June 13, 2008

მოგონებული ნივთები


ხოდა

დღეს რა მეტაკა არ ვიცი და ჩემი მოსაგონარი ნივთების დალაგება გადავწყვიტე, ბოლობოლო როდესმე ხომ უნდა მომეწესრიგებინა. სველი ტილო ავიღე, გადმოვყარე,გავწმინდე და თავიდან დავალაგე:

ძალიან ლამაზი დეკორატიული ქვა სარფიდან და იდიოტურად მოხატული ქვა ბათუმიდან,პრაქტიკებზე რომ ვიყავი , მაშინ ნაპოვნი, ზღვის ქვები ბათუმიდან, დავხვეტე და წყლიან ვაზაში ჩავყარე, არ არიან მეტის ღირსები....
ხო... მერე გათლილი ჯოხი და პაწუკა გირჩი რკონიდან, ჩემი პირველი "კარვიანი", ფორუმილი ლაშქრობიდან გამოყოლილი... : )))) არც არავის ვიცნობდი, არც არავინ მიცნობდა... მაშინ ვნახე მექსი, ფეხსაცმელი რომ დამისველდა და მოწყენილი ვიჯექი პარალონზე, მოვიდა დაპარკის ფეხსაცმელები გამიკეთა... არადა არ მომეწონა მაშინ, უარყოფითი შთაბეჭდილება დატოვა ძალიან.... მეტჯერ არც მინახია, პრინციპში, მაგრამ სიკვდილმა იმოქმედა... იმდენაც ადამიანზე არ დამწყდა გული, ვისაც არ ვიცნობდი, იმაზე დავფიქრდი რომ ერთ დღესაც , ასე, სადმე წასული, შეიძლება ვერასოდეს დავბრუნდე სახლში.....
ნუნისელი გაფხოკილი, წიწვებგაცვენილი ნაძვის თუ რაღაც ამდაგვარის რტო.... რატომ ვინახავ? პატაპუტინას მაგონებს... და მგლებს... და კოცონთან ღამე, სპალნიკში ძილს,( არ ვაპირებდი არადა, ვერც გავიგე ისე ჩამეძინა)))). იქ გავიცანი წივწივა და ალექსაც. უფრო სწორედ, წივწივამ თავისი კურტკა მომახურა, ძალიან რომ მციოდა, მე კი ასეთი რამეები მამახსოვრდება კარგად... თან თურმე მთაში დადიოდა და კლდეზე ცოცავდა.... პირველი მთაშიბოდიალა გავიცანი და ძალიან გამიხარდა და გამიკვირდა.... ალექსაც ყოფილა, არ მახსოვს,თვითონ მითხრა : ))))
შატილელი მთის ბროლი........ შატილი....მიხაროდა შატილში, თითქოს დაკარგული სახლი ვიპოვე დიდი ხნის შემდეგ... მთის ბროლის კრისტალები წყალში ვიპოვე,მდინარეში.
ბერტი ბოტის ყველანაირი გემოს კანფეტი------ეისიდ ბარი, ჰერმიონი, ჯინი, მორეირა, ხვიარა, ჰარი პოტერი, ჯადოსნური პორტალი, ინტერვიუ... :)))) ბავშვობა..... ჯადოსნური სამყაროს პატარა ნაწილი, დადებითი ნაპერწკალი ჩემს ცხოვრებაში.
თიხის შეღებილი პატარა სოსკიანი ბავშვი... 16 გავხდი რომ მაჩუქეს, მგონი. სკოლასთან,მარის,ბეროსთან ასოცირდება და უბრალოდ, ჩემ იმდროინდელ მეს მაგონებს.
ბირთვისელი ხის ქერქი, და გამხმარი უვიწყარები..... არ დამავიწყდება ბირთვისები.... ის კლდეები, ქარი, და ენიას კელტური მელოდიები..... შენ სულსულ მაღლა ზიხარ, ყველა კლდეზე მაღლა, ქიმზე, ფეხები ჰაერში ქანაობს, ცოტა გადაიწევი და....ფრი...... და აღარ იქნები..... სასწაული სიჩუმე და სიმშვიდე , მიუხედავად იმისა ,რომ ქარი გიწეწავს თმებს, არ არსებობს არაფერი ამ მომენტის და ამ წამის გარდა.. დრო ჩერდება თითქოს ბირთვისებში.... ლამაზია საქართველო.... განსაკუთრებით ლამაზია ბირთვისები, მზე როცა ჩადის.... სისხლისფერ-აგურისფერ-შავია კლდეები, გადაგრეხილი ერთმანეთში, მთელი სისტემა, კუნძულივით ამოსული ვაკეზე.... შორს ჩანს როგორ მოდის წვიმის ღრუბელი, ქუხილიც აღწევს, მოვიდა ნელ-ნელა ჩემამდე, ქარი და წვიმის მსხვილი წვეთები დამიშინა... ჯიუტად გავაგრძელე კლდეებზე ჯდომა, მაწვიმა-მაწვიმა და მერე ისევ თავისი გზით წაწვიმდა.... მიყვარს საქართველო...
დადუკას მოსაგონარიც მაქვს... დადასი კიარადა, დადუკასი.... ბანანებიანი სამაჯური, ჟუვაჩკა, ხურდა და წითელთვალება თავისქალა.... შესანდობარი იყოს....... წითელი კულული აკლია მხოლოდ......
კიდევ..... ხევსურეთიდან ჩანთით ნათრევი სიპის ქვა და ჯოხი მაქვს.... საწყალი ჯოხი თავიდან მეტრი იყო... მერე....მესამე დღე იყო, დილის 9 საათიდან დაწყებული მოვდიოდით ,დაღამდა , საშინლად წვიმდა,ელავდა, გრუხუნებდა, მთელი დღის ნასიარულებს, ფეხები მტკიოდა ისე, რომ ავტოპილოტზეც ვეღარ მივდიოდი, წამოფარებული მქონდა საწვიმარი, მხრები მტკიოდა ჩანთისგან ,მივდიოდი ქვიან გზაზე,ხეობაში, ველოდებოდი ყოველი მოსახვევის მერე სოფლის სინათლეების გამოჩენას, და არადა არ ჩანდა... გაგვაფრთხილეს თან ,მეცხვარის ძაღლები დადიანო,ფრთხილადო და მეჭირა ეს ჯოხი,ხელს ვუწერდი და იმხელა ძალას მაძლევდა... ვერ გადავაგდე, ახლაც შენახულია....
......
ბაღიდან გაფერადებული ბალახი წამოვიღე... სადღეღამისო ბაღი იყო, ფაქტიურად არაფორმალური "პრიუტი". ერთი ბავშვი მომწონდა, დაგლეჯილ ტანსაცმელში, ბუთხუზა,კეთილი თვალებით. მოუქნელად მივეფერე, ვერ მეხერხება და, ისე მომეკრო, გული მომიკვდა. მამიკო მოკვდაო, დედას არ შეუძლია და აქ მომიყვანაო... მონოს ბარათებით თამაშობდა ბავშვი.... საკუთარ თავს პირობამივეცი, დავბრუნდებოდი და საჩუქრებს გავუკეთებდი ,მაგრამ ვერ შევძელი.... არ შევძელი...... ახლა უკვე აღარ იქნება ბაღის ასაკის, იქნებ აღარც ის ბაღია, არ ვიცი....... სადაა, როგორაა..... აჩიკო ერქვა.
ჟონჟოლის გამხმარი ყვავილი--წიფადან, დიადი აღმოჩენების სოფლიდან. მიყვარს ეს მოგონება..... ხის სახლი, შეშის ღუმელი, "ძევიჩნიკი" და მკითხაობა, მწვანე ეზო, ნეო, ულამაზესი ხედი დილით, აივნიდან,ახალგაღვიძებულზე, ერთ-ერთი კარგად გასახსენებელი ქეიფი და გემრიელი ღვინო...შვილების დაბადების და გარდაცვალების თარიღები, ფანქრით, ოთხკლასდამთავრებული ქალის მიერ კარადის კარზე დაწერილი...
გამხმარი ბურთულიანი ნაყოფი--მარი რომ მესტუმრა, და ნარინჯისფერი სამაჯური-- სიღნაღიდან----ისე, შემთხვევით შემოეკედლნენ თაროს.
ბროლი მაქვს კიდევ დავითგარეჯელი. ესეც,პრინციპში, შემთხვევითი სტუმარია.....
გადაჭრილი თოკი... წივწივამ მაჩუქა, ბირთვისული ნათლობის მოსაგონარია, პირველი დაშვებისა კლდიდან,ცურვა და ცოცვა რომ არ ვიცოდი და მაინც წავედი, უფრო სწორად წამიყვანეს და გამამხნევეს, ხელი შემაშველეს,ბევრი მეხუმრეს, ბევრიც მეკაიფეს, რო ვიმხდალე გამომთათხეს კიდეც... აქ გავეცანი როგორია ნამდვილი ლაშქრობა... კლდის ქვეშ ძილი, სიურპრიზული დაბდღე, წვიმა და ჩემი სიგარეტები და რომ მაინც უნდა დავანებო თავი, ჩუნგა-ჩანგა მდინარის პირას...
ფორთოხლის ჩაი და წითელი ბანწიკი აბასთუმნიდან-- არადა არ მომეწონა ჩაი, მაგრამ რამე მინდოდა წამომეღო და... წითელი ბანწიკი, მოვაჭერი რასაც ება, გადავაგდე და ბანწიკი შევინახე, სიმბოლისტკას სიმბოლისტკური ქცევა... : )))) მზე იყო იქ ძალიან ძალიან თბილი, ისეთი შემოდგომის, მე რომ მიყვარს. დაკიდევ ბევრი სიმყუდროვე იყო. უი ხო, მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ იყო იქ, მაგრამ მოვიგერიე :მო:
საყვარელი მიაუ სტიკერი მაჩუქა სვითიმ და შევინახე,დამენანა მიკვრა. იყოს, ბლოგერობისდა აღსანიშნავად. სვითიმ პირველმა იპოვა ჩემი ბლოღი...
ცაცხვის ჩაი უფრო სწორედ, ნარჩენი... აფჩხი რომ მჭირდა, მომინახულეს, მომიტანეს და ბოლომდე არ დავლიე
კიდევ უცნაურად მოხატული და მოსამკუთხო-ტეტრაედრული ფორმის ქვები მაქვს ვერე-რეჩკული ბოდიალიდან..... ომგ, რა საშინელი ბოდიალი იყო, უმიზნო და უშინაარსო... ფეხები ორი დღე მტკიოდა, კედებით ვიყავი და.... გზაში მე და ტარზანკამ გადავაპრიკოლეთ იქაურობაზე და იქაურებზე თორემ რა მეშველებოდა მარტო რომ წავსულიყავი....
კარსანის წუბდისპანსერიდან წამოვაპროწიალე რაღაც წიწვიანის ნაყოფი.... ახლა უკვე გახმა და მილიონ ნაწილად გაიფარჩხა, თავის დროზე ლამაზი ბურთი იყო, მაგრამ მე ასეთი საწყალიც მიყვარს......
მუხის გამხმარი ფოთლები არ მახსოვს საიდან წამოვიღე...... : ((((( არადა აშკარად ახალი მოტანილია...... სად ვიყავი ნეტავ....
კონუსივით დახვეული ნიჟარები კვერცხთა ომიდან და მსოფლიო წარღვნის დღიდან ,მასეთი გემრიელი წვიმა თჲ მენახოს სადმე, მე ვიყო შპროტის ბანკა.
ჩვეულებრივი დახვეული ნიჟარები ბაზალეთის ტბაზე რომ ვიყავით რამდენიმე კაცი, შებოლილი ძეხვივით რომ ჩამოვედი და ორი კვირა კურტკას ვანიავებდი და ვერ ვანიავებდი.
წითელი ვარდი, გამხმარი, ცაბამ დამიტოვა და გადასაგდებად დამენანა, იდგა,იდგა, გახმა და დავდე ჩემს ნივთებთან ერთად.
რაჭველი ქვა შაორიდან და ზნაკვიდან,გადატეხილი ქვაა ჩაქვავებული სხვა ქვაში და მე მელამაზა... ლამაზი იყო ჭრაჭა, სველი, წვიმიანი და გემრიელი...
კიდევ რამდენი მოგონებაა უსიმბოლოებოდ...... და მავიწყდებიან.....

1 comment:

Sweet said...

ძალიან მომწონხარ ე.. :(