დღეს დილით გამეღვიძა და პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა, იყო-
"ვაი, სამსახურში დამაგვიანდა!"
რომ გავიაზრე, რომ კვირადღე იყო, მერე მეორე აზრი მოვიდა-
ააა, პახოდში მაგვიანდება!
საბოლოო გამოფხიზლების მერე მივხვდი, რომ არსადაც არ მივდიოდი, არ მეჩქარებოდა, შემეძლო დინჯად ავმდგარიყავი, ყავა გამეკეთებინა და პიჟამოთი მომეკალათებინა კომპთან.
ხოდა, იმის გამო, რომ არ ვიცი ამ დროს რა უნდა აკეთო, პოსტი გამოვაცხე იმაზე, რას ვაკეთებ ხოლმე შაბათ-კვირას
დილით, 6-7-8 საათზე მაღვიძარა მაღვიძებს, ძალიან გემრიელად მძინავს... თავს ვაიძულებ რომ გაიღვიძოს და ადგეს, თან ნერვები მეშლება, რატომ, რატომ ჩავეწერე/დავიგეგმე, ხომ შეიძლებოდა დღეს მაინც დამეძინა ნორმალურად.
ვყრი ჩანთაში ყველაფერს, რაც ხელში მომხვდება, იმიტომ რომ წინადღეს ვერაფრით ვერ გადავწყვიტე, რა უნდა წამეღო და რა დამეტოვებინა, აუცილებლად მრჩება რამე და ფართხა-ფურთხით გავრბივარ ტაქსის მოსაძებნად ნუცუბიძის მიყრუებულ ბოლოში. ხასიათს ცოტა მიკეთებს დილის სუსხი/სიგრილე და სრულიად მშვიდი და ცარიელი ქალაქი.
ყავის დალევას ვასწრებ, ან ვერ ვასწრებ, მაღაზია თუ ვიპოვე, რედბულს ვყიდულობ, შეკრების ადგილამდე ამრეზილი მივდივარ და ყველა და ყველაფერი მაღიზიანებს. თუ გამიმართლა, ფანჯარასთან ცალკე რომაა, მარჯვნივ, იმ სკამს ვიკავებ და დაგვიანებულების მოლოდინში ვაწყნარებ თავს, რომ ეს შეიძლება ოდესმე მეც დამემართოს და არაა საჭირო ახლა ამათ უპასუხისმგელობაზე გაჯავრება, რომ ყველანი ადამიანები ვართ, ბლაბლაბლა, თუმცა მაინცადამაინც არ მშველის.
როგორც იქნა, გვეღირსა, მარშუტკა იძვრება ადგილიდან, მიდის-მიდის-მიდის, ყურებში მუსიკას ვიკეთებ და ვიძინებ.
დანიშნულების ადგილას მიხვლისას სადაც ბლახები/ტყე/ბუნება/არათბილისი/არანაცნობი/უცხო/სხვანაირი/საინტერესო ადგილებია, ყველა ნეგატიური ემოცია ერთბაშად მიქრება, ვმშვიდდები, ლაპარაკს ვიწყებ, ვიღიმები და როგორც წესი, უკვე აღარაფერი აღარ მაღიზიანებს, თვით ყველაზე გამაღიზიანებელი ადამიანებიც კი.
თუ გასვლა ორ-სამ-მეტდღიანია, შემდეგი დილები ყოველთვის ბედნიერი და კოცონზემოდუღებულყავიანია, ყავა კვამლის არომატით, დილის ცინცხალი ჰაერი, მზე რომელიც გათბობს და გაღვიძებს სუსხიანი ღამის მერე, ხეების, ფოთლების, ტყის, მდინარის და ქარის ხმები და ბალახები შენს შიშველ ტერფებთან.
(აქ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სულ სხვა მე, არა ის, ვისაც ყოველდღე ხვდებით/ეკონტაქტებით)
და მერე უკან ვბრუნდები, დაღლილ-დაქანცული, უკანასკნელი ძალებით ვიწყებ ჩანთის ამოლაგება-დალაგებას, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, შხაპის მერე ამის თავი არ მექნება, ვალაგებ, ჩანთას თავის ადგილას ვათავსებ, ვდგები შხაპში და
ვიწყებ უკან, სახლში/ყოველდღიურ რუტინაში დაბრუნებას, ვიხსენებ რა უნდა გავაკეთო ხვალ, რომ ეს ისეა და ეს ასე.
მეორე დღეს ყველა ხვდება, რომ შაბათ-კვირა უქმად არ დამიკარგავს, ღიმილიანი და მშვიდი სახით დავდივარ ხოლმე. (ნუ, ხო, კაი, ხანდახან წაშლილ-დანგრეული,მაგრამ მაინც კმაყოფილი, თუ ნამეტანი მკვლელი შაბათ-კვირა გამოვიდა)
ისიც მინდოდა დამეწერა, რატომ მივდივარ, მაგრამ ძალიანძალიან გაგრძელდა პოსტი, თანაც მგონი მიწერია უკვე სადღაც...
No comments:
Post a Comment