December 01, 2010

გაყოფილი სახლები, დაყოფილი ოჯახები, შეწყვეტილი გვარტომობები


არ ვიცი, გინახავთ თუ არა სოფელში სახლები, რომლებიც ორადაა გაყოფილი, ორი ოჯახისთვის.
ზუსტად შუაზეა ღობე გავლებული და ერთ დროს ერთ დიდ სახლს ახლა ორი ჭიშკარი, ორი კიბე, ორი აივანი და ორი ეზო აქვს. ზოგჯერ ღობე და გაყოფა უბრალოდ, სიმბოლურია, ზოგჯერ, სამკვდრო-სასიცოცხლოდაა გადაკიდებული ორი ნახევარი.

მთელი ბავშვობის ზაფხულები მსგავს "გაყოფილ" სახლში მაქვს გატარებული.
ჩვენ პირველ სართულზე დიდი მარანი გვერგო, სამაგიეროდ მეორე ნახევარს დიდი რიკულებიანი აივანი ქონდა მეორე სართულზე, რომელიც ჩემებმა ჩვენს მხარეს ამოაშენეს და საცხოვრებელ ოთახად გადააკეთეს.

ჩვენს მხარეს კედლებზე შპალიერი იყო და კომუნისტებისდროინდელი ავეჯი იდგა, იქით კი კედლები იყო შეღებილი და ძველისძველ, ხის კომოდებში ნიკოლოზისდროინდელი ფული და წამლები, ჯამჭურჭელი და ნაფტალინისსუნიანი ძველისძველი ტანსაცმელი ინახებოდა, ასე, 1950-ს მერე რომ არ ჩაუცვამს ალბათ პატრონს.
აკვანიც იყო იქით, ბოთლში დასპირტული კიტრიც და ხარება და გოგიას სურათი, აი ის, რომ მოკლეს და სურათი გადაუღეს, მუყაოზე დაკრული.
ვიღაცამ წაიღო, (ტრადიციულად, გავმეორდები, შხამად შეერგოს).

"ჩვენს" და "იმათ" სახლებს საძინებელში მყოფი თეთრად შეღებილი, ხის კარი ყოფდა და როცა წამოვიზარდე, ნელ-ნელა დავიწყე იქაურობის "გამოკვლევა".
აღმოვაჩინე ალბომები ძველისძველი სურათებით, ტანსაცმელი, ძველისძველი უცნაური ფორმის რკინის ჭურჭელი, ლამპები, ჭრაქი, უზარმაზარი ფულის ბანკნოტები, წამლები და, ქვითრებიც კი.
ჩემი საყვარელი გასართობი იყო უჯრებში ქექვა. საათობით ვარჩევდი, ვალაგებდი და ვცდილობდი წარმომედგინა, როგორი ხალხი იყენებდა ამ ნივთებს.
ერთადერთი უჯრა იყო მუდმივად დაკეტილი და რომ მახსენდება, ახლაც გული მწყდება, როგორ არ გავტეხე და გავქექე, ა?

ადრე ამ სახლში 9 შვილი ყავდათ, ახლა აღარცერთი, დედაჩემის მახსოვრობას მხოლოდ მოხუცი ქალი შემორჩა და იმ ქალის რუსი რძალი, რომელიც თურმე ჩუმად იმეორებდა "პადალშე ატ ეტავა დომა, პადალშე". (ციგანკა იყო, თუ რაღაც ამდაგვარი).

პირველ სართულზე ცემენტისიატაკიანი ოთახი ქონდა დაკავებული, ხის ტახტით, ხისავე მაგიდით, შესასვლელში პატარა ხის სამუჯრიანი კარადით. ბუხრით და ცემენტისავე ე.წ. წლის ნიჟარით, ოღონდ იქ წყლის ონკანი არ იყო, ჯუსტ წყალი შეგეძლო ჩაგესხა და ეზოში გამოვიდოდა.

და ერთი ფანჯრით, გისოსიანით, ისეთი პატარით, თავს რომ ძლივს გაყოფ.

ყავდა კატა, ანთებდა ბუხარს, არასოდეს ადიოდა მეორე სართულის ოთახებში და ხანდახან, რუსეთიდან წერილებს იღებდა, შვილიშვილების სურათებით.

ცხრა შვილი გააჩინა, აქედან 5 ბავშვობაში მოუკვდა, ერთი ახალგაზრდობაში, მთაში, უღელტეხილზე ჩიანამქრა, ერთი რუსეთში გადაიხვეწა და ერთადერთი ქალიშვილი იქვე სოფელში გაუთხოვდა.

ხოდა, რაშუაშია, და დღეს საღამოს მომივიდა აზრად, ცისკარიშვილების ის ოჯახი, რომელიც იმ სახლში ცხოვრობდა, ფაქტიურად ამოწყდა, გვარის გამგრძელებელი აღარაა არავინ დარჩენილი, ყველა ან მოკვდა, ან გოგო გაუჩნდა.
რამაგარია, მე ფაქტიურად გვარის განშტოების დასარულის მომსწრე გავხდი :მო:

ერთი ნათესავი მყავს კიდევ, გვარში ერთადერთია დარჩენილი, წარმოიდგინეთ, მთელ გვარში! იმედია გამრავლდება :უსერ:

1 comment:

Agasfer said...

მეც დამაინტერესა იმ უჯრამ, რატომ არ გატეხე :mo: