ძალიან დიდხანს ვწელე ამ პოსტის დაწერა, არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო და სად დავამთავრო... ისე, რომ არც ძალიან სოპლებიანი გამოვიდეს, არც ძალიან მშრალი. კიარადა....
კარგი ადამიანები ასე მალე არ უნდა მიდიოდნენ
და როცა მიდიან, რჩებიან ადამიანები, რომლებსაც ისინი სულ ახსოვთ და უყვართ
და ეს ადამიანები აკეთებენ ისეთ რამეებს, რითაც (ალბათ) იმათი სული იქ კარგადაა და ბედნიერია.
კაცი/ბიჭი რომ მოკვდება თუშეთში, წლისთავზე, იმ სახლიდან, სადაც გაიზარდა, დედის ძმის სახლამდე აჭენებენ ცხენებს, გამარჯვებულებს კი ამ ბიჭის ცხენი/ხმალი/ნივთი ერგებათ (ყოველშემთხვევაში, ასე გვითხრა ერთმა ქალმა შენაქოში).
ჩვენც იგივე გავაკეთეთ ერთი ბიჭისთვის, რომელიც არც თუში იყო, და არც დედის ძმა ყავდა იქ, მაგრამ მთავარი ეგ არ იყო, მთავარი რაღაც სხვა იყო, იმაზე მთავარი, ვიდრე გაშლილი სუფრა, სიმბოლურად გაქცეული სამი ცხენი, მოყაყანე ადგილობრივები, დაგვიანებით მოსული ვიღაც ტიპი, რომელიც ძალიან გავდა დევის შთამომავალს და ალუდი.
და მერე წამოვედით
და ეს იყო ძასლიან სევდიანი და მტკივნეული
არადა აი ხომ ვიცი, იმიტომ კი არ იყო ასეთი მტკივნეული, რომ
- თუშეთი იყო
- ჩემი იყო
- ლამაზი იყო
- ფუსთაჰაერიანი და გემრიელწყლიანი და რაღაცნაირსუნიანი იყო
არა, მაგიტომაც იყო, მაგრამ
ლაშრობისას მნიშვნელობა აქვს
- ზოგჯერ იმას, სად მიდიხარ
- ზოგჯერ-ვისთან ერთად მიდიხარ
- ზოგჯერ კიდევ, როგორ მიდიხარ
- და რა თავგადასვლები გელოდებიან წინ
- უჰაერობაში
- რუტინაში
- რეალობაში
მაგრამ სანამ თბილისისკენ დავიძვრებოდით, უკანა გზაზე, გერმანელი სკაუტები დაგვემგზავრნენ, თხუთმეტი- თვრამეტი წლის ბავშვები, თან პასტორი ახლდათ, ყაზბეგიდან მოდიოდნენ, დამშეულები. მანქანის საბარგულის წინა ნაწილში ჩვენ ვისხედით, მეორე, უკანა ნახევარში ისინი.
რაღაც მომენტში სიმღერა წამოიწყეს... მერე ჩვენც გადავხედეთ ერთმანეთს და რამდენიმე ამღერდა, მერე ისევ ისინი, მერე ჩვენ. იმათ გიტარა დაიჭირეს, ჩვენ ფანდური გამოვაცოცეთ, ერთმანეთის სიმღერებსაც ავყევით ლალალა-თი და ტაშით და ისა... იმ წუთას გადასარევად გვესმოდა ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, რომ არც იმათ იცოდნენ ქართული, არც ჩვენ გერმანული.
თან ბევრი მთის ქონდარი ჩამოვიტანე, ამასობაში უკვე აგრილდა და ყოველ საღამოს, დიდი ჭიქით როცა ვსვამ, ისევ ის ღამე მახსენდება, გარეთ რომ ვიჯექი, ეზოში, მარტო, ციოდა, ხელში ცხელი სურნელოვანჩაიანი ჭიქა მეჭირა და ცას ვუყურებდი, ვარსკვლავებიანს.
მე დავბრუნდები.
ალბათ.
2 comments:
შენნაერი ფერის თმა მაქ ბუნებრივად, რომ შემეძლოს ცოტას მოგცემდი :დ
ვაიმე მადლობა, ავჩუყდი :დ
Post a Comment