Showing posts with label ზაფხული. Show all posts
Showing posts with label ზაფხული. Show all posts

January 26, 2012

თავგადასავლების მაძიებლები

მიუხედავად იმისა, რომ 
  • მზე ყველგან ერთნაირად ამოდის და ჰაერი ყველგან ერთი და იგივე აირებისაგან შედგება, 
  • მთები ყველგან მთებია და ცხოველები ყველგან ერთ ენაზე "ლაპარაკობენ", 
  • ბალახი ყველგან მწვანეა და ერთნაირი სუნი აქვს, 
  • საქართველოს ყველა სოფელი და ევროპის ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს გავს
ჩვენ მაინც ვდგებით, ვალაგებთ ჩემოდნებს, ზურგჩანთებს, ვკრავთ ბოხჩებს, ვჯავშნით თვითმფრინავების მატარებლებს, ვაჩერებთ გამვლელ მანქანებს, ვადგებით გზებს და უვალ ბილიკებს.
არადა, გზები ყველგან ერთნაირია.

მაგალითად, ეს შუამთის გზას გავს, რომ არა ზედმეტად სუფთა და ყვითლად დაზოლილი სავალი ნაწილი, ვიფიქრებდი, რომ ისა...


ეს ალავერდის გავლით ალვანში რომ მიდიხარ, ის გზაა, ალვებჩარიგებული. ბავშვობაში, მანქანით რომ მივდიოდით, სულ მეგონა , რომ იქ, ბოლოში, გზა ვიწროვდებოდა და ხეები გვეღობებოდა.



გზა ვაშლოვანისკენ, მოსაწყენი, უბედური, სწორზე სწორი, ერთი ფუნჩხა ბალახის ან ბუჩქის გარეშე


ვაშლოვანი ზამთარში, გადატრუსული, შოკოლადისფერი და ქარვისფერი დიუნები.


მანავი, კახეთი. ზუსტად ასეთი გაბარჯღული ხეებია გადმოფარებული გზაზე.


აბასთუმნის სერპანტინები, ნისლიანი, საშიში, უგზო-უკვლოდ დახვეული.


ეს სურათიც მაგონებს რომელიღაც უკვე ნანახ სურათს, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერაფრით...



თუშები თვლიან, რომ თუშეთი ყველაზე ლამაზი მხარეა საქართველოში. მე ვეთანხმები. არა იმიტომ, რომ ეს ასეა, ნწ, ის ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორც ხევსურეთი, სვანეთი ან ზანავი-ნუნისი. უფრო მეტიც, თუშეთის გზის რაღაც ნაწილი ზუუუუსტად ისეთივეა, როგორც ხევსურეთის.

უბრალოდ, მე იქაური ვარ. ესაა და ეს.

მე პოლინეზიის არქიპელაგის ნახვა მინდა. ერთი კონკრეტული კუნძულის-ფატუ-ჰივასი. ფატუ-ჰივას მეზობელია ტაიტი, არა, კი გამიხარდება საგზურის მიღება მანდ, მაგრამ ტაიტიზე ჩასული აუცილებლად ჩავალ ფატუ-ჰივაზეც, და ქვას წამოვიღებ, რომელიც იმით განსხვავდება იმ რიყის ქვისგან, რომელიც ჩემს ეზოში გდია, რომ მასზე შეიძლება ოდესღაც ტურ ჰეირდალმა დააბიჯა.

მწერალი გაცილებით უკეთესად დაწერდა ალბათ ამაზე

მე კი უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ პწიჩკებს სვამს უკვე ნანახი აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ, ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება დაადგე გზას ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული მიზანი.

January 24, 2012

მოდი, მოვკვდები

როცა თითის წვერებში ჟრუანტელები მივლიან, ესეიგი, საქმე ძალიან ცუდადაა, ამიტომ დროა ავდგე და საკუთარ თავს გავეცალო.
გზას დავადგე, ვიარო, ძალიან ბევრი, იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი.
მერე ისევ ავდგე და გზა გავაგრძელო.

იქ, სადაც ხეები მწვანეა
ცა ლურჯი
ადამიანები ამ სიმწვანეში და სილურჯეში ითქვიფებიან, ირევიან და საკუთარ თავებს ისე კარგად კარგავენ, რომ მერე სულ სხვა ვინმეებს პოულობენ.


ნუნისი

იქ, სადაც ყველა ერთ- საკუთარი თავის გადამრჩენთა კასტას მიეკუთვნება
და პარიები
თავისთავად ვარდებიან გზის პირას დაჭაობებულ ტალახებში.



თუშეთი

სათაფლია

ქუთაისი

ხარაგაული

  • ბალახის სუნი მომენატრა.
  • ზაფხულის მწველ მზეზე, მიწაზე წოლა და ზაფხულის ხმები.
  • ფეხის თითზე შემოცოცებული ჭიანჭველა.
  • ფეხისგულების ტკივილი, ხმელ მიწაზე გავლისას.
  • ცივ მდინარეში ჭყაპუნი.
  • ძალაგამოლეულად ფერდობზე დაფერთხება და ზურგჩანთის მოუხსნელად ქიშმიშის ძებნა, გასაკვნეტად.
ხარაგაული


ტყე ,მდინარე

ბანაკი ნუნისში

თუშეთის დაკარგული ბილიკი

Fuck Off

  • თმა, გადაწეული და კეფაზე გამოკვანძული.
  • თმის საჭერი, საქამრეზე შებნეული და რეზინი, მაჯაზე გაკეთებული, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, რა ხდება.
  • უცნობი მასპინძლის მიერ მოდუღებული ყავა.
  • გზის პირას დგომა გაშვერილი ხელით, ავტოსტოპის მოლოდინში.
  • დღეები, როცა არ იცი, სად დაგიღამდება, როგორ, რანაირად...
  • მოლოდინების ჟრუანტელები და კითხვა: "რა ჩავალაგო"  ზურგჩანთის ყველა ჩალაგებისას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენედ ისა...



მოდი, მე ახლა მოვკვდები
და
ზაფხული რომ მოვა, გამომაღვიძე
მითხარი, რომ მზე ამოვიდა,
რომ დროა ჩანთა ჩავალაგო და

ბილიკებს შევუყვე.


როდემდე?
სანამ ცოცხალი ვარ, დასასრულამდე.

სადამდე?
თავგადასავლამდე, სიკვდილამდე, სიყვარულამდე.

რისთვის?
საკუთარი თავის გადასარჩენად.

ისუნთქე, პერ, ისუნთქე.

January 24, 2010

კვირის ფავორიტები

დილით რომ გამოძვრები კარავიდან, გაჩეჩილი, დილის სუსხი დაგკრავს, მზეზე დგახარ და თვალმოჭუტული გრძნობ, ნელ-ნელა როგორ გითბება სხეული და სისხლი იწყებს მოძრაობას. ჰაერი ცივია, სუფთა და "სველი". პირს იბან მდინარეზე, გაშრობა გეზარება, ან ჩემსავით პირსახოცი დაგრჩა და სახეს ისევე მზეს უშვერ, მერე კოცონზე ადუღებული ჩაიდანიდან ყავას ისხამ რკინის "კრუშკაში" და პარალონზე მჯდომი, ტყის შრიალის ფონზე ფეხის თითებით წყვეტ ბალახებს, დილობ თვალი გაუსწორო ლურჯ ცას და ამასობაში საბოლოოდ იღვიძებ.
მომენატრა, ბლინ!

July 24, 2009

სიმინდი, დიდი ბებია, შალაფა და ბავშვობა ერთ ფლაკონში


ბიცოლაჩემის სიმინდის ყანა, სოფელში,შარშან.
რა ბედნიერი სახე მაქვს ლოლ, ნანდული სოფლის ჩასუქებული ვარიასავით გოგო ვარ :D

ახლა სანამ ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე კიარადა სიმინდი იწვის, იდაგება და იხარშება, ნამ.


თურმე ეს გენიალური მცენარე ასე 8000 წლის წინ მოუშინაურებიათ მექსიკაში, რომელი მცენარისგან, ეს სხვა და გრძელი საკითხია, არც ისე საინტერესო, სამაგიეროდ საინტერესოა ის, რომ მაიას ტომის კალენდარი მთლიანად ამ მცენარის სასიცოცხლო ციკლზეა დაფუძნებული და საერთოდაც მეზოამერიკული კულტურების განვითარებაში ლომის წვლილი მიუძღვის, იმიტომ, რომ მიწათმოქმედების მთავარი ობიექტი გახლდათ.

მეთხუთმეტე საუკუნეში კოლუმბმა პირველად ჩაიტანა ამ მცენარის თესლები ევროპაში ( თუნდაც ამის გამო ღირდა ამერიკის აღმოჩენა) და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებშიც დაიწყეს მოშენება, შემდეგ, მეჩვიდმეტე საუკუნეში რუსეთშიც შემოვიდა და შედეგად, საქართველოში, დაბოლოს, 1990-იან წლებში ჩემემდეც მოაღწია იმ ინფორმაციამ, რომ არსებობს ისეთი გემრიელი რაღაც, როგორიცაა სიმინდი.

ბევრისთვის სიმინდი ალბათ ზღვასთან ასოცირდება, ჩემთვის კი სოფელში, ბებიაჩემისეული ძველ სახლში რომ ოთახი იყო, ცემეტის იატაკით და ბუხრით, იმ ოთახთან. პატარა ოთახი იყო, შიგ ერთი მაგიდა, ძველისძველი დამტვერილი კარადა და ხისგან გაკეთებული მასიური ოთხფეხა ტახტი ეტეოდა. ოთახის ბოლოში ბუხარი იყო მოწყობილი და ცემენტისგანვე ჩამოსხმული პრიმიტიული ჭურჭლის ნიჟარა, ყველაზე ნაკლებად კი გავდა ნიჟარას, მარა ფუნქცია კი ქონდა იგივე. ერთი ბეწო ფანჯარაზე გისოსი იყო დამაგრებული და კარი გასაღების მაგიერ ურდულით იკეტებოდა, ზედ კოდიანი ბოქლომი ედო. ამ ოთახში დიდი ბებია ცხოვრობდა, დედაჩემის ბებია ანუ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს დაბადებამდე კაი ხნით ადრე მოკვდა, ასემგონია, რომ ვიცნობდი მოხუც ქალს, მუდმივად შავებში ჩაცმულს, რომელიც ბუხრის წინ ზის, მარტო, გვერდით კატა უწევს და ქინდას ქსოვს. თავშალი თვალებზე აქვს ჩამოფხატული და იქიდან ჭაღარა თმის ღერებია გამოჩრილი. შეშა ტკაცატკუცობს, კატა კრუტუნებს, ჯაჭვე ჩამოკიდებულ გამურულ ქვაბში რაღაც იხარშება.

ისეთი ზღაპრული იყო ბავშვობაში ეს პატარა ოთახი, იმდენი საინტერესო წვრილმანი ელაგა კარადაში და თან ვერაფრით ვერ ვხვდებოდი, რატო ერჩივნა ამ კედლებშელესილ ოთახში ცხოვრება მეორე სართჲლზე ორ მშვენიერ, მოხატულ ოთახს და უუუზარმაზარ აივანს. ისეთი აივანი მეტი აღარსად აღარ მინახავს, სულ ხის, ხისავე რიკულებით, იმსისქე მოაჯირით, რომ თავისუფლად ვეტეოდით ზედ მე და ჩემი წიგნი, მკვახე ვაშლი და მარილი. დარწმუნებული ვარ, სახლი რომ დაიშალოს, იმ აივნის ფიცრებს არაფერი მიუვა, იმდენად კარგი და მასიური ხისგანაა ნაკეთები.

ხო, ეს ყველაფერი იმას მოვაყოლე, რომ ყოველ ზაფხულს სოფელში ვატარებდი,ხეხილიან-ყველაფრიან ეზოში,ხოდა სიმინდი რომ შემოვიდოდა, ბებია აიღებდა ზეძალიანსუსტ დენის პლიტას, ალბათ თქვენც გქონიათ, მრგვალი დასადები რომ აქვს და გაცხელების გარდა ყველაფერს აკეთებს, დადგავდა ზედ უზარმაზარ ქვაბს და მთეეეელი დღე უნდებოდა სიმინდი მოხარშვას. 13-14 წლამდე მეგონა, რომ სიმინდის მოხარშვას მართლა ამდენი დრო უნდა. მე კიდევ კბილებაკაწკაწებული, ყოველწუთას შევრბოდი, მივყნოს-მოვყნოსავდი არომატებს, ჩავიჭყიტებოდი ქვაბში და ბებიაჩემის შეძახილის ფონზე "აცალე გოგო რ იქნება ჯერ" გულდაწყვეტილი გამოვიდოდი და ურდულს გავაჩხაკუნებდი... და ასე, სანამ არ მოიხარშებოდა და ყველაზე დიდი და გემრიელი ტარო ჩემი არ გახდებოდა, რომ მარცვალ-მარცვალ ამეკენკა და გამომეზოგა რაც შეიძლებოდა დიდხანს. ახლაც ასეთი ჭამის მანერა მაქვს, სათითაო მარცვალს ვაწყვეტ, მარილს ვაყრი და ისე ვუშვებ პირისკენ.


ნედლი სიმინდიც მიჭამია, ჭყინტი ტაროები მოვკრიფეთ ერთხელ და პირდაპირ ვჭამეთ, გემრიელია, მოტკბო გემო დაკრავს და პირს ცოტა "ქლეშავს". ანუ კარალიოკს რო აქვს რაღაც ეგეთი მოგდის, მარა ეს სასიამოვნოა. სოფელში სიმინდის ყანა გვქონდა ხოლმე ,ადრე ბებია თვითონ უვლიდა, მერე და მერე მეზობლებს აძლევდა "სანახევროზე", ანუ ის ამუშავებს და შენ წლის ბოლოს 1/3-ს გაძლევს მოსავლის, ხოდა ისე მიყვარდა ეს ოხერი სიმინდი, ვიპარავდი ხოლმე დამიდიოდა მერე ბებიაჩემის ჩხუბი და ჩემი " ხო რა იყო წავალ იმ კაცს/ქალს ფულს მივცემ, აბა უკან ხო არ მივაბამ და საერთოდაც ნუ გამოართმევ წლის ბოლოს სიმინდებს და ეგ იქნება!!"

შემწვარი სიმინდიც მიყვარდა, წელიწადში ერთხელ მქონდა მაგის ჭამის ბედნიერება, არაყს როცა ვხდიდით, დავკრიფავდით ხოლმე და ვტუცავდით ნაცარში, ისე ნეტა რატო არ მტკივდებოდა მუცელი, დაენახა დედაჩემს, რას ვჭამდი, საწყალი ალბათ გადაირეოდა, ექიმთან გამაქანებდა, მოიწამლა უშველეთო : ))


სიმინდი დაგიცეხვიათ? სავარაუდოდ არა..... შემოდგომაზე მოიტანენ და დაყრიან ბეეეეეეეეევრ სიმინდის ტაროებს გასაშრობად, ჩვენ დიდ აივანზე სულ მოფენილი იყო ხოლმე იატაკი და კოჭებამდე დავაბოტებდი და დავგორ-ძრომიალობდი ამ სიმინდებში (9-12 წლის ალბათ ),ბევრჯერ კისრის მოტეხვას ვარ გადარჩენილი, ძალიან ცურავს ერთმანეთზე, ჰმ. კარგად როცა გაშრებოდა, მოქონდათ საცეხველა. წარმოიდგინეთ სპორტულ დარბაზში რომ გრძელი სკამებია, იმას რომ დაუმაგრო ხორცსაკეპი მანქანა, ოღონდ ეს მანქანა როცხის დაკეპვის მაგიერ ტაროებს აცლის მარცვლებს და ნაქუჩალს ტოვებს. ხელის რამდენიმე მოქნევა, "ჩხრრრრრრრ" ხმა და ერთი ტარო გაცეხვილია.. და ასე ბოლომდე, სანამ ყველა არ გაიცეხვება და ფერად-ფერადი მარცვლებით არ მოიფინება იქაურობა. მმმმ, რა გემრიელია, ხელებს რო ამოურევ შიგ, მნამ. დიდებს ძალიანაც არ ეხალისებოდათ ხოლმე, ზატო მე და ჩემი მეზობელი გოგო ვხოცავდით ერთმანეთს, ვინ მეტს გაცეხვავდა.


სიმინთან დაკავშირებით ერთი ტრაგიკული ისტორიაც გადამხდა თავს, მოგეხსენებათ ძალიან წვერბასრა კიდეები აქვს ერთ სარეველას, სახელად შალაფას, იზრდება სიმინდებში და მოკლედ ერთ-ერთი დამალობანას თანაშის დროს კაი გემრიელად გამოვკარი ხელი და საჩვენებელი თითი გავიჭერი. ნუ კაი ,გავიჭერი, დავიკიდე, არც არავინ მომხედა, ვის რაში ადარდებს სოფელში შენი გაჭრილი თითი, შეგიხორცდება, არ მოკვდები, ხოდა სიკვდილი არა მარა ისეთი ანთება წავიდა, თბილისში გავუხდი წამოსაყვანი, ისე მტკიოდა, ვყვიროდი, კედლებზე დავსეირნობდი. მემგონი იმის მერე მეზიზღება შემწვარი ხახვი, თითზე მადებდნენ და... მოკლედ, მარცხენა ხელის საჩვენებული თითის ერთი სახსარი დღესაც არ მუშაობს : )))


თითები მეტკინა და ამასობაში მემგონი მოიხარშა კიდეც ,წავალ დავაყუმბარებ.
ბევრ, ნარჩევ და გემრიელ ტაროებს გისურვებთ, მომავალ პოსტამდე : )))

April 07, 2009

უსათაუროდ


ზაფხულში მუხლამდე ყვავილებიან მინდორში რომ შეხვალ და გულაღმა დაწვები, გრძნობ როგორ გეღვრება მზე სხეულში.
სიცხით გათანგული მწერების ბზუალი და გათელილი ბალახის და მიწის სურნელი, ერთმანეთში არეული.
მოჭუტული თვალებიდან წამწამებს მიღმა დანახული ლურჯი და ღრუბლები, რომლების მუდმივად სადღაც მიიჩქარიან ზაფხულობით.
სოფელში, შუადღის ბუღს გამოქცეული ფეხშიშველა რომ გახვალ ბოსტანში, სიმინდის კვლებში ლობიოს და გოგრებს შორის ალაგ-ალაგ გაბნეულ კიტრის ხვიარებში რის ვაი-ვაგლახით რომ იპოვი სამიოდ პაწუკა, ხორკლიან კიტრს, მიწას გააცლი, მერე პამიდორებს მოწყვეტავ, დაჯდები რუვის პირას, თხილის და ვაშლის ხების ჩრდილში, რუვთან მუდმივად გრილა, ფეხებს ააჭყაპუნებ და ჯერ ისევ თბილ და მოტკბო პამიდორს გაკბეჩ, სპეციფიკური სუნი რომ ასდის ფოთლის.

არ მშურს იმ ადამიანების ვისაც ბავშვობაში ზაფხულები სოფელში არ გაუტარებიათ, ფეხშიშველებს არ ურბენიათ, ხეებზე არ უძრომიალიათ და ნამდვილი სოფლის ბავშვივით არ უცხოვრიათ. ზაფხულობით ყოველ წელს სოფელში მგზავნიდნენ ბებიასთან, იმას სულ არ ედარდებოდა დედაჩემის ბავშვის ბამბაში შეფუთვნის მეთოდიკა და მათოხნიებდა, კოლორადოს ხოჭოებს მაკრეფინებდა, კარტოფილიც ამომიღია და ხორბალიც გამირეცხავს. სიმინდიც დამიცეხვია. ტურტლიანი ფეხებით წყაროზე მირბენია და საერთოდაც იქაურებისგან თუ არ გავირჩეოდი, იმათზე ნაკლები ნამდვილად არ ვიყავი.

მაშინ გული მწყდებოდა რას მერჩიან თქო და ახლა მიხარია, რომ ასეთი "სოფლური" ზფხულები მქონდა.

საიდან გამახსენდა არ ვიცი, ალბათ უფრო იმიტომ ,რომ აღდგომებზე სოფელში უნდა ჩავიდეთ და საფლავებზე გავიდეთ,ბიცოლასთან მივდივართ, მერე რა რომ იქ ისე ვარ როგორც საკუთარ სახლში, იქ კი სადაც ჩემი წინაპრები ასაფლავია, ჩემი სახლი აღარ დგას. არადა ვერ ვიტანდი იქ ყოფნას, რაც წამოვიზარდე, ჩასვლისთანავე გამოქცევაზე ვიყავი, იმდენად არ მომწონდა მეზობლური სიტუაცია, ახლა კი ვნანობ, ერთი მაინც დაგვეტოვებინა...

ოდესმე ფული თუ მექნა, აუცილებლად ვიყიდი რომელიმე მივარდნილ სოფელში პატარა სახლს.

February 26, 2009

ჩემი ზაფხულის ზაფხულები












































aauau

ფასხული მინდა მზე მინდა პახოდში მინდა წყალში ტოპვა მიდნა და ბევრიბევრი ბუნება მინდა.
ბალახზე წოლა მინდა, კანის ჯანსაღი ფერი მინდა, ფხოტიალი მინდა ბორიალი ბორჯრნიალი

და

რავიცი ასე შემდეგ და თან სუ კაი ხალხთან ერთად

უფფფფ

ისადა ეს ჩანთა ასე რატოა ნეტავ გადახრილი უცნაურად

უნდა გავასწორო რამენაირად ;9

February 15, 2009

ზაფხული,მზე,პამიდორი










კიტრი-პამიდორის სალათა, მწვანილებით, რეჰანით, ყველით და ზეთით...
ანდა, ძალიან რომ გცხელა-გშია და სახლში შესული პამიდორს, ყველს და შავი პურის ნაჭერს რომ აიღებ...

პამიდორის გარეშე ზაფხულში ალბათ ფეხებს გავფშეკდი შიმშილით, ვერაფერს ვერ ვჭამ როცა ცხელა ამ სალათის გარდა.
სოფლის პამიდორი მიყვარს, ბიცოლას უდგას და რომ ჩავდივარ პირდაპირ ბუჩქიდან მოწყვეტილი,ჯერ ისევ სპეციფიკური სურნელი რომ დაკრავს, ოდნავ თბილია მზისგან და მოტკბო, აუუუ, :ჟრუანტელ:

ზაფხულო,მოი რა დროზეე : ((