February 06, 2011

წერილი ჩემს სიზმრებს და ოცნებებს




ბონუსად ამას მოუსმინეთ


აუ როგორ მიყვარხართ თქვენ არ იცით, განსაკუთრებით ოცნებები, შანსი არაა, გიოცნებოთ და არ ახდეთ.

სიზმრები კიდევ... აუ კაით რა ასე არ შეიძლება, როდემდე უნდა მესიზმრებოდეს ადამიანები, რომლებიც მომავალში უნდა გავიცნო? კაი, ერთხელ რო გნახულობთ და მეორედ და მესამედ მეორდებით და მამახსოვრდებით რა წესია? მერე რეალში რომ ვნახულობ იმ ადამიანებს და სიტუაციებს და ვა, ეს სიზმარი იყო და ისედაც არ ვარ მთლად დალაგებული და სულ მრევთ :/
ფლორენციის ის მოედანი რაღამ დამასიზმრა სამჯერ, ჩემამდე არ დადის :/ იქნებ თქვენ იცოდეთ?

აი ამასწინაც ვიღაც ტიპი ვნახე სიზმარში და რომ გავიღვიძე ისეთ ტრაურში ვიყავი, დამანებეთ თავი, თავისუფლება მაცალეთ თქო :/ თან ვერ ვიცანი ვინ იყო და კიდევ უფრო დიდ ტრაურში ჩავვრდი ესეიგი ჯერ არ ვიცნობ თქო.

ყველაზე ძალიან მაინც ის მიყვარს, საშუალებას რომ მაძლევთ გმართოთ, ვაცნობიერებ რომ სიზმრებია და სიმაღლიდან ვხტები, მანქანას ვმართავ, დავფრინავ, ერთხელ ბანკიც კი გავძარცვე და დამჭრეს მხარში. ერთი ეგაა, ვერასოდეს ვერ მივედი ზღვამდე.

კაციც ვყოფილვარ სიზმარში, საკუთარი თავიც დამინახავს შორიდან, როგორ კვდებოდა და ვერ ვშველოდი, მაშინ მივხვდი, ცხოვრებაშიც ასეა, მთელი ცხოვრება გვერდიდან ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორ კვდებოდა, და ხელს არ ვუშლიდი.

ოცნებებო, თუ ცნებებო, თუ მელოდიებისგან გამოწვეულო ხვეულხლართებო, იქნებ იმიტომ ვარ ისეთი, როგორიც ვარ, რომ თქვენი გამოწვევა შემიძლია და ხანდახან მგონია, რომ იმაზე გაცილებით მეტი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე ვიცხოვრე. ბალახზე როცა ვწევარ და ვარსკვლავებიან ცაში ვიყურები სულ მეშინია რეალობის შეგრძნება სამუდამოდ არ დამეკარგოს და იქ არ გავფრინდე, ცაში, როგორც ბავშვობაში დავყავდი სიზმრებს, უფრო სწორად, ზმანებებს. ძილის წინ, თავლდახუჭული, ვგრძნობდი, როგორ ვიწეოდი საწოლიდან, დავლივლივებდი სადღაც, სივრცეში, დედამიწა იყო უზარმაზარი და ამავედროს იმდენად პატარა, რომ საჩვენებელ და ცერა თითს შორის ვერ ეტეოდა, უზომოდ მძიმე და ამავედროს უწონადო. ან სიზმრები იყო, ან ოცნებები, ყოველშემთხვევაში 4-5 წლის ასაკში გარტყმაში არ ვიყავი, კოსმოსი და უწონადობა რა იყო.

ხოდა ასე

გამარჯობა

მადლობა, რომ არსებობთ

თქვენ რომ არა

რა აზრი ექნებოდა ცხოვრებას.

და

არ ხართ თქვენ ქვეცნობიერი, თქვენ მე ხართ
ბევრი მეები
განსიზმრებული
იმ რამეების მისახვედრად
და
შემოსალაწუნებლად მოსულები
რომ კიდევ და კიდევ შემახსენოთ რომ მე უნდა ვიცხოვრო
სანამ არ მოვკვდები.

ლავ იუ, გაიზ.

1 comment:

Kate said...

წარმომიდგენია ბანკის მძარცველი პერწკლი. :დდდ