August 13, 2008

Forest


უბრალოდ ვყიდდით საკუთარ ტყუილებს ერთმანეთზე,
უშემოდგომოდ
და მხრებზე როცა მასვენებ
წლობით ჩადენილ და არდავიწყებულ გაცრეცილ ამბებს,
მე მაღლა ვიჩეჩავ, რომ უფრო ახლოს მივიტანო ისინი ყურთან..
არადა ტკივილს სულ არ სჭირდება კბილებში გაცრა,
შუშის ქილებში ჩაწნეხილ და ყინვისთვის შენახულ
ყვითელ ყვავილებს ისედაც ყრიან საღამოობით სასაფლაოზე..
უბრალოდ ვყიდდით მზერის თაიგულებს
ღამით გამართულ გაუგებრობის აუქციონზე,
დაუფიქრებლად
და როცა მიტოვებ საკუთარ სიტყვებს გასასეირნებლად,
მე სულ გთანხმდები და შემდეგ ჩემთან, სახლში ვკეტავ მძევლებივით,
რომ უსასყიდლოდ, ყოველგვარი თანხის გარეშე
მივისაკუთრო..
უბრალოდ კარგად გვეყიდებოდა თეთრი წიგნები, ყდების გარეშე,
აუკინძავად
და ახლა მხოლოდ შენღა იცი, რა ფასი ედო იმპორტულ გრძნობას,
ტვინის პიკიდან ჩამოტანილს გულის ფსკერზე
და დამიწებულს..
რა ვქნათ რომ აღარ გვახსენდება ჩვენი სიზმრების
და ოცნებების ყოველთვის მკვეთრად გაყალბებული სტატისტიკა,
რომ შენ, მრავალგზის ჩემპიონი ჩემი ცრემლების ოლიმპიადის,
ერთ უბრალო დღეს წამიერად გადაიქეცი არაფრის მქონედ
და ჩემი უსულგულო ლექსების დახლზე ჩამომიჯექი..
მე კი რატომღაც ვერ გიცანი წითელ კაბაში
და პირველივე ბებერ კლიენტს სულ უსასყიდლოდ მიგაჩუქე,
უშემოდგომოდ..
უბრალოდ მხრები აღარ დამრჩა ტვირთის საზიდად,
ყურთან უფრო ახლოს ასაქაჩავად, სასაფლაოსთვის
ყვავილების ამოსაკრეფად
და ალბათ, მხოლოდ ამიტომ თუ გადაგივიწყე..
(c) xviara

1 comment:

Anonymous said...

Like it . . sandros 'saa. .', 'hiran', 'mare' da es . . yvelaze metad (: