ნეტა ხვდები რამეს სახლში შემოდი მეთქი რომ გეუბნები?
მისამართი არ შეგეშალოს,
შენს ქალაქში არეულია უბნები და…
პირველად "კეთილი იყოს ჩემი ფეხიო" რომ თქვი, არ დაგიჯერე
კეთილმოწყობას ხომ კეთილი სტუმრები სჭირდება
მეგონა ერთ ჭიქა სიმყუდროვეზე შემოიარე…
შენ მოგეწონა დეკორაცია,
ის, შინაგანი
ადამიანებს რომ სხვადასხვა დიზაინით აქვთ ხოლმე მოწყობილი
მე თვალები ავანთე, რომ ოთახები უკეთ დაგენახა
მაშინ შუქი მქონდა…
და ვერ წარმომედგინა რომ
კეთილმოწყობას კეთილი სტუმრები სჭირდება.
ნეტა ხვდები რამეს სახლში შემოდი მეთქი რომ გეუბნები?
მეორედ უკვე კარგად მოკალათდი,
ჩაიც მეტი გასვი და შენც მერე სუფთად,
ჩუმჩუმად იწყე ადრინდელი სტუმრების ნაკვალევის მოშლა:
აალაგე სიგარეტის ნამწვები,
მორჩენილი ნაგავი,
ხელებით იწყე გაპრიალება კარადების
მაგიდების
იატაკის...
ხშირად მეფერებოდი ასე..
მეც კანზე მთლიანად გამიქრა იარები
მეც კანზე მთლიანად გამიქრა იარები
და სისხლჩაქცევები-ტალახიანი ფეხების ნაფეხურები.
აბა მერე რა უნდა მექნა,
შენ ხომ მხოლოდ ჭიქა ჩაიზე შემოირბინე.
მეც ავდექი და ფარდები შემოვიხიე.
ნეტა ყველაფერს ხვდები სახლში შემოდი მეთქი რომ გეუბნები?!
ერთ ღამეს სხვაში აგერიე,
შენს ქალაქში ხომ არეულია უბნები და…
მესამედ უღმერთო გიწოდე.
ახლა ვიცი, შენს გასაღიზიანებლად
მკერდზე-საძინებლის კედლებზე ჯვარი უნდა დავკიდო.
ერთი სული მაქვს მაინც, სარკე შემოგამჭახო და
ბატონ -პატრონი გიწოდო,
მაგრამ არ მავიწყდება რომ
კეთილმოწყობისათვის, კეთილი სტუმრებია საჭირო.
შენ კი ძილში ბორგავ იმიტომ რომ გაახელ თუ არა თვალებს ღმერთს ხედავ,
ჩემი რძით დაკვებილს
და შენ ვეღარც მიყურებ , იმიტომ რომ
სარკეს ხედავ, და თავს, ოსტატურად გაწკეპილს.
შენ ხომ სტუმრად მობრძანდი ჭიქა ჩაიზე...
მე კი მოუვლელობისგან დამედო მტვერი წიგნიერ ნაკვთებზე..
ფანჯრებში სხვისი გაზაფხულები მოჩანს,
შუშები მემტვრევა...
მერე შენ ჯავრობ როცა სველი წერტილები ფუჭდება და
მეზობლებს აწუხებთ გამოჟონილი წყალი ჩემს ლოყებზე.
გული აღარც კი წიკწიკებს ,
იმდენჯერ გადავაყენე მაღვიძარა შენს წასვლის დროზე...
მე ხომ ყოველთვის მეგონა რომ ჭიქა ჩაიზე შემოიარე..
წყალგაყვანილობის ვენებში ტკივილის ნაცრისფერი მღრღნელები დაფუთფუთებენ,
ყოველი დიდი ავტობუსის გავლაზე კი ისე ვზანზარებ,
ოცნება ნაზელი ბათქაში სულ თავზე გეპნევა.
ჭერი არ ჩამოგექცეს..
გაასწრო ეგება გასვლა..
"რემონტზე" ნუ იფიქრებ,
განსაკუთრებით მაშინ როცა სხვა უამრავი სახლის კარი ღიაა შენთვის …
და რამდენ მათგანს დაავიწყდება რომ
კეთილმოწყობისათვის, კეთილი სტუმრებია საჭირო...
ნეტა ხვდები რამეს გადი ამ სახლიდან მეთქი, რომ გეუბნები?!
ფრთხილად იარე,
ამ ქალაქში არეულია უბნები და
ერთხელ შემოიარე ჭიქა ჩაიზე…
No comments:
Post a Comment