მე მიყვარს სულაკაურის გამომცემლობა.
არა იმიტომ, რომ ჩემი ჰარი პოტერი გამოსცეს
არც იმიტომ, რომ ყველაზე გემრიელი კულინარიული წიგნი დამიბეჭდეს
უბრალოდ, სულ რაღაც საინტერესოს გამოჩიჩქნიან ხოლმე.
ასეთი იყო ჩემთვის ფილიპ პულმანის ოქროს კომპასი, რომლითაც ისე დავინტერესდი, ტრილოგიის დანარჩენი ორი ნაწილი საიდანღაც გამოვქექე და რუსულად წავიკითხე (ქართულად ჯერ არაა დაბეჭდილი) .
ხოდა, კონკურსი რომ გამოცხადდა, ცხოვრებაში პირველად ვისარგებლე იმით, რომ ბლოგერი ვარ და უფასოდ მივიღე სტიგ ლარსონის გოგონა დრაკონის ტატუთი.
ცოტა სადიზმი, ცოტა ძალადობა, ცოტა რომანტიკა, აქა-იქა ეკონომიკური ბლა-ბლა-ბლა, (თავჩაღუნული ვაღიარებ, მაგ გვერდებს მარტო ცალი თვალი გადავავლე), ცოტა შვედური ზამთრის სუსხი, აგუგუნებული ღუმელი და ბევრი ადრენალინი კითხვისას.
მთავარი პერსონაჟი სათაურის მიხედვითაც მიხვდები, რომ ქალია, მხარზე დრაკონის ტატუთი, ძალიან ჭკვიანი,რომელიც საზოგადოებამ რატომღაც ქმედუუნაროდ აღიარა და მეურვე დაუნიშნა.
"ქმედუურნარო" ლიზბეტი გენიალური ხაკერია, არ არსებობს ინფორმაცია, რომელსაც ის ვერ მოიპოვებს, და საიდუმლო, რომელსაც ვერ გამოჩიჩქნის, საიდუმლო კი ყველა ადამიანს აქვს, მთავარია, იპოვო.
გაინტერესებთ, რა ბედი ეწია თინეიჯერ გოგოს, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა სრულიად იზოლირებული კუნძულიდან?
წაიკითხეთ და გაიგებთ.
p.s. პოპ-კორნის მომარაგება არ დაგავიწყდეთ, თუმცა შეიძლება არც გაგახსენდეთ კითხვისას, ალაგ-ალაგ ცოტაარიყოს დაძაბულია .
p.p.s. ბავშვი რომ მყოლოდა სახლში, ამ წიგნს ზედა თაროზე შემოვდებდი, არადა, ყდაზე თვალის ერთი შევლებით, ძალიან გავს სასკოლო ასაკის თინეიჯერებისთვის დაწერილ წიგნებს.
No comments:
Post a Comment