January 20, 2010

სახლი ყველასათვის

ქალაქგარეთ დიდი, ღია ნარინჯისფრად შეღებილი სახლი დგას, უზარმაზარი ბაღით, მოვლილი გაზონებით და ხის სკამებით, რომლებზე დაჯდომისასაც ზურგი არ გტკივა უხერხულობისგან.

სახლს პირველ სართულზე ფართო, ხის აივანი აქვს, აი ისეთი, დასავლეთში რომ უკეთებენ ხოლმე ოდა სახლებს, რიკულებით და ფართო მოაჯირით, მოხერხებულად რომ დაეყრდნო, სანამ მეზობელს გასძახებდე მეორე ეზოში. აივანზე სარწეველა სავარძლები დგას. ერთ მათგანში ბებიას ჩასძინებია, სათვალის მოხსნა დავიწყია და ისევ ცხვირზე აკოფსია.

სახლში ბევრი, ძალიან ბევრი ოთახია და ყველა მათგანში ვიღაც ცხოვრობს, ზოგში ორნი, სამნი, ზოგიც ისეთი ჭირვეულია, მარტო შესახლებულა.

ამ სახლში საკვებიც უბრალოა, ტანსაცმელიც და ავეჯიც, მთავარია, რაც შეიძლება მეტს გაუნაწილდეს.

ეს სახლი მოხუცებისთვისაა, მათთვის, ვისაც ყველანაირ ამინდში, წელში ოთხად მოხრილებს, ფეხებმტივანებს, ათობით მარშუტკის მოვლა და წვრილმანის გაყიდვა უხდებათ, რომ საღამოს პური შეჭამონ და ცხელი ჩაი დააყოლონ.

მათთვის, ვინც მეტროს გადასასვლელებში საათობით დგას ხელჯოხზე დაყრდნობილი და მოწყალებას ითხოვს.

იმ თეთრი, ძველებურ, ნათფალინისსუნიანპალტოიანი ნემსების გამყიდველი მოხუცისთვის, დღეს ასე რომ გავდა ბებიაჩემს.

წნევადარტყმული დიდოსთვის, შაროსთვის, ჩემს ბავშვობაში, სოფელში, ვიღაცის ნაწყალობევ ფარდულში სიცივისგან რომ გაიყინა ლოგინიდან ჩამოვარდნილი.

იმ მუჭანახევარი ბებოსთვის, აუტანელ სიცხესა და ყინვაში პასაჟის დერეფნებში რომ თხოულობდა ხოლმე მოწყალებას

იმ ბებოსთვისაც, მაღლივში სემიჩკა იყიდეთ შვილებოო, რომ იხვეწებოდა. ცუდი სემიჩკა იყო და სტუდენტებიც უფულოები, მაგრამ ყიდულობდნენ :)

და ბოლობოლო, მათთვის, სქესის და ასაკის განურჩევლად, ვისაც თავშესაფარი უნდა.

იმ ბაბუაბისთვის, რომლებიც ალბათ ისეთივე მიუსაფრები არიან, როგორც ბებიები, მაგრამ რატომღაც არ ჩანან გარეთ

პ.ს. სამწუხაროდ ეს სახლი არ არსებობს, იმიტომ რომ მე ფული არ მაქვს და არც იმდენი შემართება, რომ სპონსორები მოვიძიო და რამე გავაკეთო.

5 comments:

Int3lig3nt said...

მუჭანახევარი ბებო - მგონი ის არის, ვინც მე მგონია... ძალიან მიყვარს ეს ბებო და ხშირად ვფიქრობ მასზე.

ალბათ 10 წლის წინ ვნახე პირველად.
პასაჟში იდგა ხოლმე, სამად მოკეცილი, პატარა გაციცქნილი ბებო, თეთრი ნათელი სახე ჰქონდა (მხოლოდ ცხვირი დაწითლებოდა სიცივისგან) და იატაკს ჩასცქერდა, მორიდებულად ხელგამოწვდილი.
იმის მერე რამდენჯერმე ვნახე და შემდეგ რამდენიმე წელი აღარ მინახავს.
პრინციპში არც მიწევდა პასაჟისკენ ხშირად გასვლა.
ეს ბოლო ხანები ისევ დავინახე და ძალიან გამიხარდა, რომ ცოცხალი ყოფილა :).
კიდობანთან დგას ხოლმე, ამჯერად უკვე ოთხად მოკეცილი და კიდევ უფრო დაპატარავებული.

მოვინდომე რომ ფულის გარდა კიდე რამით დავხმარებოდი, მაგრამ ვერ გამოველაპარაკე :(.
მინდა, პატარა, ნაჭრიანი დასაკეცი სკამი ვუყიდო, რომ შეუმსუბუქდეს იქ ყოფნა ან რა ვიცი რითი შეიძლება კიდე დახმარება.

ბოლოს როგორც იქნა გადავწყვიტე, დავლაპარაკებოდი და შემეთავაზებინა რამე, მაგრამ ახალი წლის მერე აღარ შემხვედრია :(.

კაი, მეყო ბოდიალი, ბოლო-ბოლო პერწკლის ბლოგია, ჩემი კი არა.

მადლობა პერწკლი :*.
თუ კიდევ ნახე მუჭანახევარი ბებო, აუცილებლად დაწერე აქ :).

Int3lig3nt said...

ახლა კიდე გადავხედე და შეიძლება არ იყოს ის.
ჩემი მუჭანახევარი ბებო არ ითხოვდა მოწყალებას. სულ ჩუმად იყო, მხოლოდ მადლობის თქმა იცოდა ხმადაბლა :).

ვსიო, გევედი... გევედი...

პერწკლი said...

კი, ეგაა :)

Kate said...

:((((

Int3lig3nt said...

წინა კვირაში ვნახე, პასაჟის ქვემოთ იჯდა კიბეებზე :).
ძალიან გამიხარდა მისი დანახვა :).