December 09, 2009

ოთხკედელსშუა


რამდენიმე თვეა,ოთხკედელსშუა ვზივარ, ფანჯარაც კი არ მაქვს და გარეთ როგორი ამინდია, არ ვიცი. აქ ყველაფერი სუფთაა, დღეში ორჯერ დეზინფიცირდება მინიმუმ. ჩემი ხელებიც არასოდეს ყოფილა ასეთი სტერილური, თმა კი, რომელიც არასოდეს შემიკრავს, დაწნული კიდია, ჩამომხრჩვალი და უფერული, მუმიასავით.
აქ კვირაში ორჯერ საშინელი ტანჯვით იღუპება მილიარდობით ბაქტერია იმისათვის, რომ ადამიანებმა კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვრონ. ყოველსაღამოს, გულგრილად ვანთებ ულტრაიისფერ ნათურას და ვხურავ კარს. კარსუკან ცოცხალი ორგანიზმები რჩებიან. (მერე რა რომ მიკრო?)
ჩემს გარშემო არასოდეს ყოფილა ამდენი და ასეთი სისუფთავე, მე კი, უმადურ ცხოველს, მენატრება მტვერი, ჭუჭყი და ტალახიც კი, ლაშქრობაში ხელ-ფეხზე მოცხებული. ვერც წარმოიდგენთ, რა სიამოვნებით წავიდოდი ახლა ჭუჭყიან ტყეში, გავგორდებოდი ძირს და "გავისვრიდი" ხელს "ჭუჭყიან" ბალახზე, შრიალა ფოთლებზე ან ყველაფერზე, რაც გარშემო იქნებოდა.

No comments: