გამარჯობა ღმერთო.
მეგობარმა მომასწავლა შენი მისამართი
.ძლივს მოვაგენი.
თან საათნახევარიც დავაგვიანე.
რა შორს ცხოვრობ თურმე ცენტრიდან.
გადმოგცეს, რომ შემოგირბინე?
თქმა მინდოდა.
ამოთქმა უფრო.
უკვე გატყუებ – მოთქმა მინდოდა.
შენ არ იყავი, ტყუილისთვის
ადრე ცხვირი რომ დამიგრძელე?
და მკერდი როცა გამიზარდე, გახსოვს, როგორ გავაპროტესტე?
მხრებში მოხრით – ასეთი დავრჩი.
მაგრამ,
მაინც ვერ დამსაჯე კარგად.
მამაჩემმა მითხრა ერთხელ,
ღმერთი დაგდისო თვალებში, როცა იღიმი...
მაგ დღის მერე გაკვირდები, იცი, სარკეში.
მაგ დღის მერე გრეცხავ ცრემლებით,
როცა შენი გაქრობა მინდა.
ახლაც ასეა.
ეს გზაც შენამდე დღეს იმიტომ გამოვიარე,
რომ მეთქვა,
იქნებ წახვიდე ჩემგან,
თუ არ მიშველი.
თავხედობაა,
მაგრამ პასუხი დღესვე უნდა გამომიგზავნო.
გნებავს, ბალიშის ქვეშ შემიცურე,
მე ხელებს შევყოფ და სიტყვები
წურბელებივით დამასხდებიან.
და თუ ამ სიტყვებს სიზმარშიც კი
უშეცდომოდ გავიმეორებ,
დავრწმუნდები,
ლოცვა ვისწავლე.
ლოცვა შენი დაბრუნებისთვის...
3 comments:
შენია?
მომეწონა ძალიან :)
არა, არაა ჩემი.. ფორუმზე ვიპოვე და მგონი ვარდისფერი ავტობუსის რომელიღაც ავტორისაა....
vafsheta es mgoni inspeqtorisaa :user:
Post a Comment