January 24, 2012

მოდი, მოვკვდები

როცა თითის წვერებში ჟრუანტელები მივლიან, ესეიგი, საქმე ძალიან ცუდადაა, ამიტომ დროა ავდგე და საკუთარ თავს გავეცალო.
გზას დავადგე, ვიარო, ძალიან ბევრი, იქამდე, ვიდრე დაღლილობისგან არ დავეცემი.
მერე ისევ ავდგე და გზა გავაგრძელო.

იქ, სადაც ხეები მწვანეა
ცა ლურჯი
ადამიანები ამ სიმწვანეში და სილურჯეში ითქვიფებიან, ირევიან და საკუთარ თავებს ისე კარგად კარგავენ, რომ მერე სულ სხვა ვინმეებს პოულობენ.


ნუნისი

იქ, სადაც ყველა ერთ- საკუთარი თავის გადამრჩენთა კასტას მიეკუთვნება
და პარიები
თავისთავად ვარდებიან გზის პირას დაჭაობებულ ტალახებში.



თუშეთი

სათაფლია

ქუთაისი

ხარაგაული

  • ბალახის სუნი მომენატრა.
  • ზაფხულის მწველ მზეზე, მიწაზე წოლა და ზაფხულის ხმები.
  • ფეხის თითზე შემოცოცებული ჭიანჭველა.
  • ფეხისგულების ტკივილი, ხმელ მიწაზე გავლისას.
  • ცივ მდინარეში ჭყაპუნი.
  • ძალაგამოლეულად ფერდობზე დაფერთხება და ზურგჩანთის მოუხსნელად ქიშმიშის ძებნა, გასაკვნეტად.
ხარაგაული


ტყე ,მდინარე

ბანაკი ნუნისში

თუშეთის დაკარგული ბილიკი

Fuck Off

  • თმა, გადაწეული და კეფაზე გამოკვანძული.
  • თმის საჭერი, საქამრეზე შებნეული და რეზინი, მაჯაზე გაკეთებული, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი, რა ხდება.
  • უცნობი მასპინძლის მიერ მოდუღებული ყავა.
  • გზის პირას დგომა გაშვერილი ხელით, ავტოსტოპის მოლოდინში.
  • დღეები, როცა არ იცი, სად დაგიღამდება, როგორ, რანაირად...
  • მოლოდინების ჟრუანტელები და კითხვა: "რა ჩავალაგო"  ზურგჩანთის ყველა ჩალაგებისას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მერამდენედ ისა...



მოდი, მე ახლა მოვკვდები
და
ზაფხული რომ მოვა, გამომაღვიძე
მითხარი, რომ მზე ამოვიდა,
რომ დროა ჩანთა ჩავალაგო და

ბილიკებს შევუყვე.


როდემდე?
სანამ ცოცხალი ვარ, დასასრულამდე.

სადამდე?
თავგადასავლამდე, სიკვდილამდე, სიყვარულამდე.

რისთვის?
საკუთარი თავის გადასარჩენად.

ისუნთქე, პერ, ისუნთქე.

December 30, 2011

აწ უკვე ჩავლილი ბოდიალობები

2011 წლის დასასრულს გახსნილად ვაცხადებ

და

გავლილი წლის ერთი სიტყვით დახასიათების უფლება რომ მქონდეს, ვიტყოდი, რომ ეს იყო გამოღვიძება.

დართლო

ზუსტად ვიცი, რომ თუშეთით უნდა დავიწყო. წასვლის წინ იმდენი ემოცია მქონდა, ვერ მოვითმინე და გამოსამშვიდობებელი პოსტი დავწერე. მერე იყო ყველაზე ექსტრემალური მგზავრობა ჩემს ცხოვრებაში, მერე კი, დართლოდან დიკლოში მეცხვარის ბილიკით მიმავალს გზა ამერია და ალბათ 8-10 საათი ვიარე... დათვს სახლში ვესტუმრე (არ დაგვხვდა), მდინარეზე გადებული ფარატინა ხიდი ოთხით გადავიარე და დიკლოში ღამე მისულს იმის ძალაღა მეყო, საძილე ტომარა გამეშალა და შიგ შევმძვრალიყავი. დიკლოში.. რაც იყო, კარგი იყო, საკუთარი ხელით მოხვეული ხინკლებიც, დილის შხაპი და დილის ყავის პირველი ყლუპი დაღესტნის მთების ფონზე

ასე არც ერთი ლაშქრობიდან დაბრუნება არ გამჭირვებია, თითქოს გული დავტოვე იქ. და დღემდე, როცა ძალიან ცუდად ვარ, მთის ქონდრის ჩაის ვიკეთებ, თუშურ მელოდიებს ვრთავ, რასაც თუშეთში ვუსმენდი. და მშველის, ყოველთვის.

თუშეთი ზაფხულში იყო, მაგრამ მანამდე ვიყავი გარეჯში, მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრიანში, ამჯერად საბერეებიც ვნახე, რომელიც რამდენიმე წელში ალბათ აღარ იქნება, იმდენად მყიფეა და მიტოვებული.
სადღაც, ტყეში

მაისში გადავწყვიტე, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, დედაბერას მთის გავლით, ნუნისში ჩავსულიყავი. (მეოთხე ბილიკი). ეს იყო ყველაზე ცივი ლაშქრობა, სადაც ოდესმე ვყოფილვარ.(სიცივეს ვერ ვიტან).  დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შევინარჩუნე სიმშვიდე მაშინ, როცა ნისლიან და თოვლიან ტყეში, სრულიად სველი ფეხსაცმელით აღმართ-დაღმართ სრულიად უმიზნოდ დავბოდიალობდი, დაკარგული. სრულ სიბნელეში რომ ჩავაღწიეთ იქამდე და გამოვიცვალე, გავშრი და კეთილმა ადამიანმა მომცა ყავა და მე ვსვამდი და ვიყავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და მშრალი ადამიანი. მომდევნო ორი დღე იყო სრული რელაქსაცია, სიმღერა, ქეიფი და ისა.

ყაყაჩოებიანი მინდორი ვნახე კიდევ. არასოდეს არ გაჩერდეთ დიდხანს  ასეთ ადგილას, კინაღამ წერილი წავიღე.
პანორამების ბილიკზე

ივნისში კიდევ ერთი შანსი მივეცი ბორჯომ-ხარაგაულის პარკს და ანდრია პირველწოდებულის, ანუ ე.წ. პანორამების ბილიკი გავიარე. ზღაპრულად ლამაზი იყო მართლა. ჩამოვჯექი სადღაც, რომელიღაც კლდეზე და სიმსუბუქის, თავისუფლების, სილაღის და ბედნიერების შეგრძნებამ იმდენად ამავსო, რომ ტირილი დავიწყე ჩემდაუნებურად.

აგვისტოში, სრულიად სპონტანურად ავდექი და გზას დავადექი ოთხ ადამიანთან ერთად, ისე, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. არ ვიცი იმათ როგორ, მაგრამ მე ძალიან კარგი მოგონებები შემომრჩა. თუმცა დავასკვენი, რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი სხვა სამყაროა და მიწისქვეშა მოგზაურობები ძალიან მომწონს.სათაფლია და ყუმისთავის მღვიმეები.
მუცო

შატილში და მუცოზეც  ვიყავი.ძალიან დიდხანს აღარ წავალ, სანამ დაიაურების ტრაგედია სულ ცოტათი მაინც განაკლებადმტკივნეულდება იქაურებისთვის.

ბახმაროში ვიყავი, გზადაგზა ზღვაც მოვინახულეთ...

წვრილ-წვრილი ამბები
  • წელს ორი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, სამუდამოდ. გარდაიცვალნენ.არ მინდა ამაზე წერა საჯაროდ.
  • ძალიან ბევრი ახალი, კარგი, ლამაზი, საინტერესო და საყვარელი ადამიანი გავიცანი, მდედრობითი სქესის, საიდუმლო ჯგუფი გვაქვს და გაგვაქვს და გამოგვაქვს. რამდენიმე ადამიანისგან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, არაოსდეს დამავიწყდება.
  • ტრენინგებზე დავიწყე სიარული, სინტონში, თუ სინტონზე, თუ.. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ძალიან მომწონს. (მადლობა დოდის და კიდევ იმათ).
  • ზოგადად, წელს სოციალურად გაცილებით უფრო აქტიური წელი მქონდა. 
  • გამოვიღვიძე
  • *****************************************************************
ახალი სიცოცხლე

წელს სკვინჩა კიარადა მარიამი გაჩნდა, პატარა მარიკო, სამეგობროს პირველი შვილი.

ხვალ უკვე ახალი წელია, სახლში სრული ქაოსია, ყველაფერი ყირაზე, საქმე უამრავი, დრო ძალიან ცოტა (მეგონა, რომ ახალი წელი ზეგ იყო, არ მკითხოთ, რატომ).

საყვარელო სანტა, მომიტანე სიმშვიდე, ჰარმონია, დამიბრუნე საკუთარი თავი, ბევრი დრო იმისთვის და იმათთვის, რაც/ვინც მიყვარს. ბევრგან მაბოდიალე, (ავტოსტოპი/ზურგჩანთა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მირჩევნია, თუ მაინცადამაინც დაკონკრეტება მოგესურვება). საინტერესო ადამიანები გამაცანი, ბევრი დადებითი და სიხარულიანი ემოცია მაჩუქე, გარკვეულობა დამიბრუნე და საკუთარ სურვილებში მინდა გავერკვიო კიდევ, ოღონდ ეს ალბათ შენი კი არა, ჩემი გასაკეთებელია.


ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე გადავიღე

მე მაინც ძალიან მიყვარხარ და ფანჯრის რაფაზე რძე და პეჩენიები გელოდება.

December 18, 2011

მუხტებზე, მზეზე, დედამიწაზე




ისტორია პირველი

ერთხელ, შემთხვევით facebook-ზე რაღაც საიდუმლო და დახურულ ჯგუფში აღმოვჩნდი, მივიხედ-მოვიხედე, მოვშინაურდი, ფეხი მოვირთხი და დაკვირვებას შევუდექი.

ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ ჯგუფში გაერთიანებული ადამიანების ნაწილს უკვე ვიცნობდი, ნაწილზე უკვე გამეგო რამე, ნაწილი კი მაშინღა აღმოვაჩინე.

და მერე დაიწყო... ჭუკჭუკი, ინფორმაციის გაცვლა, რჩევები, გასაჭირში გვერდზე დადგომები, ერთმანეთის წეწვა-გლეჯვა და მეორე წუთას კრუტუნი.

ერთხელაც ერთმა გოგომ ინფორმაცია დადო იმაზე, რომ მზიანი სახლის პიროვნული განვითარების ტრენინგები (სინტონი) იწყებოდა და რომ "იქ თავზე ხელს არავინ გადაგისვამთ, ეს იქნება ნამდვილი სახის ახევა". იმ პერიოდში თვითგვემის ხასიათზე ვიყავი, ამიტომაც შევავსე განაცხადი.

ისტორია მეორე

მოგეხსენებათ, ბავშვებზე და წვრილშვილიან დედებზე არ ვგიჟდები. არ მომწონს ის კრუხული დამოკიდებულება, რასაც ძალიან ხშირად ვხედავ გარშემო და უბრალოდ, გვერდზე გავდივარ ხოლმე, it`s not my business და ვთვლი, რომ ჩემი ცხვირი უნდა გავწიო რაც შეიძლება შორს და საფუძვლიანად.

ერთხელ, რომელიღაც ფორუმის რომელიღაც რიგით ექსკურსიაზე წავედი და ისე მოხდა, რომ წვრილ და გვერდისვერაქცევად ბილიკზე ვიღაც ორი გოგოს უკან მოვხვდი. ერთ-ერთი მათგანი თავის ორ პატარა ბავშვზე ლაპარაკობდა, იმაზე, როგორ უჭირდა და როგორ ასწავლა ძალიან პატარებს დამოუკიდებლად ჩაცმა, ჭამა და საერთოდაც, როგორ აჩვევდა დამოუკიდებლობას + თვითონ იმარტივებდა ცხოვრებას და ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა არც გავღიზიანდი, არც გამეცინა, არც გვერდზე გადახვევა მომინდა. "not bad, not bad" გამომეტყველებით ვიქნევდი თავს გონებაში. მთელი ის დღე იმ გოგოს უკან დავცანცარებდი და ვუსმენდი ჩემი აზრით შეუმჩნევლად.

მერე ახლოდან გავიცანი ეს მშობლები+ორი ბავშვი და უკვე "not bad" კიარადა "omg, that`s perfect" გავიჩითე.

ისტორია მესამე ანუ რიბირაბო

მიყვარს ახალი ადამიანები, მცირე დოზებით ოღონდ. და მხოლოდ მაშინ, როცა ამისათვის წინასწარგანწყობა მაქვს. რომელიმდენიღაცა მეცადინეობაზე "ოჯახებად" დაგვყვეს და ჩემი ორივე ნაცნობი და პოზიტიური ადამიანი სხვა ოჯახებში მოხვდა. აი, რომ არ შემრცხვენოდა, გულამოსკვნილი ვიტირებდი, ისე წამიხდა ხასიათი. ყელზე თოკგამობმული ცხვარივით მივესვენე ოჯახთან, რომელიც ჩემთვის მაშინ სრულიად უცნობი 5 თუ 6 ადამიანისგან შედგებოდა და ოჯახის სახელის, ღერბის და ა.შ. მოფიქრებას შევუდექი. ისე ვიყავი, როგორც აკვარიუმიდან ამოყვანილი თევზი, რომელიც ცხელ ტაფაზე დააგდეს და თან პეემესი აქვს.
მერე, ისე, რომ მეც ვერ მივხვდი, ისე გადმომედო ახალი ადამიანების პოზიტიური და მშვიდი განწყობა და საკმაო წვლილი შევიტანე პლაკატის დამზადებაში.

დღეს გვქონდა სავარჯიშო იმაზე, თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ სხვისი მუხტის და განწყობის ქვეშ და პირიქით, როგორ გადმოვარჯულოთ ისინი ჩვენს ნოტაზე.

შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება არა კვახი, ვხარხარებდი როგორც მომესურვებოდა, ვერ დავიჭირე უემოციო სახე. მაქსიმუმი, რაც შევძელი, გაბრაზებული გამომეტყველება იყო.

მერე ამ ყველაფერს განხილვაც მოყვა და მივხვდი, რომ მე უფრო მიმღები ვარ, ვიდრე გამცემი. ძალიან მალე ვიჭერ ადამიანების განწყობას და იგივეს ვუბრუნებ საპასუხოდ. გამიღიმებ? გაგიღიმებ. დამარტყავ?-ჩემგან აუცილებლად მიიღებ საპასუხო დარტყმას. გიყვარვარ?-მეც მიყვარხარ. გეჯავრები?- გამარჯობა. ვერ გიტან. არ ვიკავებ ემოციებს და მეგობრულობასაც და აგრესია/ცუდხასიათსაც ერთნაირად ვასხივებ. ეს მე არაფერს არ მიშავებს, როგორც წესი.


მაგრამ... არის ერთი დიდი მაგრამ.

ეს პერი ქალაქის პერია და ძალიან განსხვავდება ტყეში მობოდიალე პერისგან, რომელიც...
  • დაიკარგა ბორჯომის ტყეში, სციოდა, გრძნობდა, როგორ ვერ გრძნობდა ფეხის თითებს,(ტავტოლოგიას არ ვიმჩნევთ არც აქ, არც სადმე სხვაგან) არ იცოდა რამდენ ხანში გააღწევდა ან საერთოდ თუ გააღწევდა დაღამებამდე ამ თოვლიანი, ნისლიანი, ტალახიანი და ხრამებიანი ტყიდან, ეშინოდა ფეხის დაცურების, მდინარეზე გადებულ თოვლის ხიდზე გადასვლის, უსმენდა გოგოების ისტერიკებს და ძალიან, ძააააალიან მშვიდად დადიოდა წინ და უკან, იმიტომ რომ ასე იყო საჭირო.
  • თუშეთში ცალ ფეხზე დაიკიდა სიმაღლის რომ ეშინოდა, ცურვა რომ არ იცოდა, მდინარეზე გადებულ ოთხ კინკილა მოქანქარე მორზე დაჯდა და გადავიდა. მერე რა, რომ შუა გზაზე დაბლა ჩაიხედა, თავბრუ დაეხვა და დაუტრიალდა დედამიწა. თვალი დახუჭა, ათამდე დაითვალა, მერე გაახილა და გზა გააგრძელა. (ნამდვილად არაა სასიამოვნო შეგრძნება, როცა ეს მორები ფეხქვეშ მოძრაობენ, სადღაც მეტრანახევრით ან უფრო მეტად დაბლა დიდლოდებიანი და ყინულივით ცივი მდინარეა და შენ ზუსტად იცი, რომ თუ ჩავარდი, ჩკა. არადა ისე თავგადასვლიანად მახსენდება :გულიკი:).

არც ერთ შემთხვევაში სიმშვიდის შენარჩუნება არ გამჭირვებია, არც მობილიზება და გარეგან ფაქტორებზე თვალის დახუჭვა ან იგნორირება. ახლა ვერ ვხვდები, იქ რამ გადამიყვანა, მაგრამ იმ მომენტში ძალიან ბუნებრივად ავიყვანე საკუთარი თავი ხელში და სხვების პანიკამ უბრალოდ, გამაღიზიანა, მაგრამ ცოტა ხანში ეგეც აღარ მადარდებდა.

ჰმმ, ვითომ ჩემში ორი პერი ცხოვრობს?

ერთი, რომელიც ძალიან სენსიტიურად აღიქვავს და რეაგირებს გარემოს სიგნალებზე და მუხტებზე და მეორე, რომელი ძალიან მშვიდი და შინაგანად გაწონასწორებულია, როცა ეს მართლა საჭიროა.

ხოდა, რა შუაშია ახლა ეს სამი ისტორია?

პირველი ისტორია რომ არა, მე სინტონზე ვერასოდეს ვერ გავიგებდი

მეორე ისტორია რომ არა, მე არ მექნებოდა სინტონისადმი ასეთი კარგი დამოკიდებულება

და მესამე ისტორია უბრალოდ, იმიტომ დავწერე, რომ დღეს ჯგუფში ამ ყველაფრის მოყოლა ძალიან უადგილო იქნებოდა, არადა მინდოდა, სადმე დამეწერა. ხოდა, "ხურდაში" ის წინა ორი ისტორიაც მოვაყოლე.

პ.ს. ასეთი გულახდილი პოსტი ამ ბლოგს არ ახსოვს თავისი არსებობის მგონი 3 წლის მანძილზე და ძალიან მკაცრადაც ნუ განმსჯით, გახსოვდეთ რომ ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი ოფოფები, უბრალოდ, აქ ჩემები თავისუფლად დაფრინავენ და თქვენებივით გალიებში არ სხედან. :დ

p.s.

November 18, 2011

მოხუცი ქალი, რომელიც ახლა ალბათ უკვე მკვდარია



ორი თუ სამი წლის წინ, ენქაუნთერს რომ ვთამაშობდი ხოლმე, ღამე დავბოდილობდით, თამაშს ვგეგმავდით, ტურების ლოკაციებს ვარჩევდით. ერთ-ერთ ასეთ გასვლაში მოხუცი ქალი ვიპოვეთ, თოვლში და ყინვაში, როცა სქელი დუტის ქურთუკი მეცვა და მაინც ვიყინებოდი, სკვერში იჯდა მოკუნტული და ზემოდან პარკი და მუყაო ეფარა.
პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, კითხვები დაუსვეს. არეულად პასუხობდა, თავს მაღლა არ წევდა, აშკარად უნდოდა, თავი დაგვენებებინა და მალე წავსულიყავით.
პატრულმა უარი თქვა სადმე წაეყვანა, აზრი არ აქვს, ერთი ღამით თუ წავიყვანთ, მერე მაინც გარეთ უნდა გამოვუშვათო. თან დააყოლეს, "რამდენი ასეთია"...

სარეცხი გავფინე წეღან, ყინავს გარეთ და ისევ ის ბებო გამახსენდა.

მოკვდა ალბათ უკვე და ამ ზამთარსაც ბევრი მისნაირი ვერ გადაიტანს.

ხოდა, მე ეგოისტურად მიხარია, რომ თავშესაფარი მაქვს და ასეთ ამინდში ყოველთვის მახსენდება ის ბებო, ყინვაში.

და ბებო, აღდგომის კვერცხებით.

საწოლის სირბილე რომ დააფასო, ცივ იატაკზე უნდა დაიძინო. ან ერთხელ მაინც უნდა წახვიდე ლაშქრობაში და კარავში, პარალონზე ორი-სამი დღე ძილის მერე სახლში დაბრუნებისას ორმაგად დააფასებ ცხელ შხაპს და ბალიშს.

არა, რა სენტიმენტები, უბრალოდ, სარეცხი გავფინე და ძალიან შემცივდა, ტვინიც მომეყინა და ვბოდავ.

p.s. ზედა სურათი რომში გადავიღე, დღემდე არ ვიცი, რა წერია ზედ.

November 06, 2011

არმაგედონი



"არმაგედონს" მოვკარი თვალი წეღან ტელევიზორში და ჩავუჯექი, ახალი დაწყებული იყო მგონი, აი ეიჯეის რომ დასდევს ლივის მამა და ფეხში ესვრის, იმ მომენტიდან გავაგრძელე, გულაჩუყებულმა და ალაგ-ალაგ აცრემლებულმა.

ახლა რატომ აღარ იღებენ ასეთ ფილმებს?! ან იქნებ, უბრალოდ, მე გავქვავდი და მაქსიმალურად ვბლოკავ ემოციებს?


ისღა დამრჩენია, ლარს ფონ ტრიერის "სიბნელეში მოცეკვავე" ჩავრთო და ბოლომდე მივიყვანო. თავის დროზე მივხვდი, რომ ვერ შევძლებდი ფინალისთვის მეყურებინა, ახლა უკვე შემიძლია.


p.s. ფილმი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი და დღემდე არ მომბეზრებია: "პიანისტი"

პ.პ.ს. ხო, ვიცი რომ ლარს ფონ ტრიერი რულზ და ბლაბლაბლა, მარა მე ერთი უცოდინარი კინოარამოყვარული ვარ და მაინც პიანისტი მიყვარს და მირჩევნია :)