August 29, 2011

პრომეთესკენ მიმავალი გზა რომელიც კუჭზე გადიოდა

მიყვარს, როცა ადამიანებს შეუძლიათ, ყველაფრის მიუხედავად, აი ასე, უცებ, აიღონ ჩანთები და ყოველგვარი გეგმის გარეშე გაუდნენ გზას, რომელიც აუცილებლად მიიყვანს სადმე.




პარასკევს დილით ყაზბეგში მივდიოდი, საღამოსკენ ბორჯომი გადავწყვიტე, შაბათს დილის ათ საათზე ქუთაისის მარშუტკაში ვიჯექი და სადღაც რომელიღაც მღვიმეში მივდიოდით მე, ხათო, იმედა და გიორგი.

ბავშვი რომ მიგყავს სადმე და ხუთ წუთში ერთხელ კითხულობს, როდის ჩავალთო, აი ის ტიპი ვიყავი მე იქითა გზაზე, სანამ სადგურთან მდგარ მაკდონალდსში არ შევედით და ჩიზი და ყავა არ დავიდგი წინ და მივხვდი რომ სამყარო მშვენიერი და ფერადია.

პრომეთეს მღვიმის ძიებაში ცოტა ვიბოდიალეთ და დავასკვენი, რომ:
  • ქუთაისში და მიმდებარე ტერიტორიებზე ყველა მარშუტკა რატომღაც ლარი ღირს, სადაც არ უნდა მიდიოდეს ის
  • ზურგჩანთიანი ადამიანი უცხოელი გონიათ (თუმცა, ორი წითელთმიანი და ორი ქერა ცოტა დამაბნეველია, ვიცი) და ისტერიულად იწყებენ მის ლანძღვას ან შეცოდებას (აბა ახლა ამათი ცხოვრება ცხოვრებააო?)
  • და როგორც კი ქართულად დავილაპარაკებდით ყველას იმედები უცრუვდებოდა
  • ბავშვები უფრო თამამებიარიან და "ჰელოუ"-ზე ჩვენს "გამარჯობას" აიგნორებდნენ და ლამის სამჯერ მოგვესალმა ვიღაც საყვარელი პატარა ბიჭი
ხოდა გამოვედით მაკიდან, გავუყევით გზას, ვიყიდეთ მაღაზიაში არაქისი, კეტჩუპი, პური, სემიჩკა, მწნილი, (ჩემს ჩანთაში იყო სამი შეკვრა მდნარი ყველი+ხლებციც+შოკოლადიც) ალაგებს გიორგი ჩანთაში და უცებ გაუფართოვდა თვალები და "ეს უნდა ვჭამოთ ორი დღეე?" და დაამატა ძეხვი და შესქელებული რძე. არადა ჩემთვის რომ გეკითხა, ზედმეტიც კი გვქონდა. მოგვიანებით მე და ხათომ დავასკვენით რომ მამრები რაღაც განსაკუთრებულად ჭედავენ საჭმელზე, აი ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ ყავაზე...



ასე ორი თუ სამი მარშუტკის გამოცვლის მერე მივედით ყუმისთავში, ქუთაისიდან ჯერ წყალტუბოს გადიხარ და მერეა ყუმისთავი, ანუ პრომეთეს მღვიმე. ტესტირების რეჟიმში მუშაობდა, შესვლა უფასო იყო და ხალხი დედაბუდიანად იყო მოსული, ახალშობილიც კი შევნიშნეთ იქვე. ჩვენ 23-ე ჯგუში ჩავეწერეთ და ჯერ მხოლოდ მეცამეტე შედიოდა, ყოველ თხუთმეტ წუთში შეყავდათ ჯგუფები, მაგრამ ისა, დიდხანს ლოდინმა არ მოგვიწია იმიტომ რომ ხალხს სავარაუდოდ, ძალიან დაეზარა ლოდინი და უცებ, ანუ ასე საათნახევარში შევედით, შესვლის წინ ვიღაც დეიდამ საყვარლად დამაშინა, იქ ღამურები იქნება, ყინავს, და საერთოდაც ძალიან საშიშიაო.



საშიში არ ვიცი და იმის გაცნობიერება, რომ მიწის ქვეშ დადიხარ, ცოტა ისა... ლამაზი იყო, ჰაერი ნესტიანი, გრილი, სულაცარცივი, სტალაქვიღაცეებიც კაი ტიპები იყვნენ, მაგრამ ხელის შეხება არ შეიძლებოდა.



გამოსასვლელში მოხუცი დაგვხვდა, რომელიც თურმე აგერ უკვე 70 წელია, გამოქვაბულს დარაჯობს.

საყვარელი, ძლივსღა იდგა ფეხზე, ჯოხით ხელში და სიბერეს არ ეპუებოდა.




ყუმისთავიდან მარშუტკას გამოვყევით ვიღაც არქეოლოგი გოგოების ჯგუფთან და მღვიმის გამცილებელთან ერთად ხოდა იმ გამცილებელმა რატომღაც გადაწყვიტა რომ სათაფლიის გადასახვევთან კი არა, 500 მეტრით იქით უნდაჩამოვსულიყავით, წყალტუბოს "ცენტრში". აქ ისევ ვიყიდეთ რამეები, ანუ პამიდორი და პეჩენიები და შევუდექით გზას ფეხით.
ძალიან არ მიყვარს ასფალტიან გზაზე ბოდიალი, ამიტომაც თუ სადმე რამემ გაიარა ყველას და ყველაფერს ხელები ვუქნიე, ამასობაში გიორგი ყველა მაღაზიასთან, რაც კი შემოგვხვდა, იმაზე მსჯელობას იწყებდა, კიდევ ხომ არ გვეყიდა რამე, იმიტომ რომ ცოტა საჭმელი გვაქვს.



საბოლოოდ, ერთი თავისითგაჩერებული სვანმძღოლიანი და ერთიც ჩემგაჩერებული სათაფლიელი თანამშრომლის წყალობით მივაღწიეთ მინდორს, ნაკრძალამდე არმისული, სადაც იყო სწორი ადგილი კარვისთვის, 50 მეტრში წყარო და გარშემო (ერთი შეხედვით) ტყე, შეშისთვის.

არასოდეს, არც ერთ ტყეში, არც ერთ ლაშქრობაში არ გვიწვალია ამდენი ორი კონა ფიჩხისთვის. ხეების გამხმარი ტოტები ვტეხეთ, ძირს დაყრილი ფიჩხები ვაგროვეთ, ეკლებში ვიძრომიალეთ იმისთვის რომ დიდი ტოტი გვეშოვნა. ერთს ეკლებიანი ბარდი ეჭირა და ანათებდა , მეორე ტეხავდა, მერე მეორე იჭერდა იმ ეკლიან ბარდს და პირველი მოტეხილ შეშებს მიათრევდა. ბარდების ეკლები ცალკე ხომ გვერჭობოდა და იმ ხეებსაც ეკლები ქონდათ და ისინიც მწარედ ირჭობინებოდნენ, ერთი ჯაჯგურისას პირდაპირ ფრჩხილში გამერჭო და ცოტა ხანი ჰიტლერივით დავდიოდი ხელაწეული, როგორმე ტკივილი რომ შემეცოტავებინა.



მერე წყაროზე წავედით, სანამ პამიდორები ირეცხებოდა და ბოთლები წყლით ივსებოდა რომ ბანაკში დარჩენილი ხალხისთვის მიგვეტანა დასალევად, (აქ უნდა დავწერო, რომ ხათომ თერმოსი მოგვცა წყლისთვის და თურმე შიგ ყავა ყოფილა და გადმოისხა და კინაღამ თან გავყევი, ისე მინდოდა კბილი მიკაწკაწებდა), აღმოვაჩინეთ რომ წყლის რეზერვუარში ანუ საიდანაც ეს წყარო გადმოდიოდა, ძალიან საყვარელ ბაყაყს ეძინა.

ხოდა, გვქონდა კარავი, კოცონი, ქარი, და ძალიან ვარსკვლავიანი ცა და ვიწექით პარალონებზე, საძილეებში გახვეულები, ვუყურებდით ცას და მე ვფიქრობდი რომ აი რა სისულელეა, კოსმოსში მივფრინავთ და სამყაროს მიკრონაწილაკები ვართ არა ისა...


და მე არ ვიცი რა ვუჯადოქრეთ წივწივას კარავს ასეთი, რომელიც მთელი ღამე თავზე გვემხობოდა, რამდენი ქარი დაუბერავდა იმდენი თავიდან ვაწყობდით კარავს, თან შიგნიდან, ხელების ფათურით. ცოტა რომ გამოთენდა, მერე საერთოდაც იმედა ადგა და ჯოხებს უჩხიკინა, მერე მეც ავდექი და ვუჩხიკინე და ამასობაში ხათომ ისეთი სახით გაიღვიძა, თავზე საძილე წაიფარა და გადაბრუნდა, მივხვდი, ჯობდა სასწრაფოდ მოგვეკეტა და დაგვეძინა.



სათაფლიამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი და წავცახცახდით, მე მწყუროდა წყალი და მინდოდა ყავა, ერთი კილომეტრი გავიარეთ აღმართ-აღმართ და მე საკუთარ თავს ვპირდებოდი რომ აი ცოტაც, მალე მიხვალ და მე შენ ყავას დაგალევინებ და აი ავიარე ბოლო აღმართი, დავაგდე ჩანთა, მივვარდი მოლარეს, ხეპლ მი, სადაა აქ წყალი? და პასუხი- დაღმართზე ჩადი და მოსახვევში იქნება და ვაიმე, აი ვაიმევაიმევაიმე! ამხელა ფილარმონია სათაფლიაა, ექვსი ლარი ღირს შესვლა და ერთადერთი, ქეციანი, უქეციანესი წყაროა შესასვლელიდან 50 მეტრში და აი მე მოვედი ზურგჩანთიანი ამოფოფხებული ფეხით და თურმე უკან უნდა დავბრუნდე რომ წყალი დავლიო... კერქით რა :/

ვიშოვეთ წყალი, ყავები, გამოვიხედე თვალებში და ვიგრძენი რომ აი ემ სოუ ხეპი და სანამ ბიჭები სათაფლიას ათვალიერებდნენ, ჩვენ გარეთ ვიჯექით, ყავას ვსვამდით და ისა...



მერე იყო ბოდიალი ქუთაისში, საჭმლის ძიება-ძიებაში აღმოვაჩინე რომ აქურობა ლამაზი ყოფილა, უგემურზე უგემური ხინკლები ქუთაისის მაჭახელაში, (თუმცა ეს ხინკლები სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ბიჭებს სახეზე ბედნიერი ღიმილი დაბრუნებოდათ) ჩემს მიერ სამჯერ ოფიციანტის მიერ წაღებას გადარჩენილი ლიკანის ცარიელი ბოთლი (შიგ წყალი ესხა და გადამიქციეს და რად მინდოდა არ ვიცი მარა ხელს არ ვუშვებდი)



და მერე ვნახეთ ლიკა და წავედით მოწამეთაში და ისა, იქ იწერდნენ ჯვარს ისინი, მონადირე და მარმენიო და ძალიან ლამაზი იყო ის ცერემონია, ხანჯლების წკარუნის ქვეშ რომ გამოვიდნენ ეკლესიიდან და მე მივხვდი რომ ასეთი ჯვრისწერა/ქორწილში არის რაღაც, ისეთი, ქართულსულიანი.

ხოდა მერე კიდევ შევედით მაკში და ვჭამეთ რამეები (მე მოვასწარი და მგონი ვიღაცას ვეჩხუბე იმიტომ რომ კატაზე ვდარდობდი და ისა) და წამოვედით სახლში.






დასკვნებისნაირი რამეები:
  1. ყველაზე ძალიან ასეთი, არეულდარეული, სადაცდაგიღამდებაიქდაბანაკებადი და ცოტაადამიანი ლაშქრობები მიყვარს მე
  2. ლაშქრობებში დალეულ ყავებზე გემრიელი ყავები მე ჯერ არსად არ დამილევია
  3. კაცების გზა კუჭზე გადის, ქალებისა ყავაზე
  4. ადამიანების უმეტესობა ისე კვდება, რომ იქვე, ყურისძირში მდებარე ულამაზეს ადგილებს რატომღაც არ ნახულობს.
  5. ყუმისთავის (პრომეთს) მღვიმე ჩემთვის სამუდამოდ იმ მოხუც ბაბუასთან იქნება ასოცირებული, 70 წელი რომ იცავდა.

August 22, 2011

ვარკეთილი vs საბურთალო


უფრო ზუსტად, ვარკეთილის II მკ/რნ vs ვაჟას კვარტალი


ცხოვრების საფასური
  • ვარკეთილში ბევრად უფრო იაფია პროდუქტი (ოღონდ ბაზარში, რომელიც ყურისძირშია)
  • საბურთალოზე... პროდუქტია ძვირი, სამაგიეროდ მაღაზიაშია კომფორტულად დალაგებული.
ტრანსპორტი

  • თუ ღამის თორმეტ საათამდე გადაწყვიტეთ სახლში დაბრუნება, 149 ყველგან მიდის :D
  • აი თუ თორმეტს გადააცილე, ტაქსი ვაჟამდე ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ვარკეთილამდე
  • ვარკეთილამდე მისვლას უფრო მეტი დრო უნდა ვიდრე ვაჟამდე (ათვლის წერტილი: ძირითადი საბოდიალო ადგილები)
მეზობლები
  • ერთნაირი ინტენსივობით ათვალიერებენ/ათვალიერებდნენ ჩემს გაფენილ თეთრეულს, აბარებდნენ დედაჩემს ანგარიშებს- რამდენი მდედრი/მამრი შემოვიდა ბინაში და რომელ საათებში.
  • ზუსტად ერთნაირად აფერფლებენ სარეცხზე, ისვრიან კარადებს ჩხუბისას და თან მაინცადამაინც შუაღამისას
  • ზუსტად ერთნაირად წიოკობენ როცა წყალს უშვებ მეზობელთან და ზუსტად ერთნაირად კიდიათ ის, რომ მაგათგან წყალი ჩამოგდის, სანამ პოლიციიით ან ძმით არ დაემუქრები.
საცხოვრებელი გარემო
  • ვარკეთილში ბევრი მწვანეა, სუფთა ჰაერი, სკვერები, ეზოები ძირითადად გამწვანებულია,იქვეა თბილისის ზღვაც და ზოგადად, დიდი სივრცეა.
  • ვაჟაზე მარტო ცოტაოდენი სიგრილე და ქუჩის შუაში ამოსული საწყალი ხეები შეინიშნება. ეზოები უმეტესად ისეთია, იტირებ :/ თუმცა, გააჩნია სად ცხოვრობ. მაგალიტად, ჩემი კორპუსის ეზოში ამაყად ყვავიან ნარკომანების შპრიცები და იქვე ბავშვები დარბიან.
მოხერხებულობები
  • ვარკეთილში.. მმმ, არაფერიც არაა მოხერხებული, იაფ საჭმელს და ბევრ საბოდიალო ადგილებს თუ არ ჩავთვლით, ბავშვის გაზრდაც უფრო მარტივი უნდა იყოს, სასეირნო ადგილების ამბავში. თუმცა, ვაღიარებ რომ იქიდან სამარცხვინოდ გამოვიქეცი როგორც კი გასაქცევი გამომიჩნდა.
  • ვაჟაზე- ყველაფერი ახლოსაა. მისვლა-მოსვლა უფრო ადვილია, 24/7 მაღაზია ახლოსაა და ღამე გარეთ გასვლისა არ გეშინია.
ხოდა ასე...

August 17, 2011

შავი ზოლი

ცხოვრება ზებრაა, შავი ზოლი-თეთრი ზოლი

  • დედაჩემია ცუდად კატის გამო, ალერგია აქვს. კატა კი ჩემი მიყვანილია და თვლის რომ კატის ბეწვი გადაყლაპა და მე ისა...
  • ანუ, საყვარელი კატა უნდა გავაჩუქო. გავიმეტო ვიღაც უცხოებისთვის რომელიც არც კი ვიცი როგორ მოექცევიან.
  • კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანია ძალიან ცუდად და არ ვიცი როგორ იქნება.
  • საუკეთესო მეგობარს თითქმის აღარ ვეკონტაქტები.
  • ბიძაშვილია ჩამოსული და არ მინახავს, არც ის იჩენს ინიციატივას და მეც ვდუმვარ.
  • ცხოვრებაში პირველად, ლაშქრობაში, ქალაქიდან გასული, თბილისის რეალობას ვერ მოვწყდი.
  • ერთკვირიანი შვებულება ჩამეშალა, იმიტომ რომ თანამშრომელს აუდგა და დაგეგმილი 6-ს მაგიერ პირველში გავიდა შვებულებაში, შესაბამისად, სექტემბრამდე არაფერი მეჯღანება.
  • ცხოვრებაში პირველად, ჩემთვის ყველაფერი სულერთია, მინდა რომ გავქრე.
და საერთოდაც, რატომ გვავალდებულებს საზოგადოება, ვიყოთ კარგად?

მე ცუდად ვარ, და მიუხედავად იმისა რომ ამის აღიარება მრცხვენია იმიტომ რომ ცუდად ყოფნა "ტეხავს", ზედმეტად ცუდად ვარ იმისთვის რომ კარგად ყოფნა ვითამაშო.

პ.ს. არადა ხომ ვიცი, ვიღაცისთვის ეს მიზეზები შეიძლება სასაცილოც იყოს და ამაზე კიდევ უფრო ცუდად ვხდები, იმიტომ რომ შეიძლება დადგეს დრო, როცა მეც გამეცინება ამაზე, იმიტომ რომ "უკეთესი" მიზეზები მექნება.

August 16, 2011

თუშური ჩემ-ფესვ-ტური, III, პენსიონერები დიკლოში



წინა დღის მკვლელი ბოდიალის მერე, დილით გამოძინებული რომ გამოძვრები საძილე ტომრიდან, აივანზე გახვალ, დაღესტნის მთებს გახედავ, გაიზმორები, შენს ნივთებს მოხიკავ და ცხელი შხაპის მისაღებად გადახვალ მეზობელ სახლში, მერე ყავას აიდუღებ, მაგიდას გაშლი და სამ ადამიანთან ერთად ისაუზმებ, ხვდები, რომ არც ერთი წამით არ ნანობ, დილის ექვს საათზე ცხენს რომ არ მოახტი და ტბის სანახავად არ გაქუსლე დანარჩენ ოც კაცთან ერთად...

ხათო და ნიკოლოზი ყავის სამზადისში.


ეგ კი არა, ისეთი გაზარმაცება დამემართა, ნიკოლოზს რომ არ შემოეძახა და გავერეკე, შენაქოს ნახვაც კი დამეზარა. არადაიქვეა, ნახევარ საათში ფეხით გადაისეირნებ, ასეთი ლამაზი სახლები დგას და საერთოდაც დიდი სოფელია.


ძველისძველი ფანჯრები შენაქოში



მე ტყემალი დავკრიფე... ივლისში ვჭამე მჟავე, მკვახე ტყემალი...



შენაქოში ეკლესია დგას, ეკლესიის ახლოს კიდევ ხატი, ამიტომ ეკლესიის უკან გასვლა არ შეიძლება...



შენაქოს უკან კიდევ აგიურთაა, ძველისძველი, ახლა უკვე ნანგრევაბად ქცეული სოფელი, ეს გზა მიდის, შემოუხვევს და უკვე იქ ხარ


ადგილობრივებმა როგორც გვითხრეს, ლეკები შემოესივნენ და ამოწყვიტესო და რავიცი აბა... დღეობაზე მანდ გადავდივართო...






აგიურთადან გამობრუნებულებმა ტყეში დავისვენეთ, გავშალეთ თავშლები, დავწექით/დავჯექით, ათას სისულელეზე ვიჭორავეთ, ქიშმიშიდან თხილები და კაკლები ამოვჭამეთ...

უკან რომ ვბრუნდებოდით დიკლოში, შევამჩნიე, რომ ნივეას ჰიგიენური პომადა აღარ იყო, არადა ისე მიყვარდა, იმდენი ვაქე... ბავშვები რომ არა, დავბრუნდებოდი, მაგრამ ისეთი სახეები ქონდათ, ახლა მაგის გამო არ დაგვაბრუნოო, ამოვიოხრე...

ასე დარჩა აგიურთაში ჩემი ისა... თუ ნახავთ, მომიკითხეთ :შ

უკანა გზაზე ძაღლმა დაგვინახა, მზის გულზე რომ მივწანწალებდით, წავიდა, ჩრდი;ლში ჩამოჯდა და იქედან გვიყეფდა...

დიკლოში ისევე ვიბოდიალეთ, ქონდარი დავკრიფეთ, სოფლის ორღობეში სკამზე ჩამოვსხედით და ცივი ყავა დავლიეთ


საღამოს ხინკლების ცომის გათხელებაში და მოხვევაში მივეხმარე, ასე 10 წელია არ მომიხვევია და თურმე არ დამვიწყებია.

ამასობაში ორეთის ტბაზე წასულებიც დაბრუნდნენ, სახეახეულები და ძალიან კმაყოფილები... თუმცა მათ დანახვაზე კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ისა...


საღამოს იყო ცხვრის ხორცის ხინკალი, ზეთში შემწვარი ხაჭაპურები და მეტი არ მახსენდება... გემრიელი კი იყო... ნუ ვისთვის როგორ, ზოგს კუჭმა შეუტია, ხორცი ვერ აღიქვა და გააპროტესტა

მერე კოცონი და ჩირაღდნები...





ასე დამთავრდა ყველაზე გემრიელი დღე თუშეთში..

ხო ნუ მე ნათესავიც კი გავიცანი თუმცა როგორც ყოველთვის დაბნეულობა ჩამერთო და ისა :შ

August 08, 2011

08.08.11

გა-ვი-გეთ!!!!

რა დებილურ-სენტიმენტალური ნიუსებია, რა დებილურდეგენერატული ავატარებია, რა კრეტინული გამოხატვებია ამ ყველაფრის, გა-ვი-გეთ და მორჩით თუ შეიძლება პეროების ქნევას და შეჯიბრს აბა ვის უფრო :/



დღეს წავაწყდი ერთ მოწოდებას, "დაგვეპყრო" აფხაზეთი ომით და "გაგვეგდო" იქ მცხოვრები აფხაზები.

მეზიზღება ყველა ომი, ცალ ფეხზე მკიდია რომელი ზეაღმატებული იდეის გამო იხოცებიან და უსახლკაროდ რჩებიან მშვიდობიანი ადამიანები. ყველა ომი ერთადერთი, პირველყოფილი, ტერიტორიის დაპატრონების ინსტინქტითაა გამოწვეული და სულ ცალ ფეხზე კიდია ყველა და ყველაფერი, უბრალოდ, დებილი ადამიანებისთვის "ფუთავენ" ლამაზ-ლამაზ იდეებად.

და იქვე ეწერა ფრაზა "ერთმორწმუნე რუსეთი"...

როდის უნდა გადალახოთ რელიგიის მიერ მოხაზული საზღვრები და ბოლობოლო გახდეთ ცოტა, ცოოოტა უფრო თავისუფლები, არ ზომოთ ადამიანები/ერები იმის მიხედვით, ერთმორწმუნეა თუ რვამორწმუნე თუ საერთოდ არ ადარდებს მსგავსი ამბები?

აი, ჩემს ნაცნობს რუსეთთან მეგობრობა ურჩევნია ამერიკასთან მეგობრობას მხოლოდ იმიტომ, რომ "მორწმუნე ლოთი ჯობია"-ო.

დღემდე, ღამე თვითმფრინავის ხმა რომ მესმის, ტანში მაჟრჟოლებს და ინსტინქტურად თავშესაფარს ვეძებ.

კიდევ გინდათ?

მე არა

წადით ერთმანეთს დაუმიზნეთ და თავები დაიხოცეთ, ასე აჯობებს :/


როდემდე უნდა ეწირებოდეს ამდენი სიცოცხლე პირველყოფილ ინსტინქტებს?

პ.ს. ოდესმე, საზღვრები საერთოდ რომ გაუქმდეს, რა მოხდება ნეტა?

პ.პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ პოსტი დაწერილია არაპოლიტიკური ადამიანის მიერ, რომელსაც მაკედონელი, ნაპოლეონი, ვატერლოო და 300 არაგველი სკოლის მერე არ გახსენებია :)

August 01, 2011

ადამიანების გაცნობის დოზები



მარტივი ჭეშმარიტებები
, იმდენად მარტივი რომ სირცხვილია, ამას ამდენი წელი ფიქრიანობდე და 26 წლის ასაკშიღა პოსტავდე


"შენ მხოლოდ იმას იცნობ, ვინც მე გაგაცანი"-ო თუ "შენ მხოლოდ ის იცი ჩემს შესახებ რაც მე გითხარი"-ო მითხრა ადრე ერთმა ადამიანმა, ფრაზა მომეწონა, სახლში წავიღე, თაროზე შემოვდე, გავუარ-გამოვუარე, ცოტა ვიფიქრე, ალაგ-ალაგ წლების მანძილზე გაფიქრიანებულობებს გადავხედე, საკუთარ თვისებებს შევუჩიჩხინე და დავრწმუჯნდი რომ მართალი იყო.

ჩვენ მხოლოდ ის ვიცით სხვა ადამიანებზე, რასაც თვითონ გვიყვებიან/გვანახებენ/გვიმჟღავნებენ, არც მეტი და არც ნაკლები.

ამის გარდა არსებობს კიდევ "ენერგიები", აი როცა ადამიანებს "კანით გრძნობ". ადცამიანურ ენაზე არ ვიცი რა ქვია, ალბათ აურა? ანუ, პირველივე ნახვისას ზუსტად როცა იცი რომ ვიღაც ძალიან კარგი ვინმეა, იმისდამიუხედავად, რას გაცნობს/განახებს/გაგიკეთებს და პირიქით, უწიპუწი და თეგენათალე ადამიანს ისე რომ ერიდები, როგორ ეკლიან ბარდს.
ჩემს მაგალითზე:

ოჯახში შემოვიდა რძალი... დედამთილმა ანუ ჩემმა ბიცოლამ გააცნო ჩემი თავი, როგორც ძალიან ჭკვიანი, სერიოზული, უცნაური... მზამზარეული იმიჯი მიწოდებული იყო, ხოდა მერიდებოდა როგორც ცეცხლს ნადირი, სანამ ერთ დღესაც არ აღმოაჩინა, რომ ძალიან ჭკვიანი, სერიოზული და ა.შ. იმიჯის მქონე მხოლოდ ადამიანების გარკვეული წრისთვის ვარ და თურმე "უი რა სხვანაირი ვყოფილვარ".

რა სისულელეა ისე, პირველივე ნახვისას ადამიანზე წარმოდგენის შექმნა, მაგრამ სხვანაირადაც რომ არ შემიძლია?

აი, ამოვიჩემებ და დამთავრდა, რაც არ უნდა გააკეთოს, დადებით/უარყოფით დამოკიდებულებას არ ვიცვლი, მაქსიმუმ ნიანგის ღიმილით გავუღიმო.

მე კიდევ 12093120938 ადამიანი მეუბნება რომ ამაყი/უკარება/ზედმეტადთავდაჯერებული/უხეში/წუწუნა ვგონივარ და მერე მე ვკომპლექსდები იმიტომ რომ არ ვარ ასეთი. რომ დაამატებენ, და მერე სულ სხვანაირი აღმოჩნდიო (ან არ დაამატებენ), სულაც არ მიკეთებს ხასიათს.

და იქნებ ვარ?

ანუ ამ თვისებებით რაღაც სხვას ვმალავ?

ზუსტად ისევე, როგორც სხვები მალავენ
  • ღიმილის ქვეშ გულგრილობას
  • ცინიზმის ქვეშ ტკივილს
  • თავხედობის ქვეშ კომპლექსებს და გაუბედაობას.

:დასასრული:

პ.ს. ეს პოსტი დაწერილია ძალიან ასოციალური ადამიანის მიერ.