November 20, 2010

სახლებზე და ხეებზე



თუკი ყველაფერი, რაც კარგად მთავრდება, კარგია
ესეიგი
ყველაფერი რაც ცუდად მთავრდება, ცუდი უნდა იყოს?
მაშინ გამოდის, რომ ყველა მოქმედება, რაც დადებით ემოციას იწვევს, კარგია
და
რაც უარყოფითს, ცუდი?
და ვინ დაადგინა, რომ ტკივილი ცუდია
და
სიხარული კარგი?
იქნებ პირიქით
ჯერ კარგად უნდა შეგცივდეს
რომ
კოცონის დანახვაზე თვალები გაგინათდეს
(აბა ნაცარქექიასთვის სულერთია, 24/7 ცეცხლთან ზის).

ხოდა
თუკი ყველაფერი, რაც ცუდად მთავრდება, კარგია
ესეიგი
ყველაფერი, რაც კარგად მთავრდება, ცუდია
იმიტომ რომ მოსაწყენია
ამიტომ
კიარადა
მითავ
დაე მოხდეს ცუდი, სამაგიეროდ საინტერესო
იმიტომ
რომ
მოსაწყენი ნიშნავს ცუდს და
საინტერესო კარგს
ნუ ვისთვისაც ნიშნავს ხო ნიშნავს და
დანარჩენისთვის სულერთია.

ჩემი ფანჯრის წინ ხე ხარობს
გაზაფხულზე ყველაზე გვიან იფოთლება და
ყველა გაღვიძებისას მგონია რომ ჯერ კიდევ ზამთარია
და
სახლიდან ყველა გასვლისას
თავიდან ვაკეთებ აღმოჩენებს
რომ
გაზაფხული უკვე მოსულა და უბრალოდ
ჩემი ხეა უფოთლო და უსიცოცხლო.

სამაგიეროდ

ჩემი ხე შემოდგომაზე ყველაზე დიდხანს რჩება ყვითელფოთოლა.
მაშინაც კი, როცა ეზოში ყველა ხე შიშველი დგას
დილით
საღამოს
და
თუ სასწაული მოხდა და შუადღეს სახლში ვარ
ყველაზე მოღრუბლულ და წვიმიან ამინდშიც კი
ჩემს ფანაჯარაში მზეა.

მე მიყვარს ჩემი არასტანდარტულად ბუნებრივი ხე


ბავშვობაში, ჩაძინების წინ
რომ მეტყოდნენ კედლისკენ გადაბრუნდი და თვალები დახუჭეო
(კედლისკენ გადაბრუნება რაშუაში იყო, ახლაც ვერ ვხვდები)
ვხუჭავდი და სადღაც მივფრინავდი
წვდიადში და უწონადობაში
დედამიწა ნელ-ნელა პატარავდებოდა
იმდენად, რომ
მარცხენა ხელის
საჩვენებელ და ცერა თითებს შორისაც კი ვეღარ ვიჭერდი
იყო უსასრულოდ მკვრივი და პატარა და
მე-უზარმაზარი, უსხეულო
ყველგან ვიყავი
სივრცე ვიყავი და ბურთულაკის შეჩერებას ვცდილობდი, რომელიც
ჩემი სახლი იყო
და
თითებსშუა სხლტოდა.
ახლაც, ხანდახან
ჩაძინების წინ
ვგრძნობ ხოლმე, როგორ პატარავდება დედამიწა
და
როგორ ვხდები
მე
ჩემი სახლის
სახლი.

No comments: