May 10, 2011

ნისლიანი დედაბერას მთა,ნაწილი პირველი


როცა გაქცევა და საკუთარი ცხოვრებისგან დამალვა მინდება, ლაშქრობებში გავრბივარ, ახლაც ასე იყო, თითქმის სრულიად უცნობ 25 ადამიანთან ერთად სადღაც ტყეში წავედი, საბოდიალოდ, დასაკარგად, კისრის მოსატეხად... მოკლედ, ყველაფრის გასაკეთებლად ცუდ ამბებზე ფიქრის გარდა.

გეგმა გადაჭარბებით შევასრულე, განსაკუთრებით მეორე დღეს, ზანავიდან რომ დავიწყეთ აღმასვლა დედაბერას ქედზე თუ მთაზე და 10 საათი ვიარეთ, აქედან 5 თუ 6 გაყინულ, ნაზამთრალ თოვლზე.

პარასკევს საღამოს დავიძარით და ღამე ჩავმარშუტკდით ზანავში, სოფელია ასეთი, ბორჯომის ტყე-პარკთან ახლოს, ცოტა ფეხითაც გავიარეთ და რეინჯერების კოტეჯამდე მივედით.
შევდივართ და გვხვდებიან ვიღაც უცხო ბიჭები, რომლებიც თურმე ჩვენ მოგვყვებიან, ხტებიან ჭინკებივით ჭერში ანუ სხვენში და ისეთი ხმები ჩამოდის, ფიქრს იწყებ, ნეტა ჭერი გაუძლებს თუ დაგვასკდებიან თავზეო.

დაძინება... მმმ, ესეიგი ვინც სად მოასწრო და როგორც მოასწრო და როგორც მოახერხა, ისე გაშალა პარალონები, ჩემი პარალონი თაროზე შემოდებული უზარმაზარი სავარძლის ქვეშ იყო გაფენილი და რა კარგია რომ არ ჩამოვარდა :D ქაშაყები უფრო ხალვათად წვანან ხოლმე კონსერვის ქილაში, ვიდრე ჩვენ ვიწექით, სამაგიეროდ ცალ გვერდს აყუდებული ლეიბი მითბობდა, ცალს პატაპუტინას საძილე და არ შემცივნია, თუმცა მენჯის ძვლებმა და იატაკის ფიცრებმა ძმობა შეფიცეს იმ ღამეს, ისე ახლო-ახლოს იყვნენ.





მეორე დღის გეგმა დედაბერას მთაზე გადასვლა და ნუნისის მდელოზე დაბანაკება იყო, ბერების სენაკებთან, მთელი დღე უნდა გვევლო ხოდა აღვიჭურვეთ და შევუდექით გზას, სავარაუდოდ ეკლებით მოფენილს. ჯნოსს ისეთები ეწერა თემაში, კბილებით და ფრჩხილებით ვიფოფხებ ალბათ თქო ვიფიქრე და თავიდან უბრალო გრუნტის გზა, ბილიკი და აღმართები რომ დავინახე, მეთქი უი, სულ ეს არის? აბა სადაა თოვლი და კაი ცხოვრება? ის კი არ გამახსენდა რომ 1800-ზე ვიყავით ასასვლელები :D




გზაზე იყო სიმწვანე, აბუსუნებული ნაძვები ახალამოსული წიწვებით, დასველებული ზამთარგამოვლილი შემოდგომის ფოთლებით, იებით, ფურისულებით, ენძელებით .
ჰაერი იყო მწვანე, სველი და ცინცხალი, ნეშომპალის სუნით გაჟღენთილი, ცა- ღრუბლიანი.

რა უცნაური, სალათისფერი მწვანეა აქაურობა თქო, კი გავიფიქრე და მერე ამეხვლანჯა ფიქრები, ყველა გავლილი და გასავლელი გზა ერთად შემომახსენდა. რა უცნაურია ისე, ტყეში ხეტიალისას არასოდეს რომ არ მახსენდება მუსიკა, ზედმეტიც კია იქაურობისთვის, კონტექსტიდან ამოვარდნილი.


ზემოთ რომ ავდიოდით, ნელ-ნელა მოდიოდნენ ნისლებიც, კიარადა, ჩვენ მივდიოდით ნისლებისკენ და გვეგონა რომ ისინი გვიახლოვდებოდნენ.








ერთ ადგილას ველური ჰიაცინტებით მოფენილი მინდორი რომ შემომხვდა, ზურგზემოკიდებული ჩანთიანად გავიშოტე ბალახზე ფოტოაპარატმომარჯვებული.





გაუგებარი მიზეზის გამო, საერთოდ არ გამჭირვებია აღმართებში სიარული, არადა ამ დღემდე მეგონა რომ აღმართებზე ვერ დავდიოდი. (თუმცა კაცი რომ ქსოვრელს აღამართში გაეკიდება, კია მეტის ღირსი,მაგან დამაკომპლექსა მე :ბოლი:)

დიდი შესვენების ადგილი, წყარო და ჩემი პირველი წაქცევის ადგილი (ეს ერთი და სხვა მრავალიო კი გავიღადავე და ისე აგიხდეთ ყველაფერი მე რომ ამიხდა). სველ მორზე ავიფრცქვენი საყვარლად, ზედ მენისკზე მაზის ლურჯი ისა.

ზი ბესთ მინდორი იყო ევერ, სიამოვნებით დავბანაკდებოდი ერთი დღით.

გზა წყაროსკენ

ჰხოდა, მივდიოდით, მივდიოდით, მივდიოდით და ბოლოსდაბოლოს მივადექით თოვლიან მწვერვალებს ანუ იმას, 1800 მეტრიან მწვერვალუკას დასაწყისს.

ენძელები თოვლზე



ნელ-ნელა თოვლები გამრავლდა


და ხეებიც გაჭინკავდა

ნისლიც გამუქდა და გასქელდა და შედედდა


ყველაზე ლამაზი ადგილი მთელ გზაზე, რასაკვირველია იმჰო.


და მერე სულმთლადგათოვლდა და განისლდა და გამისტიურალქაჯებიანადგილდა.
წესით ხის უკნიდან ჭინკას უნდა გამოეხედა ან ტროლს, ან დალს (თუ ეგენი მარტო კლდეებზე ცხოვრობენ?) მაგრამ იმდენები ვიყავით შერცხვა და გადაწყვიტა, სხვა დროს, ცოტა ნაკლები რომ ამოვა, მერეო.

გაზაფხული დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო, მერე გვერდებზე თოვლი გადნაო და ასეთი ლამაზი ორმოები გააკეთაო.

ხოდა მერე მივდიოდით ასე, ნელ-ნელა, აღმართ-აღმართ, საფეხურების ჭრით, ხოდა ჩემს წინ ვიღაც ბიჭი მიდიოდა და სულ იქცეოდა, თან წინ მიმავლების გაკეთებულ ნაფეხურ-საფეხურებს შლიდა და მე მიწევდა თავიდან გასაფეხურება, მოკლედ ისა, არასოდეს იაროთ მძიმე ბიჭის მერე რომელსაც მძიმე ჩანთა კიდია და ფეხი უცურავს.




ისეთი ლამაზი იყო, საცალფეხო ბილიკებად დაწალიკებული ფერად-ფერადსაწვიმრებიანი ხალხი ნისლიან ტყეში, უზარმაზარი ხეების ძირას მიმავალი... ნაკვალევს მივყვებოდით, იმიტომ რომ წინ მომავლები რაღაც მანძილის მერე ნისლშჳ აღარ ჩანდნენ და ალბათ აი ეს აღმართიც და მორჩა-თი ავედი ბოლომდე.



სურათების გადასაღებად გაჩერებას ვერ ვახერხებდი, მოძრაობისასაა ყველა თოვლიანი კადრი გადაღებული.

ქვემოთ დაშვება რომ დავიწყეთ, ნისლის და თოვლის გამო გზაც და ხეებზე ნიშნებიც აღარ ჩანდა და მიახლოებით დავდიოდით, პარალელურად ჯნოსი და ბაქარის რაზმი ბილიკს ეძებდა, ხანდახან ვჩერდებოდით, სამ ადგილას საყვარელი ღელე შეგვხვდა თოვლქვეშ მიმავალი და ზედ გადავიარეთ, რიგ-რიგობით, 30-მა კაცმა. არადა საკმაოდ საშიშია ასეთი თოვლი, რომ ჩატყდეს და ჩავარდე, სასწრაფოდ უნდა გაიხადო და ა.შ. და ა.შ. და ყველაზე მეტი ადრენალინი მანდ მივიღე, სამჯერ რომ გადავიარე და თან წინასწარ წარმოვიდგინე როგორ მეცლება ფეხქვეშ თოვლი, ვვარდები ყინულივით ცივ წყალში და როგორ ვცდილობ გადავრჩე. სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდა, სპირტითაც კი დავიზილე და მშრალი ტანსაცმელი ჩავიცვი ფიქრებში : )))))))))))



რამდენიმე ადგილას ადამიანები დაცურდნენ, იანო კინაღამ ჩანთიანად ჩაიჩეხა, კიდევ კარგი ვიღაც დაეხმარა, მერე იყო და ხათომ წამოკრა ფეხი თავის საწვიმარს და ტალახიან უხეებო ფერდობში ჩავარდა, როგორ შეჩერდა, თვითონაც ვერ მიხვდა. სამი კაცი გადაება რომ ამოეყვანათ, გზადაგზა კინაღამ საწვიმრის საყელოთი მოახრჩვეს. კიდევ დაცურებულან ვიღაცეები, მე არ შევსწრებივარ, ყველაზე საკაიფოდ კი ჩემი დაცურებები მახსოვს.


სიარულით ასე უნდა გევლო: ქუსლი ჩააჭირა, ჩათხარა, სიმკვრივე შეამოწმა, შემდეგი ქუსლით გათხარა, შეამოწმა, დააბიჯა და ა.შ.... ,მე და პატაპუტინა მივფოფხავდით ერთად, თან ერთმანეთს ვამაგრებდით და უცებ რანაირად მოვახერხე, არ ვიცი, ფეხი დამისხლტა, მივქრივარ დაღმართზე, ვგრძნობ რომ ხათო ხელს არ მიშვებს და მომყვება. წინ ხე დავინახე, გავიფიქრე, ო, კაია, ამას ჩავეხუტები! ხელი გამიშვი თქო ვიკივლე, გამიშვა, გავცურდი, ჩასახურბლად შევემზადე და.... გვერდი ავუარე : )))) (აქ კადრსმიღმა ისმის ხათოს კივილი -პერწკლიიიიი) თან მიკვირს, თან ისე მშვიდად მივცურავ ამ დაღმართზე, თითქოს ქვემოთ ლეიბები მელოდებიან და ვფიქრობ, კი მაგრამ, ის ხე ცხვირწინ არ მქონდა? გახტა თუ რა ჯანდაბა ეტაკა? ამასობაში შემომხვდა ტალახი, ქუსლები მივარჭე, ჩანთაც დამაგრდა, ვიღაც ბიჭი მომვარდა და ამაყენა, ვდგავარ და ვიფხრიწები სიცილით.

ამ დავარდნის მერე ნიტო რაღაც მომეშალა ნიტო უკვე ცალ ფეხზე მეკიდა დაცემა, კონცენტრაცია მოვადუნე და სამ წუთში ერთხელ ბრახ და ვიქცეოდი, გავიცინებდი, ავდგებოდი და მივდიოდი და პიკი ის იყო, რეინჯერების ლოდინისას, შედარებით ვაკე ადგილას ჩანთის მოკიდება რომ ვცადე და ძირს გავიშოტე და თან სულაც არ შემრცხვა.

ხოდა , სამჯერ რომ გადავიარეთ წყალზე, აი მანდ უკვე დაიწყო ნერვების ფხანვა, ვისაც არ ეზარებოდა, ამტკიცებდა რომ დაგვაღამდება, რომ აქ დავრჩებით, რომ ვაიმე და უიმე. ორგანიზზტორმა რეინჯერებს დაურეკა და იმათ ამოგვაკითხეს, ბილიკზე დაგვაყენეს, როგორც იქნა, დამთავრდა თოვლი და დავეშვით სულ დაბლა-დაბლა-დაბლა, დაღმართ-დაღმართ. გზადაგზა ბასილა მომყვებოდა და რამდენიმე ადგილას გადაფოფხებაში დამეხმარა.




სანამ იმ რეინჯერებს ველოდებოდით რამდენიმე ბიჭმა კოცონის დანთება ცადა, ალის დანახვაზეც კი გავთბი )))))))


ვეშვებით, აი ის ნიშნები, რაც საყუარელი ნისლის გამო ვერ დავინახეთ კარგად.
პ.ს. რა ბედნიერი სახე მაქვს ))))))))




გავივაკეთ, განათებული მონასტერიც გამოჩნდა მდინარის მეორე მხარეს, მივყვებით ამ ბილიკს და არ მთავრდება... თურმე მდინარე უნდა გადავლახოთ... საბედნიეროდ, სამი ბიჭის ანუ ბაქარის რაზმის დახმარებით სკუპ-სკუპით გადავხტი ქვებზე, მერე მორზე, მორიდან ციცაბო ნაპირზე, ვიღაც მიყვირის რაც შეიძლება მაღლიდან გადადიო და მე ვიყო ცარიელი შპროტის ბანკა, თუ ვიცოდე როგორ ავცოცდი სლიკინა ტოტებზე მოჭიდებული სლიკინატალახიან ფერდობზე, მარცხნივ დავინახე ფაფასავით საფლობი ტალახი, სადაც ჩემს წინ მიმავალი მუხლამდე ჩაეფლო და ჩანთიანად ავხტი, გადავკოტრიალდი გვერდულად და ბალახზე აღმოვჩნდი.

ათიოდე მეტრი აღმართზე ფეხით და რეინჯერების კოტეჯიც გამოჩნდა, იქ იყო სინათლე, თბილი ღუმელი, მშრალი ტანსაცმელი, ცხელი ყავა, სკამი, სადაც ჩამოჯდომა შეიძლებოდა და რბილი საწოლი, სადაც სპალნიკიანად ათწუთიანი ძილი გამოვაცხე.

ვიყავი სულ სველი, სულსულსულ, ტალახიანი, გამოვიცვალე, დავჯექი ღუმელთან და კეთილმა ადამიანმა მომცა ცხელი ყავა და მე ვსვამდი და არ მჯეროდა რომ მთელი ის ემოციები სულ ჩემი იყო, მე გამოვიარე ყველა ის თავგადასავალი და რაღა დაგიმალოთ და ვამაყობდი საკუთარი თავით.

ოღონდ დაღლილი ვიყავი, ფიზიკურად იმდენად არა, ემოციურად უფრო, და ამდენი უცხო ხალხებით, აზროვნება მიჭირდასავით, ლაპარაკზე ვატყობდი.

საბედნიეროდ (ხო,ხო, საბედნიეროდ) 15-ოდე კაცი იმღამესვე გამოგვაკლდა, უმეტესად იმიტომ, რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელიც კი დაუსველდათ ჩანთებში და სხვა გზაა არ ქონდათ, მიუხედავად ამისა, დასაძინებელი ადგილები ისევ დეფიციტური იყო და ზოგს მაგიდის ქვეშ ეძინა, ზოგს მაგიდაზე და ზოგს თავი ედო გასაშრობად ღუმელთან მილაგებულ ბათინკების არმიაზე. მე და პატა ყველაზე პირველები დავწექით, მატრასიანი საწოლი შეგვხვდა და ვაიმე ეს იყო ნეტარება... )))) მთბილოდა მრბილოდა და ალაგ-ალაგ ძილში სიმღერები მესმოდა, გვერდით ოთახში გათენებამდე მღეროდნენ და ქეიფობდნენ...

არ გადაგვრთოთ, გაგრძელება იქნება....

3 comments:

Anonymous said...

"და კეთილმა ადამიანმა მომცა ცხელი ყავა და მე ვსვამდი და არ მჯეროდა რომ მთელი ის ემოციები სულ ჩემი იყო, მე გამოვიარე ყველა ის თავგადასავალი და რაღა დაგიმალოთ და ვამაყობდი საკუთარი თავით." ყველაფრის გადატანა ამ განცდისთვის ღირდა! და კიდევ ვიღაც უცნობი რომ გეხმარება ! სულ ისე უანგაროდ! ეგ გრძნობა მიყვარს!:დ გაგრძელებას ველი!:*

Anabell said...

da mere tbilisshi rom chamoxval : \
saocari adgilebia da fotoebi..

Anonymous said...

gadavirie iseti fotoebia...respect..