May 19, 2010

ტურ ჰეირდალი ანუ დაბრუნება ბუნებასთან


კონ-ტიკის გემბანზე, საკვებად დაჭერილი რომელიღაც თევზით

ისინი ცხოვრობდნენ ბამბუკის რტოებისგან გაკეთებულ ქოხში, რომელიც ბანანის ფოთლებით იყო დახურული, ჭამდნენ მხოლოდ იმას, რაც ტყეში და მდინარეში მოიპოვებოდა, ტანთ მცენარეებისგან გაკეთებული "ტანსაცმელი" ეცვათ და იმავე მდინარეში ბანაობდნენ, საიდანაც სასმელ წყალს იღებდნენ.
ტურ ჰეირდალი ნორვეგიაში, ლარვიკში დაიბადა და პირველი ექსპედიცია 24 წლის ასაკში განახორციელა ცოლთან ერთად, როცა პოლინეზიაში წავიდა, რათა ველურების მსგავსად ეცხოვრა, ცივილიზაციის ყველა "სიკეთის" გარეშე და იქაური ფლორა-ფაუნის წარმოშობა გამოერკვია (საიდან მოხვდნენ იმ მიყრუებულ კუნძულებზე მცენარეები, ცხოველები და ბოლო-ბოლო ადამიანი).
თავდაპირველად ის ტაიტის "გამგებელმა"- ტერიიერომ იშვილა,რომელსაც უამრავი ცოლი და შვილები ყავდა, ტაიტური სახელები მიცა, ასწავლა, როგორ ეცხოვრათ ველურ პირობებში, როგორ მოედუღებინათ ფორთოხლის ხის ფოთლებისგან ჩაი, გამოეცხოთ პურის ხის ნაყოფი, გააცნო ყველაზე გემრიელი ბანანი- ფეი (რომელიც ახლა ალბათ აღარც არსებობს) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაბარგდნენ მარკიზის კუნძულების კუნძულ ფატუ-ჰივაზე, სადაც კუნძულის პრინცესას კუთვნილი ხეობა "იქირავეს".

ფატუ-ჰივა

შემდეგ იყო კონ-ტიკი, გალაპაგოსები, აღდგომის კუნძულის გრძელყურიანი ადამიანები...
ტურ ჰეირდალის "ფატუ-ჰივა" 9 წლის ასაკში წავიკითხე, მერე კიდევ ბევრჯერ გადავიკითხე და დღემდე ვიზიარებ მის "ფილოსოფიას", რომ მუსიკა მხოლოდ იმიტომ გვჭირდება, რომ ბუნებასთან კავშირი დავკარგეთ, ბუნებრივი მუსიკის ხმები აღარ გვესმის და სუროგატებს ვეძებთ.
და იმისათვის, რომ ბუნებამ "მიგვიღოს", მას პატივი უნდა ვცეთ და მისი დამანგრეველი ძალის გვეშინოდეს, აგდებულად არ მოვექცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ვიწვნევთ მის შურისძიებას.
ტურ ჰეირდალი 2002 წელს გარდაიცვალა.

No comments: