October 19, 2010

როგორ შემიყვარდა ზღვა


ჩემი ბლოგი- ჩემი ციხესიმაგრე.
მე ახალი ზოდიაქო მაქვს- პერწკლის
და
ოჯახში მემგონი ერთადერთი ვარ, რომელსაც ჭორფლები არ აქვს და უნდა, რომ ქონდეს (როგორც წესი პირიქითაა ხოლმე)
ერთადერთი ვიპოვე ღაწვზე და ვუფრთხილდები თვალისჩინივით.

დოდკა წერდა რომელიღაც პოსტში, მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ბადრიჯანი არ მიყვარდაო, მერე გასინჯა და აღმოაჩინა რომ უყვარდა.

მე მესამე კლასის მერე მეგონა, რომ ზღვა არ მიყვარდა, გამძაფრებას ხელი მესამე კურსზე ე.წ. ბიოლოგიების პრაქტიკებმა შეუწყეს, როცა დამატებით აღმოვაჩინე რომ არც გადაჭედილ პლაჟზე "ზაგარზე წოლა" მომწონდა, არც ბათუმის ქვიანი პლაჟი და არც გადაძეძგილ ბუნგალოებში რამის წრუპვა . აი მომკალი და 5-ზე მეტი ადამიანი თუა გარშემო უცხო, კუ ,რვაფეხა და კიბო ერთად მემართება. 10 დღე გაძლებაზე ვიყავი...

ამის მერე გავიდა 3-4 წელი და მე, ანდროგვანცა და წივწივა რაჭაში წავედით და საბოლოოდ გრიგოლეთში ამოვყავით თავი. სულაც არ მინდოდა, მარა როცა სამ კაცს უნდა, მეოთხემ უნდა მოკეტოს, ხოდა როცა იქით წასვლა გადაწყდა ამოვიჩარე ჩანთა და წავჩანჩალდი. გამოუძინებლები ჩავედით, გზის გასწვრივ დიდი ჩანთებით დასაბანაკებელი ადგილი ვეძებეთ და როცა საბოლოოდ დავჯექით ქვიშაზე, შემცივნულს და ნესტიანი ჰაერით ცხვირგამოტენილს ერთადერთი სურვილი მქონდა: "სახლში მინდა"!

მერე ნელ-ნელა მზე ამოვიდა, ტანსაცმელები გავიხადეთ, კარავი ავაშენეთ, ცხელ ქვიშაზე გავიარეთ, გამორიყული შეშები მოვაგროვეთ, გამოვიძინეთ, ვიბანავეთ, მზის ჩასვლა ვნახე, საღამოს ზღვის პირას კოცონზე ადუღებული ჩაი დავლიე, ზღვისხმაურიან კარავში დავიძინე და სულაც აღარ მინდოდა სახლში.


მერე იყო გაზაფხული, წვიმიანი და უკაცრიელი ბათუმის ბულვარი, სარფისკენ მიმავალი გზის პირას დაცემული კარავი და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მე მიყვარს ზღვა, ოღონდ არა ისე, როგორც "უნდა გიყვარდეს".

ის ცოცხალია , სუნთქავს, შენი ენერგია მიაქვს და სანაცვლოდ ფუსთას გიბრუნებს, ოღონდ უნდა იცოდე, როდის მიხვიდე.

ნამდვილი ზღვა სტიქიაა, ნაცრისფერი, მოქუფრული ცის ქვეშ დიდი ტალღებით და მარილიანშხეფებიანი ქარით. ნამდვილ ზღვაზე დიდი გემები დადიან და კლდოვან სანაპიროებს ბრაზიანი ტალღები ეხეთქება, იქ სულ მუდამ ცივა, მაშინაც კი, როცა მზეა და ადამიანები ჩაფუთნულები დადიან.

ხოდა მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ საწყალი ზღვა ამდენი ადამიანის ხელში თქო.

4 comments:

Anonymous said...

msoflios 6gigaadamianic rom ertad chayaro, azovis zgvasac ver amoavsebs, aratu shav zgvas da mtel okeanetebs... ase rom ar ijavro shen magaze da datkbi zgvis energiit :)

Sophie שרה Golden said...

მე 'მთელი ცხოვრება' მგონია, რომ შენ ჭორფლები გაქვს და წითელთმიანი ხარ... :დ

პერწკლი said...

lol სოფი :*

პერწკლი said...

ანონიმურო, რომელი ხარ?