July 17, 2008

ჩვენს ფოტოებში...


ჩვენს ფოტოებში
ჩვენ ვპოულობთ უკან მაგარ უცნობებს
და ჩვენ არ ვიცით მათი ვინაობა და
რატომ მოხვდნენ ვითომდა შემთხვევით კადრში
რომელიც ჩვენი ფულით იყო ნაყიდი
ან რატომ შეგვხვდნენ სულ შემთხვევით მერე ქუჩაში
და ასე რატომ გვეცნობოდნენ
ჩვენ კი ვერაფრით გავიხსენეთ საიდან, როგორ.
და ვინ იცის ჩვენც რამდენ ფოტოში ვართ
გახერგილები
და სულ უცნობ ალბომებში შემთხვევით ვცხოვრობთ...
და იქნებ სწორედ ამიტომაა რომ მეუცხოება ის სამყარო
რომელშიც მხედავ
და იქნებ სწორედ ამიტომ მგონია ყველა ვინც მხვდება
ამ სამყაროში სრულიად უცხო.
და იქნებ სწორედ ამიტომ ვერ მიგებ
და ამიტომ გესხვანაირები.
იქნებ მე და შენ სულ სხვადასხვა სამყაროებში ვართ
და უბრალოდ ერთმანეთს ვხედავთ
_ფოტოს უკანა პლანზე მდგარი უცნობებივით,
და ამიტომ ვერ ვიხსენებთ ერთმანეთს.
და ამიტომაც ერთმანეთის კი არა
სულ სხვა ადამიანების ალბომებში დავიდეთ ბინა.
და ნუ გაიკვირვებ, თუ კი ერთხელ
სულ შემთხვევით მოვალ და გიცნობ
და გეტყვი რომ შენ მე მახსოვხარ
ჩემს ფოტოსურათს თითქოსდა შემთხვევითი
გამვლელივით რომ დაესიზმრე
სწორედ იმ სიზმარის
გამჟღავნებული ნეგატივიდან
/დათო ყანჩაშვილი/

No comments: