March 03, 2011

Letter to someone I’ve drifted away from

მაიკო

არასოდეს არ მესმოდა შენი
არც ემოციების, არც საქციელის, არც ცხოვრების, არც იმის, რატომ იყავი ისეთი, როგორიც იყავი.
კარგი ბავშვი იყავი, უბრალოდ, იქაურობისთვის ზედმეტად თამამი იდეაში კი, სრულიად ნორმალური საშუალოსტატისტიკური თინეიჯერი.

თავის დროზე დედაჩემს და შენს შორის გავაკეთე არჩევანი,
მაშინ ვდარდობდი, ახლა აღარ.

როცა გავიზარდე, მივხვდი რომ დროთა განმავლობაში აღარაფერი მექნებოდა შენთან საერთო, გარდა ბავშვობის წლებისა, თამაშისა და იმისა, რომ იმ პერიოდში, იმ ადგილას და იმ ზაფხულებში ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვქონდა, გარდა ერთმანეთისა, და იმიტომ ვიყავით ერთად.

შენ რომ არა, მე არასოდეს
  • გამოვაცხობდი კოცონზე ნამცხვარს,
  • ვივლიდი წისქვილზე საბანაოდ
  • ვიჯდებოდი ვაშლის ხეზე და მივიღებდი "ზაგარს"
  • ვიწუწავებდი მზეზე გამთბარი წყლით
  • ჯერ დავიჭერდი და მერე დავასაფლავებდი ფუტკრებს და გავუფორმებდი საფლავებს (რა სადისტობა იყო ისე)
  • გადავიპარებოდი მეზობლის ბაღში ყურძნის მოსაპარად (არადა სახლში უკეთესები გვედგა)
  • გავსინჯავდი მკვახე სიმინდს
  • სასაფლაოზე სიარული მხოლოდ ბებიასთან ერთად ძალიან მოსაწყენი იქნებოდა

მიხარია, რომ შენნაირი მეგობარი მყავდა და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში დარჩი და აზრზე არ ვარ სად ხარ და როგორ ხარ, მაინც მიყვარხარ, აი ისე, ნათესავები რომ უყვართ ხოლმე, უპირობოდ, რაც არ უნდა ჩაიდინონ და როგორი უცხოებიც არ უნდა იყონ მაინც, ძველი დროის ხათრით.

2 comments:

ქეთუსი said...

მეც მყავდა ბავშვობის მეგობარი,და შენნაირად ეხლა არც მე მაქვს კონტაქტი.
ეს კარგიცაა, იმიტომ რომ რაც დრო გადიოდა,მით უფრო ნაკლები გვქონდა საერთო.
ეხლა კი ამ გადასახედიდან სასიამოვნოდ მახსენდება მასთან გატარებული დრო.

tamusia said...

me exla bavshvi var da myavs zustad aset megobari rogoric shen axwere da ragac zedmetad nacnobi dameupla kitxvisas.

p.s. netav mec davwer rodesme msgavs mogonebas.