December 30, 2011

აწ უკვე ჩავლილი ბოდიალობები

2011 წლის დასასრულს გახსნილად ვაცხადებ

და

გავლილი წლის ერთი სიტყვით დახასიათების უფლება რომ მქონდეს, ვიტყოდი, რომ ეს იყო გამოღვიძება.

დართლო

ზუსტად ვიცი, რომ თუშეთით უნდა დავიწყო. წასვლის წინ იმდენი ემოცია მქონდა, ვერ მოვითმინე და გამოსამშვიდობებელი პოსტი დავწერე. მერე იყო ყველაზე ექსტრემალური მგზავრობა ჩემს ცხოვრებაში, მერე კი, დართლოდან დიკლოში მეცხვარის ბილიკით მიმავალს გზა ამერია და ალბათ 8-10 საათი ვიარე... დათვს სახლში ვესტუმრე (არ დაგვხვდა), მდინარეზე გადებული ფარატინა ხიდი ოთხით გადავიარე და დიკლოში ღამე მისულს იმის ძალაღა მეყო, საძილე ტომარა გამეშალა და შიგ შევმძვრალიყავი. დიკლოში.. რაც იყო, კარგი იყო, საკუთარი ხელით მოხვეული ხინკლებიც, დილის შხაპი და დილის ყავის პირველი ყლუპი დაღესტნის მთების ფონზე

ასე არც ერთი ლაშქრობიდან დაბრუნება არ გამჭირვებია, თითქოს გული დავტოვე იქ. და დღემდე, როცა ძალიან ცუდად ვარ, მთის ქონდრის ჩაის ვიკეთებ, თუშურ მელოდიებს ვრთავ, რასაც თუშეთში ვუსმენდი. და მშველის, ყოველთვის.

თუშეთი ზაფხულში იყო, მაგრამ მანამდე ვიყავი გარეჯში, მეტალოპლასმასის კარ-ფანჯრიანში, ამჯერად საბერეებიც ვნახე, რომელიც რამდენიმე წელში ალბათ აღარ იქნება, იმდენად მყიფეა და მიტოვებული.
სადღაც, ტყეში

მაისში გადავწყვიტე, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში, დედაბერას მთის გავლით, ნუნისში ჩავსულიყავი. (მეოთხე ბილიკი). ეს იყო ყველაზე ცივი ლაშქრობა, სადაც ოდესმე ვყოფილვარ.(სიცივეს ვერ ვიტან).  დღემდე ვერ ვხვდები, როგორ შევინარჩუნე სიმშვიდე მაშინ, როცა ნისლიან და თოვლიან ტყეში, სრულიად სველი ფეხსაცმელით აღმართ-დაღმართ სრულიად უმიზნოდ დავბოდიალობდი, დაკარგული. სრულ სიბნელეში რომ ჩავაღწიეთ იქამდე და გამოვიცვალე, გავშრი და კეთილმა ადამიანმა მომცა ყავა და მე ვსვამდი და ვიყავი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი და მშრალი ადამიანი. მომდევნო ორი დღე იყო სრული რელაქსაცია, სიმღერა, ქეიფი და ისა.

ყაყაჩოებიანი მინდორი ვნახე კიდევ. არასოდეს არ გაჩერდეთ დიდხანს  ასეთ ადგილას, კინაღამ წერილი წავიღე.
პანორამების ბილიკზე

ივნისში კიდევ ერთი შანსი მივეცი ბორჯომ-ხარაგაულის პარკს და ანდრია პირველწოდებულის, ანუ ე.წ. პანორამების ბილიკი გავიარე. ზღაპრულად ლამაზი იყო მართლა. ჩამოვჯექი სადღაც, რომელიღაც კლდეზე და სიმსუბუქის, თავისუფლების, სილაღის და ბედნიერების შეგრძნებამ იმდენად ამავსო, რომ ტირილი დავიწყე ჩემდაუნებურად.

აგვისტოში, სრულიად სპონტანურად ავდექი და გზას დავადექი ოთხ ადამიანთან ერთად, ისე, რომ არ ვიცოდი, სად მივდიოდი. არ ვიცი იმათ როგორ, მაგრამ მე ძალიან კარგი მოგონებები შემომრჩა. თუმცა დავასკვენი, რომ ქუთაისი და მისი შემოგარენი სხვა სამყაროა და მიწისქვეშა მოგზაურობები ძალიან მომწონს.სათაფლია და ყუმისთავის მღვიმეები.
მუცო

შატილში და მუცოზეც  ვიყავი.ძალიან დიდხანს აღარ წავალ, სანამ დაიაურების ტრაგედია სულ ცოტათი მაინც განაკლებადმტკივნეულდება იქაურებისთვის.

ბახმაროში ვიყავი, გზადაგზა ზღვაც მოვინახულეთ...

წვრილ-წვრილი ამბები
  • წელს ორი ადამიანი წავიდა ჩემი ცხოვრებიდან, სამუდამოდ. გარდაიცვალნენ.არ მინდა ამაზე წერა საჯაროდ.
  • ძალიან ბევრი ახალი, კარგი, ლამაზი, საინტერესო და საყვარელი ადამიანი გავიცანი, მდედრობითი სქესის, საიდუმლო ჯგუფი გვაქვს და გაგვაქვს და გამოგვაქვს. რამდენიმე ადამიანისგან იმხელა მხარდაჭერა ვიგრძენი, არაოსდეს დამავიწყდება.
  • ტრენინგებზე დავიწყე სიარული, სინტონში, თუ სინტონზე, თუ.. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარი ისაა, რომ ძალიან მომწონს. (მადლობა დოდის და კიდევ იმათ).
  • ზოგადად, წელს სოციალურად გაცილებით უფრო აქტიური წელი მქონდა. 
  • გამოვიღვიძე
  • *****************************************************************
ახალი სიცოცხლე

წელს სკვინჩა კიარადა მარიამი გაჩნდა, პატარა მარიკო, სამეგობროს პირველი შვილი.

ხვალ უკვე ახალი წელია, სახლში სრული ქაოსია, ყველაფერი ყირაზე, საქმე უამრავი, დრო ძალიან ცოტა (მეგონა, რომ ახალი წელი ზეგ იყო, არ მკითხოთ, რატომ).

საყვარელო სანტა, მომიტანე სიმშვიდე, ჰარმონია, დამიბრუნე საკუთარი თავი, ბევრი დრო იმისთვის და იმათთვის, რაც/ვინც მიყვარს. ბევრგან მაბოდიალე, (ავტოსტოპი/ზურგჩანთა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მირჩევნია, თუ მაინცადამაინც დაკონკრეტება მოგესურვება). საინტერესო ადამიანები გამაცანი, ბევრი დადებითი და სიხარულიანი ემოცია მაჩუქე, გარკვეულობა დამიბრუნე და საკუთარ სურვილებში მინდა გავერკვიო კიდევ, ოღონდ ეს ალბათ შენი კი არა, ჩემი გასაკეთებელია.


ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე გადავიღე

მე მაინც ძალიან მიყვარხარ და ფანჯრის რაფაზე რძე და პეჩენიები გელოდება.

4 comments:

Anonymous said...

mosvlasac da wasvlasac tavisi mizezi aqvs,aravin modis da midis ise.
mtavari igi wava da sxva mova turfasa sabagnarosa, utqvams didi beckems:D

pelagiaa said...

პერწკლ საყვარლლობაა ძალიან, სანტასადმი მიმართვა განსაკუთრებით მომეწონა!

პერწკლი said...

ანონიმურო, ადამიანების სიკვდილზე როდის აქეთ ღადაობენ ჩემს ბლოგზე თუ იცი?

Anonymous said...

me sikvdili figuralurad gavige,da ara pirdapiri mnishvnelobit,gamxneveba vcade