October 01, 2009

წვიმა მთებში




აბლაბუდებად დახვეული
ნისლები ჩამოწვა მთებში
ხეები იბერტყავს წვიმის წვეთებს.
წვიმით გალუმპული ძაღლი
წკავწკავით იყუჟება ზღუბლთან დაფენილ ძველისძველ,
დაგლეჯილ ტილოზე,
ფეხისსაწმენდად რომ უგულისხმებია თადარიგიან დიასახლისს.
ბუხარში ნაკვერჩხლებად იფერფლება
სურნელოვანი ხეების მონაჭერი
ათასგზის ნაწამები და დაჩეხილი
შეშას რომ ეძახიან.
საკმევლის სუნად იწვის და ცრემლებად ჩამოსდის
წლობით გაგროვები, რუდუნებით დაფერილი
ქარვისფერი დარდები.
ლამპის ალი პარპალებს და ტკაცუნობს
(ისევ წყალი გაურიეს ნავთში ამ წუწურაქმა ვაჭრებმა).
ძაღლი წკავწკავებს
შეშა ტკაცუნობს
გარეთ მთები ტირიან.

(C)პერწკლი

No comments: