მე ისევ ის ვარ,
რაც ვიყავი ათი წლის წინათ
და ვერ გაიგებს, ალბათ, ვერავინ
რომ მხრებზე მადგას
უმძიმესი და უწმინდესი
შენდამი რწმენის ეკლესიები.
და სადღაც, ტვინში ჩაჭედილი ზარების გროვა
აწყდება ჩემს შუბლს,
დახშულს შვეული მავთულებით და ფორმულებით...
და მაშინ ჩემი მგრძნობიარე
და ტკივილად ქცეული შუბლი
ემსგავსება ამღერებულ ვერცხლისფერ გუმბათს,
რადგან ბალახის ღეროსავით უძლურ ფეხებზე
და სიფრიფანა სუსტ სხეულზე__
ჩემზე ბატონობს
უმძიმესი და უწმინდესი
შენდამი რწმენის ეკლესიები...
ეს არის მხოლოდ ჩემი სახლი
და ერთადერთი კაცი ამქვეყნად
დგას მაგიდასთან
და როგორც ძ ველი კულტის მსახური
ისე არიგებს პურს და არაყს...
მე მჯერა შენი კეთილი პურის,
რადგან ის არ გავს მოწყალებას,
მის ყოველ ნამცეცს
ასდის ნაცნობი, მაძღარი სუნი,
მაგრამ მე ვიცი
ეს არის შენი სისხლის და ხორცის მეათასედი.
მე მჯერა შენი მწარე პურის
და ზარები არყევენ ჩემს შუბლს--
მოთმინების და მორჩილების ჩაკირულ კედლებს
ხოლო გენებში
ზის გუმანი, როგორც ნადირი,
და სველი ენით
დაჭრილ და ნაცემ სხეულს ილოკავს...
მე მეშინია ამ ტკივილის,
რომელიც დიდხანს და უაზროდ იზრდება ჩემში
და თუ ის დამძლევს,
შევევედრები ბალახების მაგიურ უნარს,
და საოცარი თაფლის ძალას,
რომ ერთი წუთით არ მოადუნოს
ჩემი ტანი და არ დაშალოს
რადგან ის არის
ეკლესია შენდამი რწმენის.
/ლია სტურუა/
No comments:
Post a Comment