April 06, 2011

მზეები



დაბადების დღე-22 ივლისი.
ზოდიაქო-კიბორჩხალა, წყლის ნიშანი.

კი, როგორ არა...

მზის ადამიანი ვარ მე.

მზის, რომელიც დილაობით ფანჯარაში მიჭყიტინებს, ფარდაზე მოქარგულობებს მიხატავს და მეუბნება-გაიღვიძე, კიდევ ერთი თბილი და ჟღურტულა დღე გათენდა-ო.



ის მზე მიყვარს, ზაფხულობით ბალახზე გაწოლილს რომ მადნება ზედ და მთელ სხეულში მივლის ჟრუანტელებად, გამლღვალი შოკოლადის ნაკადულებივით, ვანილიან კექსზე.


შემოდგომობით ლბილად რომ მეფერება ორი ზომით დიდ, ნაქსოვ ჟაკეტში ჩაფართხუნებულს და აივანზე მოკალათებულს, თან კი ყურძნის, კარალიოკის, აბოლებული ფოთლის გროვების და ახალნაწვიმი თივის ზვინების სურნელი მოაქვს.


ზღვა რომ ირეკლავს, ის სხივები მიყვარს, თვალს რომ ჭრიან, სულში მიძვრებიან და იმ ამბებზე მიყვებიან, ოდესღაც რომ მომხდარა ჩემსკენ, მითარგმნიან და გარშემო დასუნსულებენ, იქნებ რამე ახალი დამაცდენინონ, აიტაცონ და თავის ნებაზე ააქარაშოტონ სამყარო.



გაზაფხულის შხაპუნა წვიმის მერე გამობრჭყვიალებული მზეც ჩემიანია, ოზონის, აყვავებული ხეების, გათიბული ბალახის და სველი მიწის სურნელით. ძარღვებში რომ გივლის სიგიჟედ.




ლაშქრობებში რომ ცხვირს რომ მიწვავს შუადღისას, დილით კარავიდან გამომძვრალს მესალმება და მაფხიზლებს, საღამოობით ცას ღებავს ფერად-ფერადად და კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ოდესმე მეც ავიღებ ფუნჯს მარცხენა ხელში და დავხატავ, ზეთის საღებავებით, მსუყე, ხალასი ფერებით, ხის ჩარჩოზე გადაჭიმულ ტილოზე. გვერდით კი მეჯდება კატა.



ზაფხულში, მზის ყველა სიკვდილს ფერები რომ მოყვება, ეგ მიყვარს.




ადამიანები-მზეებიც მიყვარს, თვითონაც რომ ხვდებიან ხშირად, როგორ მზეობენ. ზოგჯერ მამჩნევენ, გამომელაპარაკებიან ან რამეს გაიფიქრებენ, ან, ვერც შემამჩნევენ ისე გაიხედავენ სადღაც, იქეთ, მე კი სულ მახსოვს, რომ ისინი არსებობენ დედამიწაზე და არც ისეთი უმზეოა სამყარო. გოგოები, ბიჭები, ბავშვები, გაფანტულები დედამიწაზე, ჩემი მოთხოვნილებისთვის- მე მზეები მჭირდება სიცოცხლისთვის.


იქნებ თქვენც ხართ ვიღაცის მზე
და არ იცით?

p.s. ყველა სურათა, სადაც მე არ ვჩანვარ, და პირველი, სადაც ვჩანვარ, ჩემს მიერაა ნაცოდვილარი :უსერ:

4 comments:

Anonymous said...

კარგი წასაკითხია

<> --იქნებ...

Anonymous said...

რა თბილი და მზიანი პოსტია :) ნამდვილად ადამიანი მზე ხარ :))

იკა said...

როგორ მინდა შენნაირი ადამიანები ძალიან ბევრი იყვნინ ჩემს ირგვლივ, მალამოსავით დამეფინებოდა "ცივი ადამიანებისგან" გაყინულ გულზე შენი თბილი სხივები...

Anton Ego said...

იკა რომელი ხარ, ტაში მინდა დაგიკრა!