February 15, 2012

ვორდპრესზე მივიბარგები













ჩემი ბლოგი, მთელი მისი შემადგენლობით ანუ ნაწერებით, ვორდპრესზე გადადის.
შემომიარე ხოლმე ახალ ლინკზე.

February 09, 2012

ჭიქა ყავის ისტორია : გურია

აგვისტო იყო,  ბახმაროში მივდიოდით, მარშუტკით, ბევრი ადამიანი.  საღამოს გავედით თბილისიდან და რასაკვირველია, გზაში ჩამოგვაღამდა თავზე.
მივდიოდით და გზადაგზა აქეთ-იქით ვიყურებოდით, საბანაკე ადგილს ვეძებდით, რაიმე მინდორს, გზის პირას. მიხვეულ-მოხვეულ გზებზე კი ან დამუშავებული მინდვრები გვხვდებოდა, ან სახლები, ბევრი სახლები...
ამასობაში ჩოხატაურში შევედით, ვიარეთ, ვიარეთ, მიტოვებული შენობა დავინახეთ, გავჩერდით და შევესიეთ.

არჩევანი იყო ოთხი: ა) ძილი მარშუტკაში, სკამებზე
                                      ბ)კარვის გაშლა
                                      გ) ოთახების დათვალიერება
                                      დ) აივანზე ძილი

მე აივანზე ძილი ვარჩიე,  გავშალეთ პარალონები შედარებით მოშორებულ და მყუდრო კუთხეში, ჩავძვერი საძილეში, ავიხედე ზემოთ და... დიიიდი ხვრელი დავინახე ჭერში.

მთელი ღამე მესმოდა როგორ დაცუნცულობდნენ თაგვები ზემოთ და მე მშვიდად ვიწექი იმის იმედით, რომ ჩოხატაურელი წრუწუნები მუხლმაგრები არიან,  ფეხი არ უცურდებათ და ჭერის ხვრელებიდან აივნებზე არ ცვივიან ხოლმე.

დილას ახალგაღვიძებულმა წყალი რომ მოვიკითხე ყავის იმედით, იქვე ჩამოკიდებული ბოთლისკენ მიმითითეს, პირი ეკონომიურად დაიბანეო.

დავიბანე ნისკარტი და გავუდექით გზას. ვზივარ და ვცდილობ პროვოკაციებს არ წამოვეგო, მე დღეს ყავა არ დამილევია და შესაბამისად, ჩემს ადეკვატურ მეს ჯერ კიდევ ძინავს.

არ მახსოვს, როდის, როგორ, რატომ ან ვინ გადაწყვიტა, რომ ბახმაროში სახლი გველოდა და გასაღები უნდა აგვეღო, მაგრამ ერთ სოფელში შევჩერდით, ვდგავართ, ველოდებით რაღაცას, ან ვიღაცას. ჩვენ რა, ერთი ბიჭი ელოდება. ჩვენ იმ ბიჭს ველოდებით. მე არაფერსაც არ ველოდები, მორჩილად ვზივარ, უყავო და საწყალი.

მოირბინა იმ ბიჭმა, ერთს უთხრა ყავაზე შემოდითო სახლშიო. იმ ერთმა მეორეს ხელი სტაცა, წამოო, იმ მეორეს მე გავეკიდე.

მოკლედ, მთელი ოცი კაცი შეესია ერთ პატარა სახლუკას გურიის სტუმართმოყვარე,  მწვანე სოფელში.

ვდგავარ, ზრდილობიანად ვიწურები, ვიღიმები შეძლებისდაგვარად, მასპინძლების ფუსფუსებენ, სასუსნავებს მოეზიდებიან და ამასობაში გამოაქვთ ლანგარზე დალაგებული პაწუკა, ორთქლადენილი ჭიქები.

რამდენიმე წამში უკვე ყავის ჭიქაზე ხელებს ვითბობდი, ორთქლზე ცხვირს და არომატზე ხასიათს.

მერე ავდექით და ბედნიერები წავედით ბახმაროსკენ, ნაბეღლავის დასალევად, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა.

February 05, 2012

მზიანი სახლი - ეკლებიანი დღე

მთელი დილა მციოდა
ვერ გავითბე ძვლები
ვერც ემოციებით და
მითუმეტეს
სავალდებულო ჩახუტებები როდის იყო, ვინმეს ათბობდა.
(ხო, მე მხოლოდ მაშინ გავთბი, როცა ნამდვილად ჩავეხუტე)

ხუტვები გულებიდან მოდიან
თბილები
საყვარლები
ფუმფულები
ენერგიებით დამუხტულები
ჩემიანების
ჩემნაირების
შინაურების
მეგობრების
ადამიანების
რომლებიც მინდა

ძნელია, აიღო და ჩაეხუტო ადამიანს, რომელმაც არ იცის
არaფერი არ იცის
და შენ აიღო, ჩაეხუტო და ის ენერგიები გასცე
შენ რომ გიგროვებია წლობით
და მე არ შემიძლია ჩახუტებები ენერგიების გარეშე
უფრო სწორად
მე უკვე ვიცი, რომ არ შემიძლია.

და აი მე ავიღებდი დღეს და ჩავეხუტებოდი ადამიანს
ერთს,
ორს
სამს
ან ოთხს
ან ხუთს
და
ვიღაცას
ან
ვიღაცეებს
არ.
(ხო, ამის უფლება გვქონდა)

ეს ნიშნავდა, რომ
გამოვარჩევდი
ავარჩევდი
და
მერე...

იმ ვიღაცას გული დაწყდებოდა
ან არ დაწყდებოდა და პირიქით, გაუხარდებოდა
იმ ვიღაცას არ გაუსწორდებოდა
იმ ვიღაცას ერთი სული ექნებოდა როდის მოვშორდებოდი
იმ ვიღაცას მოეწონებოდა
და მე ვერ მივხვდებოდი, ვინ როგორ...

ხოდა
მე ავდექი და
საერთო წრიდან გავედი და
ცალკე დავჯექი.


January 31, 2012

ნდობის შუადღე



ამ კვირას ყველაზე ექსტრემალური ტრენინგი მქონდა სინტონზე. ნდობის სავარჯიშოები გავაკეთეთ.

 ისეთი კარგი იყო, იმდენად ადრენალინით სავსე,  სასიამოვნო და თავისუფლებისშეგრძნებადი, რომ გახსენებაც კი თავიდან მაგდებს ეიფორიაში.

სავარჯიშო: შლი ხელებს, მთელ ტანს ამყარებ და ისე, რომ ფეხი არ მოხარო მუხლში, უკან ვარდები. შენს უკან კი ადამიანი დგას, რომელმაც უნდა დაგიჭიროს. დაგიჭერს თუ არ დაგიჭერს, ან რამხელა კუთხით მოგცემს "დავარდნის" უფლებას, მისი გადასაწყვეტია. შენ უბრალოდ, უნდა ენდო.

გავაკეთე
 
აქამდე რამოდენიმეჯერ მქონდა მცდელობა, რომელიც ყოველთვის კრახით მთავრდებოდა, ახლაც პირველი მცდელობისას მუხლი მოვხარე, მერე გავბრაზდი საკუთარ თავზე და შემდეგი ორი ვარდნით აბსოლუტური კაიფი მივიღე. არც მუხლი მომიხრია, არც მიკივლია, არც წამოდგომა მიცდია ჰაერში 45 გრადუსით გამოკიდებულს.

მეორე სავარჯიშოს დრო რომ მოვიდა, ჩემდა გასაკვირად, მოხალისედ გავხტი წრეში, ისე, რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და აღმოჩნდა, რომ სამ ბიჭს უნდა ავეწიე ჰაერში, თავსზემოთ, გამართული ხელებით. ვა-ი-მე! პახოდებში შკაფებივით ბიჭები რომ მთავაზობენ მდინარეზე გადაყვანას, ცერად ვუყურებ ხოლმე და მაგ რეფლექსმა შემომიტია აქაც. არ შევიმჩნიე, ხელები გავშალე, თვალები დავხუჭე და ამწიეს.

იეი, მაგარი იყო, განსაკუთრებით მაშინ, წრიულად რომ დამატრიალეს. უწონადობაში ვფარფატებდი და სულაც არ მქენჯნიდა სინდისი იმის გამო, რომ ბიჭებს ჩემი 55  თუ რაღაცამდენი კილოს აწევა უწევდათ.

აი, რაღაც ასეთი, ოღონდ მე სამმა ადამიანმა ამწია


 თუმცა მე თვალები დახუჭული მქონდა და არ ვიცი, რა რეაქცია მექნებოდა თვალებგახელილს.


ხოდა, ვიღაცისთვის ეს ალბათ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, მე კი პირველად გამომივიდა, ძალიან მიხარია და გიზიარებთ.

პ.ს. არ ვიცი, იქნებ ამ სავარჯიშოების დამსახურებაც იყო ის ის, რომ უცებ მივხვდი, არ მინდოდა კვირის ჯგუფის მიტოვება.

January 26, 2012

თავგადასავლების მაძიებლები

მიუხედავად იმისა, რომ 
  • მზე ყველგან ერთნაირად ამოდის და ჰაერი ყველგან ერთი და იგივე აირებისაგან შედგება, 
  • მთები ყველგან მთებია და ცხოველები ყველგან ერთ ენაზე "ლაპარაკობენ", 
  • ბალახი ყველგან მწვანეა და ერთნაირი სუნი აქვს, 
  • საქართველოს ყველა სოფელი და ევროპის ყველა პატარა ქალაქი ერთმანეთს გავს
ჩვენ მაინც ვდგებით, ვალაგებთ ჩემოდნებს, ზურგჩანთებს, ვკრავთ ბოხჩებს, ვჯავშნით თვითმფრინავების მატარებლებს, ვაჩერებთ გამვლელ მანქანებს, ვადგებით გზებს და უვალ ბილიკებს.
არადა, გზები ყველგან ერთნაირია.

მაგალითად, ეს შუამთის გზას გავს, რომ არა ზედმეტად სუფთა და ყვითლად დაზოლილი სავალი ნაწილი, ვიფიქრებდი, რომ ისა...


ეს ალავერდის გავლით ალვანში რომ მიდიხარ, ის გზაა, ალვებჩარიგებული. ბავშვობაში, მანქანით რომ მივდიოდით, სულ მეგონა , რომ იქ, ბოლოში, გზა ვიწროვდებოდა და ხეები გვეღობებოდა.



გზა ვაშლოვანისკენ, მოსაწყენი, უბედური, სწორზე სწორი, ერთი ფუნჩხა ბალახის ან ბუჩქის გარეშე


ვაშლოვანი ზამთარში, გადატრუსული, შოკოლადისფერი და ქარვისფერი დიუნები.


მანავი, კახეთი. ზუსტად ასეთი გაბარჯღული ხეებია გადმოფარებული გზაზე.


აბასთუმნის სერპანტინები, ნისლიანი, საშიში, უგზო-უკვლოდ დახვეული.


ეს სურათიც მაგონებს რომელიღაც უკვე ნანახ სურათს, მაგრამ ვერ გავიხსენე ვერაფრით...



თუშები თვლიან, რომ თუშეთი ყველაზე ლამაზი მხარეა საქართველოში. მე ვეთანხმები. არა იმიტომ, რომ ეს ასეა, ნწ, ის ზუსტად ისეთივე ლამაზია, როგორც ხევსურეთი, სვანეთი ან ზანავი-ნუნისი. უფრო მეტიც, თუშეთის გზის რაღაც ნაწილი ზუუუუსტად ისეთივეა, როგორც ხევსურეთის.

უბრალოდ, მე იქაური ვარ. ესაა და ეს.

მე პოლინეზიის არქიპელაგის ნახვა მინდა. ერთი კონკრეტული კუნძულის-ფატუ-ჰივასი. ფატუ-ჰივას მეზობელია ტაიტი, არა, კი გამიხარდება საგზურის მიღება მანდ, მაგრამ ტაიტიზე ჩასული აუცილებლად ჩავალ ფატუ-ჰივაზეც, და ქვას წამოვიღებ, რომელიც იმით განსხვავდება იმ რიყის ქვისგან, რომელიც ჩემს ეზოში გდია, რომ მასზე შეიძლება ოდესღაც ტურ ჰეირდალმა დააბიჯა.

მწერალი გაცილებით უკეთესად დაწერდა ალბათ ამაზე

მე კი უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ადამიანი, რომელიც მხოლოდ პწიჩკებს სვამს უკვე ნანახი აუცილებელი ღირსშესანიშნაობების გასწვრივ, ვერასოდეს მიხვდება, რატომ შეიძლება დაადგე გზას ისე, რომ არ გქონდეს კონკრეტული მიზანი.