Showing posts with label ზღვა. Show all posts
Showing posts with label ზღვა. Show all posts

January 26, 2012

თავგადასავლების მაძიებლები

მიუხედავად იმისა, რომ 
  • მზე ყველგან ერთნაირად ამოდის და ჰაერი ყველგან ერთი და იგივე აირებისაგან შედგება, 
  • მთები ყველგან მთებია და ცხოველები ყველგან ერთ ენაზე "ლაპარაკობენ", 
  • ბალახი ყველგან მწვანეა და ერთნაირი სუნი აქვს, 
  • საქართველოს ყველა სოფელი და ევროპის ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს გავს
ჩვენ მაინც ვდგებით, ვალაგებთ ჩემოდნებს, ზურგჩანთებს, ვკრავთ ბოხჩებს, ვჯავშნით თვითმფრინავების მატარებლებს, ვაჩერებთ გამვლელ მანქანებს, ვადგებით გზებს და უვალ ბილიკებს.
არადა, გზები ყველგან ერთნაირია.

მაგალითად, ეს შუამთის გზას გავს, რომ არა ზედმეტად სუფთა და ყვითლად დაზოლილი სავალი ნაწილი, ვიფიქრებდი, რომ ისა...


ეს ალავერდის გავლით ალვანში რომ მიდიხარ, ის გზაა, ალვებჩარიგებული. ბავშვობაში, მანქანით რომ მივდიოდით, სულ მეგონა , რომ იქ, ბოლოში, გზა ვიწროვდებოდა და ხეები გვეღობებოდა.



გზა ვაშლოვანისკენ, მოსაწყენი, უბედური, სწორზე სწორი, ერთი ფუნჩხა ბალახის ან ბუჩქის გარეშე


ვაშლოვანი ზამთარში, გადატრუსული, შოკოლადისფერი და ქარვისფერი დიუნები.


მანავი, კახეთი. ზუსტად ასეთი გაბარჯღული ხეებია გადმოფარებული გზაზე.


აბასთუმნის სერპანტინები, ნისლიანი, საშიში, უგზო-უკვლოდ დახვეული.


ეს სურათიც მაგონებს რომელიღაც უკვე ნანახ სურათს, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერაფრით...



თუშები თვლიან, რომ თუშეთი ყველაზე ლამაზი მხარეა საქართველოში. მე ვეთანხმები. არა იმიტომ, რომ ეს ასეა, ნწ, ის ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორც ხევსურეთი, სვანეთი ან ზანავი-ნუნისი. უფრო მეტიც, თუშეთის გზის რაღაც ნაწილი ზუუუუსტად ისეთივეა, როგორც ხევსურეთის.

უბრალოდ, მე იქაური ვარ. ესაა და ეს.

მე პოლინეზიის არქიპელაგის ნახვა მინდა. ერთი კონკრეტული კუნძულის-ფატუ-ჰივასი. ფატუ-ჰივას მეზობელია ტაიტი, არა, კი გამიხარდება საგზურის მიღება მანდ, მაგრამ ტაიტიზე ჩასული აუცილებლად ჩავალ ფატუ-ჰივაზეც, და ქვას წამოვიღებ, რომელიც იმით განსხვავდება იმ რიყის ქვისგან, რომელიც ჩემს ეზოში გდია, რომ მასზე შეიძლება ოდესღაც ტურ ჰეირდალმა დააბიჯა.

მწერალი გაცილებით უკეთესად დაწერდა ალბათ ამაზე

მე კი უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ პწიჩკებს სვამს უკვე ნანახი აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ, ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება დაადგე გზას ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული მიზანი.

October 19, 2010

როგორ შემიყვარდა ზღვა


ჩემი ბლოგი- ჩემი ციხესიმაგრე.
მე ახალი ზოდიაქო მაქვს- პერწკლის
და
ოჯახში მემგონი ერთადერთი ვარ, რომელსაც ჭორფლები არ აქვს და უნდა, რომ ქონდეს (როგორც წესი პირიქითაა ხოლმე)
ერთადერთი ვიპოვე ღაწვზე და ვუფრთხილდები თვალისჩინივით.

დოდკა წერდა რომელიღაც პოსტში, მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ბადრიჯანი არ მიყვარდაო, მერე გასინჯა და აღმოაჩინა რომ უყვარდა.

მე მესამე კლასის მერე მეგონა, რომ ზღვა არ მიყვარდა, გამძაფრებას ხელი მესამე კურსზე ე.წ. ბიოლოგიების პრაქტიკებმა შეუწყეს, როცა დამატებით აღმოვაჩინე რომ არც გადაჭედილ პლაჟზე "ზაგარზე წოლა" მომწონდა, არც ბათუმის ქვიანი პლაჟი და არც გადაძეძგილ ბუნგალოებში რამის წრუპვა . აი მომკალი და 5-ზე მეტი ადამიანი თუა გარშემო უცხო, კუ ,რვაფეხა და კიბო ერთად მემართება. 10 დღე გაძლებაზე ვიყავი...

ამის მერე გავიდა 3-4 წელი და მე, ანდროგვანცა და წივწივა რაჭაში წავედით და საბოლოოდ გრიგოლეთში ამოვყავით თავი. სულაც არ მინდოდა, მარა როცა სამ კაცს უნდა, მეოთხემ უნდა მოკეტოს, ხოდა როცა იქით წასვლა გადაწყდა ამოვიჩარე ჩანთა და წავჩანჩალდი. გამოუძინებლები ჩავედით, გზის გასწვრივ დიდი ჩანთებით დასაბანაკებელი ადგილი ვეძებეთ და როცა საბოლოოდ დავჯექით ქვიშაზე, შემცივნულს და ნესტიანი ჰაერით ცხვირგამოტენილს ერთადერთი სურვილი მქონდა: "სახლში მინდა"!

მერე ნელ-ნელა მზე ამოვიდა, ტანსაცმელები გავიხადეთ, კარავი ავაშენეთ, ცხელ ქვიშაზე გავიარეთ, გამორიყული შეშები მოვაგროვეთ, გამოვიძინეთ, ვიბანავეთ, მზის ჩასვლა ვნახე, საღამოს ზღვის პირას კოცონზე ადუღებული ჩაი დავლიე, ზღვისხმაურიან კარავში დავიძინე და სულაც აღარ მინდოდა სახლში.


მერე იყო გაზაფხული, წვიმიანი და უკაცრიელი ბათუმის ბულვარი, სარფისკენ მიმავალი გზის პირას დაცემული კარავი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მე მიყვარს ზღვა, ოღონდ არა ისე, როგორც "უნდა გიყვარდეს".

ის ცოცხალია , სუნთქავს, შენი ენერგია მიაქვს და სანაცვლოდ ფუსთას გიბრუნებს, ოღონდ უნდა იცოდე, როდის მიხვიდე.

ნამდვილი ზღვა სტიქიაა, ნაცრისფერი, მოქუფრული ცის ქვეშ დიდი ტალღებით და მარილიანშხეფებიანი ქარით. ნამდვილ ზღვაზე დიდი გემები დადიან და კლდოვან სანაპიროებს ბრაზიანი ტალღები ეხეთქება, იქ სულ მუდამ ცივა, მაშინაც კი, როცა მზეა და ადამიანები ჩაფუთნულები დადიან.

ხოდა მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ საწყალი ზღვა ამდენი ადამიანის ხელში თქო.