სათნოება დავიწყებული სიტყვაა
და ჰგავს სხვაგანმყოფ საავადმყოფოებს,
ვარდისფერ პალატებში მწოლიარე სევდიანი პაციენტებით.
სასწრაფო მანქანებით დაჰქრიან პოეტები.
მიდიან ერთი ყვავილიდან მეორესთან,
ერთი ვარსკვლავიდან მეორესთან,
ერთი ნიჟარიდან მეორესთან,
და ტოვებენ მათთან თითო წვეთ სისხლს.
უკან დაბრუნებულები ეჯახებიან სიტყვებს,
უეცრად ამოსულებს, მოლივლივე ფიქრების ტბიდან.
წერდე იმაზე, ვისაც არ ესმის,
რაც ესმით, იმაშიც ვერ ხედავენ მწვანე ველს,
სადაც ცხოვრობენ თითები,
ბალახის ღეროებზე წამოცმული მარწყვები,
ჭიამაიები, პეპლები, ფერიები, ფისოები,
თავიდანვე დაბნეულობისთვის,
ტირილისთვის განწირულნი.
ყაყაჩოები ლოცულობენ ცისარტყელებზე
და ცოცვით მიიწევენ ჰაერის სვეტებზე,
ნამზევარი ცისკენ.
ლოცვა - ცოცვაა ღმერთისკენ
ღმერთი კი შეშლილი კოსმონავტია,
რომელიც დიდი ხნის წინათ გაფრინდა კოსმოსში.
განთიადისას ნამის პატარა წვეთები
ენას უყოფენ მინდვრის ყვავილებს
და ახლადგაღვიძებულ ჭიანჭველებს.
შეშინებული სინაზე სწავლობს ფრენას
და ზევიდან დიდი ადამიანებიც
ბავშვებად ეჩვენება.
ვარდისფერი ველოსიპედებით, ავტობუსებით, საჰაერო ბურთებით
პოეტები მიდიან ერთი გულიდან მეორესთან,
ერთი თვალიდან მეორესთან,
ერთი ყურიდან მეორესთან
და უტოვებენ ლექსებს...
ჩვენ ყველანი წმინდანები ვართ!
/ალექსანდრე ჩიღვინაძე/
No comments:
Post a Comment