობ, რომ მექნება მწვანე ზამშის ფეხსაცმელი გვერდიდან დიდი ოქროს ბალთით.

ისეთი ოჯახიდან ვარ, სადაც ყველას მთელი და მჭიდრო ფეხსაცმელი აცვია. დედაჩემს იმდენი ფეხსაცმელი ჰქონდა, რომ იძულებული გახდა მათთვის ცალკე კარადა გამოეყო. როცა მათთან მივდივარ, ჩემი ფეხსაცმლის დანახვაზე აღშფოთებისა და ტკივილის ხმამაღალ ოხვრას ვერ იკავებენ. მაგრამ მე ვიცი, რომ დახეული ფეხსაცმლითაც შეიძლება ცხოვრება. გერმანელების დროს აქ, რომში, მარტო ვიყავი და ერთი წყვილი ფეხსაცმლის გარდა არაფერი გამაჩნდა. იგი მეწაღესთვის რომ მიმეცა, ორი სამი დღის საწოლში დატარება მომიწევდა, ეს კი ჩემთვის შეუძლებელი იყო. და ასე განვაგრძობდი მათ ხმარებას. წვიმდა, მე კი ვხედავდი, როგორ ირღვეოდა ნელ-ნელა ჩემი ფეხსაცმელი, იტკეპნებოდა და ფორმას კარგავდა, ტერფებით კი ქვაფენილის სიცივეს ვგრძნობდი. ამიტომაცაა, რომ ახლაც ყოველთვის დახეულ ფეხსაცმელს ვატარებ: მახსოვს ის ფეხსაცმელი და მასთან შედარებით სხვა ისეთი დახეული აღარ მეჩვენება. თუ ფული მაქვს, მირჩევნია იგი სხვა რამეში დავხარჯო, რადგან ფეხსაცმელს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. წინანდელმა ცხოვრებამ გამათამამა: ყოველთვის ნაზი ყურადღებითა და სითბოთი ვიყავი გარშემორტყმული. იმ წელს კი პირველად აღმოვჩნდი მარტო აქ, რომში. ამიტომაცაა რომი ჩემთვის ძვირფასი მიუხედავად მძიმე დროისა, სევდიანი მოგონებებისა და იშვიათი ტკბილი საათებისა. ჩემს დაქალსაც დახეული ფეხსაცმელი აცვია, ამის გამო ერთად კარგად ვართ. მას არავინ ჰყავს, ვინც ფეხსაცმელს შეუკეთებს: მხოლოდ ერთი ძმა, რომელიც სოფელში ცხოვრობს და მონადირის ჩექმებით დადის. ჩვენ კარგად ვიცით, როგორია, როდესაც წვიმს, ფეხები კი შიშველი და სველია, ფეხსაცმელში წყალი შედის, და ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ჭყაპუნი ისმის, თითქოს რაღაცას ავლებენო.
ჩემს მეგობარს ფერმკრთალი და კაცური სახე აქვს, იგი შავ ჩიბუხს ეწევა. როდესაც იგი პირველად დავინახე – მაგიდასთან მჯდომი იდუმალი ბრაზიანი სახით, კუს რქოვანის მრგვალი სათვალითა და კბილებში გაჩრილი ჩიბუხით – ჩინელი გენერალი მეგონა. მაშინ არ ვიცოდი, დახეული ფეხსაცმელი თუ ჰქონდა. ეგ მოგვიანებით გავიგე.
ერთმანეთს მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ვიცნობთ, მაგრამ ისეთი გრძნობა გვაქვს, თითქოს უკვე მრავალი წელია მეგობრები ვართ. ჩემს დაქალს შვილები არ ჰყავს, მე კი მყავს, და ეს მას უცნაურად ეჩვენება. მას ისინი არასდროს უნახავს, მხოლოდ სურათზე, რადგან ისინი დედაჩემთან ცხოვრობენ პროვნციაში. ასევე ის, რომ მას ჩემი შვილები არასდროს უნახავს, ძალიან უცნაურია. სინამდვილეში მას არანაირი პრობლემა არ აქვს, შეუძლია ცდუნებას აჰყვეს და ეს ცხოვრება წყალს გაატანოს, მე კი არ შემიძლია. ჩემი შვილები დედაჩემთან ცხოვრობენ და დახეული ფეხსაცმელი ჯერ არ აქვთ. მაგრამ ნეტავ როგორები იქნებიან, როცა გაიზრდებიან? მინდოდა მეთქვა: ნეტავ როგორი ფეხსაცმელი ექნებათ, როცა გაიზრდებიან? რომელ გზას აირჩევენ თავიანთი ნაბიჯებისათვის? გადაწყვეტენ გამორიცხონ თავიანთი სურვილებიდან ყველაფერი, რაც სასიამოვნოა, მაგრამ არა აუცილებელი, თუ გადაწყვეტენ, რომ ყოველივე აუცილებელია, და ადამიანს უფლება აქვს ფეხზე მთელი და მჭიდრო ფეხსაცმელი ეცვას?
მე და ჩემი მეგობარი ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორი იქნება სამყარო, როდესაც მე ცნობილი მოხუცი მწერალი ვიქნები, ის კი ჩინელი გენერალივით ზურგზე ხურჯინმოკიდებული ივლის, როცა ჩემი შვილები თავიანთ გზას დაადგებიან მთელი და მჭიდრო ფეხსაცმლით, მყარი ნაბიჯით ივლიან მსგავსად იმისა, ვინც უარს არაფერზე ამბობს, ან დახეული ფეხსაცმლით – ფართე და აპათიური ნაბიჯებით, მსგავსად იმისა, ვინც იცის ის, რაც აუცილებელი არ არის.ზოგჯერ ჩვენ ვაწყობთ ქორწილებს ჩემი შვილებისა და მისი ძმის შვილებს შორის, იმ ძმის, სოფელში რომ დაიარება მონადირის ჩექმებით. ასე ვსაუბრობთ ხოლმე გვიან ღამემდე, თან მუქ და მწარე ჩაის ვსვავთ. ერთი საწოლი და ერთი ზამბარებიანი ლეიბი გვაქვს, ამიტომ ყოველ საღამოს კენჭს ვყრით, რომ გადავწყვიტოთ, თუ რომელი ჩვენგანი დაიძინებს საწოლზე. დილით, როცა ვიღვიძებთ, ჩვენი დახეული ფეხსაცმელი ხალიჩაზე გველის.
ზოგჯერ ჩემი მეგობარი ამბობს, მუშაობა ყელში ამომივიდა, და ეს ცხოვრება ჭირსაც წაუღიაო. ამბობს, რომ სადმე დუქანში ჩაიკეტებოდა, რათა მთელი თავისი დანაზოგი დაელია, ან კიდევ საწოლში ჩაწვებოდა და არაფერზე აღარ იფიქრებდა, ყველაფერს თავის ნებაზე მიუშვებდა. ამბობს, რომ ამას მაშინ იზავს, როცა მე წავალ. იმიტომ რომ ჩვენი ერთობლივი ცხოვრება ცოტა ხანს გასტანს. მალე მე წავალ, დედაჩემთან და ჩემს შვილებთან დავბრუნდები სახლში, სადაც დახეული ფეხსაცმლის ტარების ნებას აღარ მომცემენ. დედაჩემი ჩემზე ზრუნვას თავის თავზე აიღებს, ამიკრძალავს ქინძისთავების ხმარებას ღილების ნაცვლად და გვიან ღამემდე წერას. მე კი, ჩემი მხრიდან, ჩემს შვილებზე ვიზრუნებ, დავძლევ ამ ცხოვრების წყლისთვის გატანების ცდუნებას. დავბრუნდები, რათა დღევანდელისაგან განსხვავებული, სერიოზული და მზრუნავი ადამიანი გავხდე, ისეთი, როგორიც ყოველთვის ვხდები, როცა მათთან ერთად ვარ, ადამიანი, რომელსაც ჩემი მეგობარი სინამდვილეში არ იცნობს.

საათს შევხედავ ხოლმე და დროს გავუწევ ანგარიშს, ვიქნები ფრთხილი და დაკვირვებული ყველაფერში, ყურადღებას მივაქცევ, რომ ჩემს შვილებს ყოველთვის თბილი და მშრალი ფეხები ჰქონდეთ, იმიტომ რომ სანამ შესაძლებელია, ასე უნდა იყოს, ბავშვობაში მაინც. იქნებ იმისთვის, რომ მერე დახეული ფეხსაცმლით ისწავლონ სიარული, სანამ ბავშვები არიან, თბილი და მშრალი ფეხები უნდა ჰქონდეთ.


ნატალია ზინგბურგი.
ერთი გოგონა გამახსენა ამ ნაწერმა, არა, არ გამახსენა, მასზეა ეს ნოველა, ოღონდ არც ავტორმა იცის ეს და არც მისმა პერსონაჟმა, რომელიც ახლა აქ, თბილისში ცხოვრობს.

January 25, 2009

.....


ბრუნავს დედამიწა და კოცონის გარშემო
ვარსკვლავების ანარეკლი ირეკლება ნაპერწკლებად.
მე ისე მჯეროდა რომ დედამიწა ცისფერია
დავეშვი ზედ და
ჯერაც არ დამიჯერებია რომ
ფეხსაცმელი ტალახით მაქვს დასვრილი.
ტალახი არ შეიძლება იყოს სუფთა.
ყოველდღე, სახლიდან რომ გამოვალ, ცაში ვიყურები
იქნებ გაახსენდეს ვინმეს იქ
რომ მე ცისფერ პლანეტაზე გავიქეცი
და სახლში დამაბრუნონ.
იქნებ...


(c) პერწკლი

January 06, 2009

გაიღვიძე



გაიღვიძა სხეულმა
გაიღვიძა და გაიზმორა.
ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადი
და ბუსუსუნებზე შემორჩენილი სიმყუდროვე.
სიმშვიდე რომელიც მყუდროებით იწყება
და
ნელ-ნელა ედება მთელ სხეულს,
თეთრ კედლებზე ორნამენტები იხატება
ვნებიანი ემოციების კვალი
რომელსაც ალბათ ვინმე იგრძნობს
და სახელს დაარქმევს.
გაიღვიძა სხეულმა

(c) პერწკლი

November 25, 2008

კლდეზე.......


ჩვეულებრივი მთვარე ამოვა
და გაქრებიან თეთრი ფიქრები.
ამ ყრუ ადგილას ვინმე სხვა მოვა
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.

და სულის ლანდი ისევ გაჩნდება,
და ისევ მოვა დღე შერიგების.
ვიცი, ამ კლდეზე ვინმე დაჯდება
მაშინ, როდესაც მე არ ვიქნები.
ტერენტი გრანელი.
რატომღაც ძალიან მომინდა, ჩემი საყვარელი ადგილები ჩემთან ერთად გაქრეს დედამიწიდან.
მაშინ ისინი სამუდამოდ ჩემი იქნებიან.
მხოლოდ ჩემი მოგონებების ნაწილი
და
მეტი არავისი.

October 12, 2008

...


მზიანი ფერებით
თუ მოგეფერები.
მომხვიე ხელები და
ჩუ!
თავი დამადე და
შემისუნთქე,
შემიგრძენი
როგორც შემოდგომას
გრძნობენ ხოლმე ყვითელი ფოთლები.

October 02, 2008

...

გაუბედავი მცდელობების
პირველი შედეგები
ყოველთვის მცდარია ხოლმე
მიუხედავად იმისა
რამდენ ენერგიას და მონდომებას აქსოვ შიგ.
ბლაჰ

September 26, 2008

...


თქვენ ერთად დგახართ,
ხოლო როდესაც მე მოვდივარ,
ჩვენ ვდგავართ მერე.
მე მივდივარ და ისევ თქვენ რჩებით.

თქვენ, რამდენიც არ უნდა იყოთ
მე თუ მოვედი
თქვენ ვეღარ დგახართ
მერე ჩვენ ვდგებით.
და უფრო მეტიც, როდესაც დგანან ხოლმე ისინი
მე მათთან მივდივარ,
და მაინც ჩვენ ვდგავართ.
ასე თანდათან ვაცნობიერებ
ჩემს ზებუნებრივ შესაძლებლობებს.
და რა საოცარია,
როდესაც ის იღიმის
მე კი შემიძლია მივიდე მასთან და
გამოვიყვანო,
რომ ჩვენგან ერთ-ერთი იღიმის.
განწყობებს ასე თავად ვირჩევ
ჩვენ ხომ, ასეთი გადამდებია.
უცნაურია რომ მე ჩვენ შემიძლია.
და შემიძლია, ეს მარტივად და
ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.