Showing posts with label (С)პერწკლი. Show all posts
Showing posts with label (С)პერწკლი. Show all posts

March 22, 2011

სიკვდილი


სიკვდილი

წამიდან წამამდე,
ფიქრიდან ფიქრამდე,
ტირილიდან სიცილამდე,
ხელისკვრიდან ჩახუტებამდე,
სექსიდან ორგაზმამდე,
კონდიცირებული ოფისებიდან
მწვანებალახიან მინდვრებამდე,
კარტოფილი ფრი-დან ზღვის პროდუქტების სალათებამდე,
მზიდან მთვარემდე,
ვარსკვლავებიდან გალაქტიკებამდე,
ანტარქტიდიდან სიკვდილის ველამდე,
ბერმუდის სამკუთხედიდან სეიშელის კუნძულებამდე,
სამოთხიდან ჯოჯოხეთამდე,
ღრუბლებიდან ტალახიან გუბეებამდე,
წვიმიდან თოვლამდე,
გოგენის ტაიტელი ქალებიდან ლეონარდოს მონა ლიზა-მდე,
ბავშვობიდან სიბერემდე,
მთებიდან ბარამდე,
დედამიწიდან მშობელ მიწამდე.

ლალალალა........

ხეები-როგორც უკვდავთა სამყაროს აჩრდილები,
თაობიდან თაობამდე,
ბალახიდან ყვავილამდე,
გაზაფხულიდან გაზაფხულამდე,
ჩვილის ტირილიდან მატლებდასეულ ძვლამდე.

ლალალალა.......


სადაც სიკვდილი, იქაც სიცოცხლე, სი-ცოცხლ-ე, სი-ცოც(ვ)-ხლე.

ბრუნავს დედამიწა, უკიდეგანო სივრცეებში გამოკიდებული, სიკვდილისთვის განწირული ცოცხალი არსებებით
და ჩვენ გვგონია რომ მყარად ვდგავართ მასზე.

ლალალალა........

March 05, 2011

ყაყაჩო


ჩვენ გვიყვარს და გვედარდება ადამიანები, როლებიც გვტკენენ
ჩვენ ვტკენთ ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ და ვედარდებით
ალბათ იმიტომ რომ
ვინც გიყვარს, იმასთან ის ხარ, ვინც ხარ
და
ჩვენ ძალიან იშვიათად ვართ კარგები
ხოლო როცა კარგები ვართ
მაინც მოგვეძებნება საქციელები
რომლებითაც ვტკენთ მათ, ვინც გვიყვარს.


მე არ მჯერა სიტყვის "მიყვარხარ"
და არასოდეს არ მითქვამს
პირველის გარდა, რომელიც უკანასკნელი გახდა.

მე თქვენ არასოდეს არ გეტყვით რომ "მიყვარხარ"
იმიტომ რომ
სისულელეა
სასაცილოა
და
ყალბად ჟღერს
(ყოველშემთხვევაში, ჩემგან).

მე შეიძლება მიყვარდეს ბალახში წოლა, ხეზე ჯდომა,
დახუჭულ თვალებში შემოპარული მზე...

ადამიანები, უბრალოდ, ვეგუებით ერთმანეთს
როგორც გასაღები და კლიტე
სიყვარულის სახელით
ალბათ იმიტომ რომ
გავართლოთ, რატომ ვართ ადამიანებთან
რომლებიც
გვტკენენ
თუნდაც უნებურად
თუნდაც ხანდახან
თუნდაც სინანულით და მონანიებით
და
თუნდაც თვლიდნენ რომ ჭრილობიდან ჩიქრია ამოსაღები
ადგილობრივი ანესთეზიის გარეშე
ჩვენ მაინც არ გავრბივართ

ვრჩებით

და როცა ვერ ვხვდებით, რატომ ვრჩებით

სიყვარულის სახელით ვამართლებთ
საკუთარ თვალებში
რომლებშიც მზეეები დადიან მაშინ
როცა მასთან ვართ,
ვინც გვტკენს
ხოლმე
ხანდახან
და
ნებ-უნებურად.

February 27, 2011

აქა ამბავი უსაკიუსისა და პუსანდარიუსისა


იყვნენ და არა იყვნენ, ალუჩაზე უკეთესები მაიცნ ვერ იყვნენ, მაგრამ არაუშავს, ესენიც ხოლე ხილები არიან, ხოდა

იყო რამდენიმე მწვანე ვაშლი, აქედან ერთი-უსაკიუსი ვაშლის ხეს გამობმოდა და ვაშლზევე სახლობდა, მეორე-პუსანდარიუსი კიდევ რატომღაც ტყემალზე იყო გაზრდილი და ამის გამო ისე იყო ამჟავებული და ისეთი მჟავე ხასიათი ქონდა, ყველაზე დიასახლისური დიასახლისიც რომ ვერ გააგემრიელტყემლისსაწებელებდა.

უსაკიუსს ძალიან უყვარდა ბლინები, განსაკთრებით მარწყვისარომატიანი, მოიმარაგებდა ჩიტების ნისკარტებიდან ჩამოკრეფილ მარწყვებს, ყვავილის მტვრისგან ცომს მოზილავდა, საფუარად რამდენიმე ხოჭოს წვენს ჩააწურავდა და მზეზე მიფიცხებულ ფოთლებზე გამოაცხობდა.

საქმეს რომ მორჩებოდა, ჩამოჯდებოდა ტოტზე ყუნწიდან ოფლის მოსაწმენდად, ამასობაში გადმოირბენდა პუსანდარიუსი, შეახრამუნებდა ფოთოლზე გასაგრილებლად შემოდგმულ ბლინებს და გადაიპარებოდა უკან ისე, რომ ერთ ცალსაც კი არ დატოვებდა უსაკიუსისთვის.

უსაკიუსმა ითმინა, ითმინა და რომ ვეღარ მოითმინა პირდაპირ ტყემლის ხეზე ისკუპა. ცოტაარიყოს მსუქანი ვაშლი იყო, ფეხი დაუცდა და წვეტს წამოეგო. ვაი-ვიშში რომ იყო, რაღა მეშველებაო, პუსანდარიუსმა ხმა გაიგო და ფუღუროდან გამოაკითხა (სულ დამავიწყდა მეთქვა, პუსანდარიუსი ლამის ყვავის ხნისა გახლდათ, უხსოვარ დროს მოწყვეტილ-დაჩამიჩებული), ვაშა, სტუმარი მომსვლიაო.
--"სტუმარი კიარადა, ბლინები დამიბრუნე დროზე თორემ გავფშიკე ყუნწიო"-შესტირა უსაკიუსმა.
--"ამ ჩემს ყუნწსო,"- მიუგო პუსიკიუსმა.

ამასობაში ბლის ხიდან ბარბარისიკიუსმა ისკუპა, მალამო მოუსვა უსიკიუსს ჭრილობაზე, თავისთან წაიყვანა, დარიჩინიანი ფუნთუშები აჭამა, ზღაპრები მოუყვა და ტკბილად დააძინა.

:დედასვფიცავარსიცხეარმაქვს:

October 21, 2010

გზები


ადამიანებს საზღვრებს იშვიათად ვუშენებ
უფრო სწორად, არასოდეს.
მე გზები გამყავს
და
ვხერგავ
როგორც მთებში
სამუდამოდ მიაქვს გზა მეწყერს.

ცხოვრება კოსმოსია
ჩვენ, ცივილიზებული ჰომოსაპიენსები
უთვალავი სინათლის წლებით დაშორებულები

უბრალოდ, ხანდახან ჩნდებიან ადამიანები
რომლებიც აჩენენ სურვილს,
და
სურვილთან ერთად
ჩნდება გზები
თავისთავადი.

გზები მზისკენ
მზეში
მზე თვალებში
და ეშმაკები
ცხოველური სუნი და ენერგეტიკა

ვუმღერი იავნანას საკუთარ ეკლებს...

October 10, 2010

წვეტები


წაკითხვისთანავე დამწვით
არასაიდუმლო ინფორმაციებით
თარგების გარეშე შეკერილი აზრებით
და
მეამბოხე კედებით.

ვერ მივეჩვიე, რომ სხეული მეჩხუბება
როცა არ ვუჯერებ.

მენანება დრო
დახარჯული ცერემონიებში

არ მენანება არც ერთი წვეთი ენერგია
რაც ოდესმე
ემოციების მოპოვებაში,
გამოწვევაში
და
მოგროვებაში დამიხარჯავს.

ან რატომ ვზივარ და აქ რატომ ვპოსტავ
თითები მექავება უბრალოდ

და

აზრებს ვანაწილებ:

შენ დაიპოსტები

შენ არა

შენ იქით წადი

შენ აქეთ

შენ საერთოდ თავი დამანებე, არ მევასები

შენ მიგჯღაპნი, გაგათავისუფლებ და დაგივიწყებ


შენი კი... ახლა შენი დრო არ მაქვს, შესაფერის სიტუაციაში მობრძანდი
ოღონდ დაკაკუნება არ დაგავიწყდეს
აქსონები ფრთხილად გამოიარე
ნატრიუმკალიუმის ბალანსიც გაითვალისწინე
(ძალიანაც ნუ აურევ)
და
შენი ჭიქაც მოაყოლე
ოღონდ მე სიგარეტს ვეწევი და
როჟები არ დამანახო

დღეს მზეა
და
მიხარია
:)

September 10, 2010

ბზ

წარმოიდგინე ჯადოსნური რვაფეხა
ცისარტყელასფერი საცეცებით
და
ზღვა
ლურჯი, როგორც დედამიწის ოკეანეთი
კოსმოსიდან.
და მე
ვარსკვლავეთში მოლივლივე უსკაფანდრო ნაწილაკი

September 05, 2010

Like a Bird


ცეცხლისფერი თავისუფლება
კოცონი, როგორც თანაავტორი
და
თანამ-ზრახვ-ველი

ჩიტებისთვის სულერთია, საითაა ცა
ტოტს იქით თუ აქეთ
ისინი ყველგან ფრთოსნები არიან
ფრენენ ნება-ზე

ელფებისთვის სულერთია დრო
ისინი მარადიულები არიან
ზუსტად ისევე, როგორც ემოციები
შენახული ჩემი გონების კიდო-ბანებში.

იაპონიაში კი საკურას დღესასწაული აქვთ.

September 02, 2010

ემოციები

არაფერია იმაზე მარადიული და ძვირფასი

ვიდრე ემოციები

როგორიც არ უნდა იყოს ისინი

წამიერი

ხანგრძლივი

ერთნაირად ილექება სადღაც, იქ, შიგნით

ჩემი ემოციურ ბიბლიოთეკაში

აღვწერ მორიგ ემოციას

გავაემოციურგავასულიერებ

გავაგონიერებ

და

კმაყოფილი

რომ ჩემს ცხოვრებას შეუძლია

კიდევ ერთი ემოციით იამაყოს

მშვიდად შევინახავ მისთვის განკუთვნილ უჯრაში.


August 29, 2010

ისინი



იბადებიან ისინი
მეშვიდე ციდან.
ლილითი ბოლთას სცემს ედემის კუთხეში და
აბოლებს სიგარეტს სიგარეტზე.
დაიცალა ემოციებად,
ნაწილ-ნაწილ გამოზიდეს დედამიწაზე
ლილითის წილ-ნაწილები,
გაწინწილებული თაობებზე...
დააჩნდა ლაქებად მზისფერ სხეულზე
დაკარგული ნაწილები
სულის ღილაკები დაკარგული,
ბაღიდან სივრცისთვის გაწირულთავისუფლებული.
თუ იპოვით, არ დააბრუნოთ
საშიშია

August 23, 2010

კადრებზე და ადამიანებზე

ჩუმად გადაღებული კადრები
კადრში მოხვედრილი ადამიანები
უცხო ცხოვრებისთვის წართმეული
თითო წამი
ნეტა რამდენ ბედს იტევენ ჩემი კადრები...
ან ის მაინც თუ იცით,
ცხოვრება რომ მოგპარეთ
ჩარჩოებში მოვაქციე
და სახელი დავარქვი
ემოცია მოვარგე
ფერები შევურჩიე
როლები დავარიგე
სცენარი თავიდან დავწერე
გონებაში ბევრჯერ გადავათამაშე
და
ძველ, მივიწყებულ ფოლდერებში მოგათავსეთ
ათასში ერთხელ მტვერის გადასაწმენდად რომ შეიხედავ და მივიწყებულ კადრებს იპოვი
კიარადა
....

August 20, 2010

იმ ადამიანებს


დედამიწისთვის სულერთია
რამდენი ჭიანჭველა იცხოვრებს ხევებში
რომ ფოთლები უსირცხვილოდ იბადებიან
ხეებში

მე ისევ ისე დავდივარ ჯუნგლებში
და
ემოციაშეკავებული მზერით ვიგერიებ
მდედრ შიმპანზეებს


დალაგებული ოთახები
გალოკილი იატაკები
ჭკვიანური პეროები
შინაგანი უშინაარსობის, უ-აზრ-ობის
და
უწესრიგობის დასაფარად.


გადაუარე პატარა ადამიანს
იქნებ ასე მაინც შეიგრძნო
უსუსურობის და ჩმოროზავრობის მიერ
მიკრომბძანებლობის როლში შესულის
ორწამიანი ორგაზმი
რომელიც გაგაძლებინებს იქ სადაც
თავდახრილი დადიხარ მთელი ცხოვრება
და ქვასანაყს ეძებ
თავმოყვარეობის დასანაყად

არაფერია შენი ცხოვრება
სტატუსების გარეშე
რომელსაც შენვე მიანიჭე უდიდესი მნიშვნელობა
(არარაობას რაობა სახელმა მაინც ხომ უნდა შესძინოს)
მიკროსამყაროს ჩამონგრევის შიში გაიძულებს
ყოველდრე უკმიო გუნდრუკი იმას
რისიც დაიჯერე და მისი სახელით იტანჯები
კიარადა
გამარჯობა
აჰაშენ
ექსტაზი
ცხოვრებაში ერთხელ მაინც იყავი კმაყოფილი და ბედნიერი.

May 24, 2010

მზე და დედამიწა




როცა დედამიწა მოკვდება
ადამიანები რობოტებად იქცევიან
და
პილატეს საგალობლებს უმღერებენ.
ვულკანებიდან სიცოცხლე ამოჩქეფავს,
სიკვდილს ჩამორეცხავს
დედამიწის გაყინული ქანებიდან,
რომ გაათბოს და
თავიდან შთაბეროს ნაყოფიერება და სიყვარულის უნარი.

ჩემი მუცელი წვეტიანია
ვულკანური კრატერები ფეხს იდგამენ
და
ცვივდებიან პანტაპუნტით
გასრიალებული ციდან.
ჯორდანო ბრუნოსაც სჯეროდა, რომ დედამიწა ბრუნავს
და მეც მჯერა.
ოღონდ
იმას დედამიწა ეგონა და
მე
ჩემივე თავი მგონია.
მზისფერის და მწვანის ჰარმონია
შიგადაშიგ შავი ფერებით.
ასეთია
მზის და დედამიწის
სიყვარულის და სიცოცხლის ისტორია


(C) პერწკლი

February 23, 2010

ემოცია

აღარ მჯერა ხელისგულების

იტყუებიან

უსირცხვილოდ და უნამუსოდ

ისე, რომ

არც კი უტოკდებათ

სინდისის ხაზი.

ყოველდილა

ლოგინიდან გამომძვრალი

ვიყურები სარკეში და

ორეულს ვაკვირდები-

ვერ ვცნობ

და მერამდენედ ვირწმუნებ თავს,

რომ

ამ უცხო გოგოს ანარეკლი

მე ვარ.

ხანდახან

მზად ვარ

საკიდიდან ჩამოვხსნა ჩემი მწვანე ქუდი,

და

უკანმოუხედავად წავიდე

იქ, სადაც

ზამბარებს უფრთხილდებიან.

October 01, 2009

წვიმა მთებში




აბლაბუდებად დახვეული
ნისლები ჩამოწვა მთებში
ხეები იბერტყავს წვიმის წვეთებს.
წვიმით გალუმპული ძაღლი
წკავწკავით იყუჟება ზღუბლთან დაფენილ ძველისძველ,
დაგლეჯილ ტილოზე,
ფეხისსაწმენდად რომ უგულისხმებია თადარიგიან დიასახლისს.
ბუხარში ნაკვერჩხლებად იფერფლება
სურნელოვანი ხეების მონაჭერი
ათასგზის ნაწამები და დაჩეხილი
შეშას რომ ეძახიან.
საკმევლის სუნად იწვის და ცრემლებად ჩამოსდის
წლობით გაგროვები, რუდუნებით დაფერილი
ქარვისფერი დარდები.
ლამპის ალი პარპალებს და ტკაცუნობს
(ისევ წყალი გაურიეს ნავთში ამ წუწურაქმა ვაჭრებმა).
ძაღლი წკავწკავებს
შეშა ტკაცუნობს
გარეთ მთები ტირიან.

(C)პერწკლი

July 13, 2009

მზეს უმზირები


მზეს უმზირები
ვერ ვეცქირები
ზოგიერთ მზერას.
ხანდახან რა ადვილია გაჩუმება
რა ადვილია
სულ ერთი წამი და
გაჩერდება დედამიწა.
ხანდახან რა ადვილია გაჩუმება
როცა სიტყვები არაფერს ნიშნავს
სიტყვების გარდა
და მზე
არ ბრუნავს დედამიწის გარშემო.
ხანდახან ისეთი ადვილია ნაბიჯის გადადგმა
არსაით.
(c) პერწკლი

July 10, 2009

ციმ-ციმ

ყველას თავისი წილი ცა აქვს
და
თავისი წილი ვარსკვლავი
ჰხომდა
ვისი ვარსკვლავები მზეებია
ვისი ვარსკვლავები გალაქტიკები
და
იმ გალაქტიკებში
უამრავი სხვა ვარსკვლავია თურმე.
ვარკვლავები არ ციმციმებენ
ვიცი
მაგრამ
უნდა ვთხოვო
იციმციმონ რა
ჩემთვის.
რა იცი, რა ხდება
ჩვენ გვჯერა ფერიების :)

June 21, 2009

ბზზზზზ

ამასწინათ სიზმარში ვნახე
როგორ უნდა მოვმკვდარიყავი,
რათა
სხვას ეცოცხლა
და რომ გამომეღვიძა,
გამიხარდა
რომ
მე ცოცხალი ვიყავი
ის სხვა კი
ვირტუალურად
მაგრამ მაინც
ვერასოდეს იცხოვრებდა.
ჰხომდა
რა ქვია ამას
ეგოიზმი თუ
სიცოცხლის სიყვარული იმდენად
რომ
არავის გულისთვის არ მსურდა, მოვმკვდარიყავი
თუნდაც ის ვიღაც
ჩემი გაგრძელება ყოფილიყო.

რა ცუდი ადამიანი ვყოფილვარ
თურმე...

May 29, 2009

ჩემი ხეები


ხეებმა ყველაფერი იციან.
ხეებს ყველაფერი ახსოვთ.
წლობით გვადევნებენ თვალყურს და
ჩუმად ჩაიცინშრიალებენ ხოლმე
ნიავის დაბერვაზე.
აბა ისე მივხვდებით რომ დაგვცინიან
და
დავკომპლექსდებით.

May 09, 2009

ცდუნება



მე აქ ვდგავარ,
მწვანე უფსკრულის პირას
ჰაერში თბილა და ზაფხულის სუნია.
ისეთი ადვილია გადახტომა
ერთი ნაბიჯი ჰაერში და
უსასრულობაში
გაფრინდები
ოღონდ თურმე
მტკივნეულად უნდა გასკდეს გული ჰაერში და
მე კიდევ ტკივილი არ მიყვარს
თუ გულის გასკდომა არ ტკივათ?
არადა ისეთი ადვილია
ისეთი მაცდურია
სულ ერთი ნაბიჯი
თავისუფლებამდე

March 20, 2009

მზეში






მზე რომ დადიოდა
იმ თვალებში
ახლა მხოლოდ დაღლილობაა
და ფიქრები, ბევრი.
მზეს დავაბრუნებდი
რომ შემეძლოს
მაგრამ
ისღა დამრჩენია
ნაპირამდე მივაცილო
და ხელი დავუქნიო
სანამ ნავი
ჰორიზონტს მიეფარება
მზის შესახვედრად.




(c) პერწკლი